“შეუვალი იმიჯი მაქვს და მამაკაცებისგან უფრო პატივისცემას ვიმსახურებ, ვიდრე ინტერესს”

217

იშვიათად მინახავს მხიარული ბუნების, კომუნიკაბელური, „შემდგარი“ ხასიათისა და ძლიერი აღნაგობის ადამიანი, რომელსაც ყველა ეს თვისება ერთნაირად წინა პლანზე აქვს წამოწეული. სწორედ ასეთია 37 წლის ბოდიბილდერი თეონა დადეშქელიანი. მასში სილამაზე, სინაზე, სიძლიერე და თავადური გენეტიკის თვისებები ერთიანად არის თავმოყრილი და ეს სინთეზი ერთი შეხედვითაც თვალშისაცემია.

თეონა დადეშქელიანი: ცოტა მეტიჩარა ბავშვი ვიყავი. მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. კარგი მოსწავლე ვიყავი, თუმცა სკოლის შეცვლა მომიწია და პრანჭიაობა და მეტიჩრობა ცოტა ჩაკვდა ჩემში, ხასიათი შემეცვალა. ვიყავი მშვიდი. მყუდროდ, ჩემთვის ყოფნა მინდოდა – ასეთი გარდატეხა მოხდა. ალბათ, სკოლის გამოცვლამ განაპირობა ეს, რადგან ძველ სკოლაში ჩემი ნიშა მქონდა დაკავებული, მორგებული ვიყავი სიტუაციას და ახალ სკოლაში ვერც სიტუაციას მოვერგე და ვერც ჩემი ადგილი მოვიპოვე. 12 წლის შემდეგ ჩემს თავში გამოვიმუშავე ახალი თვისებები და ჩემი ზედმეტი ამპარტავნება უკანა პლანზე გადავწიე, გავთიშე და დღესაც აღარ მაქვს ისეთი ხასიათი. თუმცა, ზოდიაქოთი ლომი ვარ, პირველობისკენ სწრაფვა სულ მქონდა და ამ ბოლო დროს, გამომივლინდა კიდეც.

– რა გინდოდა გამოსულიყავი, რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?

– სათავგადასავლო, დეტექტიურ წიგნებს ვკითხულობდი და იურისტობა და გამომძებლობა მინდოდა. თუმცა მერე გადავწყვიტე, საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩაბარება, მაგრამ ამ პროფესიით ამ სფეროში არ მიმუშავია და მერე მივხვდი, რომ ეს პროფესია არ ყოფილა ჩემი. სულ ძიებაში ვიყავი და ახლა, ამ ბოლო პერიოდში, 37 წლის ასაკში ვიპოვე ჩემი ადგილი და სადაც ვარ, ვარ კომფორტულად. მანამდე დინებას მივყვებოდი, სადაც მოვხვდებოდი, ყველაფერს კარგად ვაკეთებდი, თუმცა ვხვდებოდი, არ იყო ჩემი.

– საკმაოდ წარმატებული ბოდიბილდერი ხარ. ამ სფეროში როგორ მოხვდი?

– ძალიან არასპორტული ბავშვი ვიყავი – მეცადინე, მჯდომარე, სუსტი… და ოცდაშვიდ წლამდე პატარა წონის – 43 კილო. მოკლედ, ფიზიკურად ძლიერი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ, სიგამხდრის კომპლექსი მქონდა. მერე დამეწყო ხერხემლის ტკივილი, მქონდა მოხრილობა, შეწუხებული ვიყავი ჩემი სხეულის მდგომარეობით. ხასიათი ძლიერი მაქვს და ეს ჩემი უსუსური აღნაგობა, ანუ სულიერი და ფიზიკური მონაცემი ერთმანეთს არ შეესაბამებოდა. ხერხემლის პრობლემების გამო მივედი სარეაბილიტაციო ცენტრში, შემდეგ – სპორტდარბაზში და დავიწყე ვარჯიში წონის მატებისთვის. მინდოდა, კუნთოვანი მასა მქონოდა და ვყოფილიყავი გემრიელი, ხორციანი გოგო. მერე სპორტდარბაზის ადმინისტრაციაში ამიყვანეს და გავხდი დარბაზის მენეჯერი. იქ მითხრეს ბოდიბილდერებმა, ისეთი სხეული გაქვს, სიმშრალეს ადვილად დაიჭერ, კუნთი ადვილად მოგყვება და მოდი, სცადეო. ვცადე და თავი ვეღარ დავანებე (იცინის).

– რამდენი ხანია, რაც ვარჯიშობ და რა მიღწევები გაქვს?

– ვარჯიში ერთი წლის წინ დავიწყე და დაწყებიდან ორ თვეში დავდექი სცენაზე. ამის მერე კიდევ ბევრჯერ დავდექი სცენაზე და ახლახან მსოფლიო ჩემპიონატზეც გახლდით. პირველად 2022 წლის ოქტომბერში თბილისის ჩემპიონატზე ბიკინის კატეგორიაში გამოვედი, მეორე ადგილი ავიღე და ვერცხლის მედალი დავიმსახურე. უბრალოდ, სცენაზე არაკომფორტულად ვიყავი, სასწაული შიში მქონდა. სცენაზე სულ ასეთი გრძნობით გავდიოდი, რაც ახლახან მსოფლიო ჩემპიონატზე მომეხსნა (იცინის). პირველი გამოსვლის შემდეგ დავიწყე საქართველოს ჩემპიონობისთვის მზადება. თუმცა, პრობლემების გამო საქართველოს ჩემპიონატს აკრედიტაცია გაუუქმდა და ერევანში, პირდაპირ საერთაშორისო კონკურსზე წასვლა მომიწია. იქ მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი ავიღე. მერე, ახალი ფედერაცია შეიქმნა და მითხრეს, აუცილებლად გვჭირდება მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა, რომ დაგვინახონ ჩვენც ვარსებობთო და სპონტანურად შევკარით რვაკაციანი გუნდი და ნაკრები ესპანეთში, ჩემპიონატზე გავემგზავრეთ. იქ ჩასულებს სასწაული კონკურენცია დაგვხვდა, თუმცა, საპრიზო ადგილები მაინც ავიღეთ. ორ კატეგორიაში მივიღე მონაწილეობა და ორივე კატეგორიაში ნახევარფინალში გავედი.

– რა ხდება პირად ცხოვრებაში?

– არც განათხოვარი ვარ და არც გათხოვილი (იცინის). ზოგადად, მამაკაცებს ჩემნაირი ძლიერი ტიპაჟის ქალები თრგუნავთ და ერიდებიან. თუ ქალი ბუნებით ძლიერი ხარ, ამას ფიზიკურ სიძლიერესაც ამატებ და ვიზუალურადაც ძლიერად გამოიყურები, მამაკაცები ორმაგად ფრთხებიან. უფრო სწორად, ასეთი ქალის გვერდით თავს მამაკაცად და სრულფასოვნად ვერ გრძნობენ.

– არაჩვეულებრივი გოგო ხარ და მაგას ვერ დამაჯერებ, რომ თაყვანისმცემელი მამაკაცები არ გყავს.

– ამ ეტაპზე დიდად თავს არავინ იკლავს (იცინის). შეუვალი იმიჯი მაქვს და მამაკაცებისგან უფრო პატივისცემას ვიმსახურებ, ვიდრე ინტერესს. რაღაც პერიოდი, როცა სოციალურ ქსელში ფოტოებს ვდებდი, უფროსი ასაკის ადამიანებს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ და მწერდნენ: „რით ცდები, შვილი გააჩინე, რა დროს ეგ არის… თავს რატომ იმახინჯებ… მამაკაცები მწერენ: ეს ლამაზი გგონია? კაცს ჰგავხარ…“ ვისაც ესმის, რამხელა შრომა მაქვს ჩადებული ამ ყველაფერში, ის მიფასებს და მწერს: „ყოჩაღ!“ მართლა არ არის მარტივი მისაღწევი ის, რასაც მე მივაღწიე. როცა ბოდიბილდერობას ირჩევ, უდიდესი დისციპლინა და სასწაული ნებისყოფაა საჭირო, ძალიან ბევრ ნიუანსზე უნდა თქვა უარი ცხოვრებაში. უცხოელი სპორტსმენები, ჩვენგან განსხვავებით ფუფუნებაში არიან, რადგან არ უწევთ მუშაობა, უამრავი ადამიანი ეხმარება, რომ მან შედეგი დადოს. ექიმი, ტრენერი, ათასი ადამიანია განაწილებული მის ირგვლივ, რომ ის შედეგი დადოს, რასაც ხშირად დებენ. მე კი დილით უნდა მივიდე დარბაზში, პერსონალურები ვავარჯიშო და ჩემთვის მხოლოდ ერთი საათი გამოვყო სავარჯიშოდ, კვების რეჟიმი დავიცვა… თუმცა, იმდენად ძლიერ ადამიანად ჩამომაყალიბა ვარჯიშმა, რა უნდა მოხდეს ცხოვრებაში, რასაც მე ვერ გადავლახავ და რაც „შემარყევს“. ძალიან ძლიერი ვარ და ეს მსიამოვნებს. სხვათა შორის, „რუსთავი 2-ზე“ მომიწია ერთ-ერთ შოუში გამოსვლა სასცენო ფორმით და საკმაოდ უარყოფითი, ნეგატიური კომენტარები წამოვიდა: დადეშქელიანის ქალს ეს ეკადრებოდა? რა გვარს აფუჭებსო? (იცინის). ერთმა ისიც კი დამიწერა: დადეშქელიანის გვარისას თეონა რატომ უნდა ერქვას, თამარი ან ქეთევანი ვერ დაარქვესო? (იცინის).