“რა წარმოდგენაც არსებობს ჩემზე სინამდვილეში, იმის ასი პროცენტით საპირისპირო ვარ”

370

„ფემინისტის პირისპირ“ ირინა ტორონჯაძის ახალი გადაცემაა, რომლის ხილვაც ასევე ახალ პლატფორმაზე „სფერო TV-ზე“ შეგიძლიათ.

ირინა ტორონჯაძე: ფორმატი „ფემინისტის პირისპირ“ ყველაზე კომფორტულია ჩემთვის. ერთი ერთზე მიზის სტუმარი და გარდა იმისა, რომ გადაცემის წამყვანი ვარ, უშუალო ოპონირებას ვუწევ მას. ეს არის ინტერვიუ-დებატები, სადაც საშუალება მეძლევა, სტუმართან ერთად, სრულფასოვნად გამოვხატო ჩემი თავი და ჩემი აზრები. ეს სტუმრისთვისაც გამოწვევაა, რადგან ჩემთან რომ მოდის, იცის, რომ დებატებში უნდა შემოვიდეს. სტუმრად ვარჩევთ უფრო მეტად კონსერვატორებს და არა ლიბერალებს. მათ, ვინც ფემინიზმის წინააღმდეგ არის, რომ ჩვენ შორის არსებულ კონტრასტში რეალობა უფრო კარგად გამოჩნდეს.

– პირველ გადაცემაში ძალიან დიდი დოზით იყო საუბარი სექსზე და შესაბამისი ტერმინოლოგიაც აქტიურად ისმოდა, რაც ამ დოზითა და ასე დეტალურად, სხვა გადაცემებიდან არ მახსენდება. ასეთ საუბრებს რთულად ეგუება მაყურებელი. როგორი გამოხმაურება მოჰყვა ამჯერად?

– „სფერო TV“ პლატფორმა ძალიან ახალია. ჩვენს გვერდს ჯერ მხოლოდ 12 ათასი გამომწერი ჰყავს, ფაქტობრივად, ფეხს იდგამს. ეს გადაცემა ეთერში რომ სამი თვის შემდეგ გასულიყო, მაშინ, როცა უკვე გახურებული იქნებოდა ჩვენი პლატფორმა, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ლანძღვა წამოვიდოდა. რადგან ეს დასაწყისია, ძირითადად, ისინი აკომენტარებენ, ვინც გვგულშემატკივრობს და ამიტომ, კრიტიკის ტალღა დიდად არ ყოფილა. როდესაც მაყურებელთა რიცხვი გაიზრდება, ასეთ დახუნძლულ სექსუალურ ტერმინოლოგიას კი არა, მერე ერთი ასეთი სიტყვაც რომ წამოგცდეს, იმასაც კი დიდი ამბავი მოჰყვება.

– მზად ხარ ამ ყველაფრისთვის?

– მე ყველაფრისთვის მზად ვარ, თუმცა, ამ შემთხვევაში სტუმარი ცოტა შეიშმუშნა. მისივე ნათქვამი რომ ამოკრებილი სახით დაიდო, მაინც ყურში მხვდებაო, თქვა. რეალურად ჩვენ არაფერი მოგვიგონია. რაც თქვა, იმაზე გაკეთდა ანონსი, თუმცა შეიძლებოდა, უფრო ნეიტრალური ანონსის გაკეთებაც. ჩემი პოზიცია ასეთია: მთავარია, რისთვის აკეთებ ამას. კლიტორი იქნება, პენისი, ასო თუ სხვა ტერმინი, რაც იქ იყო ნახსენები, უცენზურო არ არის. იქ ნახსენები იყო მხოლოდ ერთი უცენზურო სიტყვა და ესეც იმიტომ, რომ სხვანაირად არ გამოდიოდა. საზოგადოება ადრე თუ გვიან უნდა მიეჩვიოს, რომ გენიტალიების ხსენება არ ნიშნავს უცენზურობას და ეს არ არის სამარცხვინო. მე მესმის, რომ ეს ჯერ მაინც ყურს ხვდება, მაგრამ არც პენისი, არც კლიტორი, არც ვაგინა და არც სექსი უცენზურო სიტყვა არ არის. ამ სიტყვებს რომ სტიგმა ჩამოშორდეს, ყოველდღიურად არა, მაგრამ რაღაც პერიოდულობით, საჭიროა ასეთი წერტილოვანი დარტყმების განხორციელება.

– ეს გადაცემა რომ უკვე მრავალრიცხოვან მაყურებლიან პლატფორმაზე გასულიყო, აუცილებლად შევხვდებოდით მსგავსი შინაარსის კომენტარებს: „ამას როგორ კადრულობს“, „როგორ არ ეუხერხულება ამაზე ასე საუბარი“ ან „ქმარი როგორ აძლევს ამის უფლებას“ და ასე შემდეგ. არის თუ არა ეს უხერხულობის მიზეზი და მართლა როგორ აღიქვამენ ამას ოჯახის წევრები, რადგან მაინც დელიკატური მომენტია?

– ლევანმა რომ პირველად მოისმინა გადაცემის ანონსი, მითხრა: დედა, ეს რა არისო. ყველა სიტყვა ყურში მოხვდა, იმიტომ, რომ ნამდვილად ყურში მოსახვედრი იყო. მეც გამეცინა ასეთ ანონსზე. ანონსს მე არ ვაწყობ, მითითებების მიცემა შემიძლია, მაგრამ ყველაფერში ვერ ვერევი. რაღაცები ჩავასწორებინე, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი ყურისმომჭრელი მონაკვეთი იყო და როგორც ვთქვი, ჩემი პირველი რეაქცია სიცილი იყო. ძალიან პორნოგრაფია ანონსია-მეთქი, ვთქვი. ლევანმაც მითხრა, იქნებ ცოტა სხვანაირად ჯობდეს, ძალიან ზედმეტი არ იყოსო.

თუმცა, სინამდვილეში მე იმდენად არ განვიცდი უხერხულობას მსგავსი რამის გამო, რომ მერე ჩემი ოჯახის წევრები, ქმარი თუ მშობლები, ირეკლავდნენ ჩემს ამ პოზიციას. მე რომ ცოტა შინაგანი ჭმუნვები მქონდეს, ალბათ, ისინიც კიდევ უფრო დაისტრესებიან. მე მესმის, როგორ აღიქვამს ამას საზოგადოება, მაგრამ მეორე მხრივ, ეს სულაც არ მგონია საუხერხულო. ჩემთვის უხერხულია მოპარვა, ქრთამის აღება, ღალატი და ასე შემდეგ.

– შემოდგომის დასაწყისში მეუღლეს დაბადების დღე ჰქონდა და სოციალურ ქსელში ძალიან საყვარელი პოსტი მიუძღვენი. დარწმუნებული ვარ, შენგან ბევრს უკვირს ისეთი სიტყვები და პოსტები მეუღლის მიმართ. მგონია, რომ ხალხს ცოტა მკაცრ და ცივ ქალად წარმოუდგენიხარ.

– მე სახლში რადიკალურად განსხვავებული ვარ როგორც პიროვნულად, ისე ენერგეტიკულად, ტერმინოლოგიითა და გამოხატვის ფორმებით. რასაც ეკრანზე ხედავთ, ის არის ჩემი ალტერ ეგო. ისიც ნამდვილად მე ვარ, მაგრამ დღის განმავლობაში მე და ჩემი ქმარი იმდენჯერ გამოვხატავთ ერთმანეთის მიმართ სითბოს, რომ ჩემთვის ეს ძალიან ბუნებრივია. იმ პოსტში სპეციალურად არაფერი დამიწერია, ეს ჩემი ყოველდღიური ლექსიკის ნაწილია ჩემს ქმართან მიმართებით. მე ჩემს ქმარს ლევანს არც ვეძახი, ბარტყუცას ვეძახი. ჩემს დისშვილებს ეცინებათ ხოლმე და მეკითხებიან, ბარტყუცა რატომ არის ლევანიო?! (იცინის).

– საიდან მოდის ეს სახელი?

– ბარტყუცაა, პატარაა ჩემთვის, საზრუნავია, ადამიანია, რომელზეც უნდა იზრუნო. მე ისიც ბარტყუცას მეძახის და ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი მომენტია. რაღაც მომენტში ვეღარ ვაფიქსირებ, რომ ეს გარედან სხვანაირად შეიძლება აღიქმებოდეს, რადგან განსხვავებული საჯარო იმიჯი მაქვს. საჯარო ირინა ტორონჯაძე ნამდვილად ჩემი ალტერ ეგოა და მასში არაბუნებრივი ერთი პროცენტიც კი არ არის, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მასთან მიახლოებული კი არა, მისგან რადიკალურად განსხვავებული ვარ, თუნდაც, სიმშვიდის ხარისხით. სინამდვილეში ძალიან მიყვარს სიმშვიდეში ყოფნა. შემიძლია, მთელი დღე ისე გავატარო, რომ ხმა არ ამოვიღო და სახლში ვიჯუჯაო. ეკრანზე ძალიან განვსხვავდები, თუმცა ის ირინაც ჩემშია. იმას თავისი სივრცე აქვს, ის მაშინ იწყებს არსებობას, როცა მისი დრო დგება. პიროვნული გაორება ნამდვილად არ მაქვს, ვიცი იმ მეორის არსებობის შესახებ. რომ მავიწყდებოდეს, რომ ისიც მე ვარ და ჩემში ისიც არსებობს, მაშინ ცუდად იქნებოდა საქმე (იცინის). ლევანს ჩაწერაზე რომ მივყავარ, მაშინვე მეორე მეს ტალღაზე გადავდივარ და იტყვის ხოლმე: „აჰა, ჩაერთო ის“. უკვე სიტყვა-პასუხი მეცვლება, ჩაწერის წინ კატეგორიული ვხვდები და მეტყვის ხოლმე, როდის დამთავრდება ეს ჩაწერა, რომ ისევ შენ გახდეო (იცინის).

– თუნდაც ამ მეტსახელიდან გამომდინარე, ჩანს, რომ რეალურად რომანტიკული ადამიანი ხარ. როგორ გამოხატავ ამას და თუნდაც ამ დაბადების დღეზე რა გაუკეთე მეუღლეს რომანტიკული?

– გეტყვით, რაში გამოიხატება ჩემი რომანტიკულობა: ლევანს ძალიან უყვარს ტრადიციული მომენტები, სტუმრებისა და მეგობრების სახლში მიღება. უყვარს, როცა ამ დროს მე ვამზადებ სუფრას, ანუ ვემსახურები და მე ამას ვაკეთებ. ჩემთვის ეს არის მზრუნველობა. ვაკეთებ ისე, როგორც დედა გაუკეთებდა. ამ დროს, თითქოს, დედის როლს ვირგებ. მსიამოვნებს მისთვის სუფრის გაწყობა, მისთვის სიამოვნების მინიჭება. საჩუქარს რაც შეეხება, მისი სურვილის მიხედვით ვარჩევ, მაგრამ საჩუქარი არ არის რომანტიკულობის მთავარი გამომხატველი. ყველაზე დიდი დრო და ენერგია დროში განგრძობად გამოხატულებებს სჭირდება. ჩემთვის რომანტიკულობა ნიშნავს, როცა სითბოს სისტემატურად გამოხატავ, სისტემატურად ზრუნავ მასზე, ფილმს უყურებთ ერთად, ჯუჯაობთ, ჩახუტებულები ხართ, ერთად ატარებთ ხარისხიან დროს. ჩემთვის რომანტიკა მაინცდამაინც სექსი კი არა, ჩახუტება, მოფერება და სითბოს გადაცემა არის. ერთჯერადად ყვავილების ჩუქებაც სასიამოვნოა, მაგრამ ეს არის ხუთწუთიანი სიამოვნება და რომანტიკას რაც შეეხება, ეს ჩემთვის ცხოვრების წესია. მე მუდმივი ყურადღება რომანტიკულობის გამო კი არა, ისე მჭირდება, როგორც პური და წყალი. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, მე ვარ ქალი, რომელსაც ძალიან დიდი დოზით სჭირდება საყვარელი კაცის ყურადღება. ალბათ, რა წარმოდგენაც არსებობს ჩემზე, სინამდვილეში იმის ასი პროცენტით საპირისპირო ვარ. კი, ქალი უნდა იყოს დამოუკიდებელი, ფეხზე მყარად მდგომი და ასე შემდეგ, მაგრამ ამასთან ერთად, მე ძალიან დიდი დოზით მჭირდება ყურადღება ჩემი ქმრისგან. მე თუ არ ვიქნები ყურადღების ცენტრში, ლევანმა ორ-სამ საათს თუ გადააბიჯა და რაღაც საქმეზე გადართულმა ჩემ მიმართ ყურადღება არ გამოიჩინა, უკვე ბავშვივით ვიწყებ ჭირვეულობას. გამიმართლა იმაში, რომ ლევანიც ასეთია. თავადაც შეუძლია სითბოს გამოხატვა და არც თვითონ უყვარს ყურადღების ნაკლებობა. დღე ისე რომ გავიდეს, ათჯერ მაინც არ მივიდე, ჩავეხუტო და არ ვუთხრა, მიყვარხარ-მეთქი, მისაყვედურებს.

– და ბოლოს, ჯუჯაობა რას ნიშნავს? როგორც ვხვდები, ესეც თქვენი სიყვარულის გამომხატველი ტერმინია.

– ეს ტერმინი ჩემი დისშვილისგან წამოვიდა. ის ჩახუტებას ეძახდა ასე. იმდენად მოგვეწონა ეს სიტყვა, ისე გულით თქვა ჩემმა დისშვილმა, რომ ბოლომდე შევიგრძენით და მივითვისეთ (იცინის).