როდის ხდება ნუნუ გაბუნია ძალიან მკაცრი ბებია და რით აოცებს ის შვილიშვილს

404

მომღერალი ნინუცა ბედიაშვილი ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორის, ნუნუ გაბუნიას შვილიშვილი გახლავთ და ალბათ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ნინუცამ საკუთარი ცხოვრების გზად სიმღერა აირჩია.

ნინუცა ბედიაშვილი: ისეთ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე, სადაც მუსიკის განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ. ალბათ, ორი-სამი წლის ვიყავი, როცა ამის აღქმა დავიწყე და მალე იმასაც მივხვდი, რომ მუსიკა იქნებოდა ჩემი ცხოვრების მთავარი შემადგენელი ნაწილი. ჩვენს სახლში ყოველდღე არაჩვეულებრივი სიმღერები ჟღერდა და ისეთი სტუმრები მოდიოდნენ, რომ წარმოუდგენელი იყო ამ გარემოში გავზრდილიყავი და პროფესიად მუსიკა არ ამერჩია.

ძალიან პატარა ვიყავი, როცა სიმღერა და ფორტეპიანოზე დაკვრა დავიწყე. დავიწყე და აღარც გავჩერებულვარ, მთელი ცხოვრებაა ასე გრძელდება. თინეიჯერობის ასაკში ცოტა გადავუხვიე ამ გზიდან და ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე. თუმცა, არასდროს მიმუშავია, როგორც ჟურნალისტს, ისევ მუსიკას გავყევი.

– როგორ გახსენდებათ ის ბედნიერი ოჯახური საღამოები?

– საოცარ გარემო იყო და ყველაფერი ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება. ეს იყო საუკეთესო პერიოდი. უამრავი ცნობადი სახე მოდიოდა ჩვენთან სტუმრად. ბებია უკრავდა, ისინი მღეროდნენ და მე ამით აღტაცებული ვიყავი. ეს შეგრძნებები არასდროს დამავიწყდება. ეს ტრადიცია ჩვენს ოჯახში დღესაც გრძელდება. მუდმივად იკრიბებიან ცნობილი მომღერლები, კომპოზიტორები თუ მსახიობები, მაგრამ ის პერიოდი მაინც სულ სხვა იყო. ჩემი ბავშვობა ჯადოსნურად მახსენდება.

– როგორია ქალბატონი ნუნუ ბებიის ამპლუაში?

– არაჩვეულებრივი ბებიაა. საერთოდ, ბებია ყველასთვის საყვარელია, მაგრამ ჩემთვის კიდევ სხვაა. ასეთი თბილი, მოსიყვარულე და ყურადღებიანი ადამიანი იშვიათია. აბსოლუტურად ყველა სურვილს მისრულებს, ყველანაირად გვერდში მიდგას და ეს ასეა პატარაობიდან მოყოლებული დღემდე. მას ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. ყოველთვის მანებივრებდა. უკვე ჩემი ოჯახი მაქვს, ჩემი საქმე მაქვს და დიდი ვარ, დღემდე მანებივრებს ყველაფრით, თუკი რამით შეიძლება ადამიანის განებივრება.

– როცა მიხვდა, რომ შვილიშვილს სიმღერის ნიჭი ჰქონდა, ალბათ, ძალიან გაუხარდა.

– ძალიან უხაროდა და დღესაც უხარია, უბრალოდ, ჩემთან მიმართებაში გაცილებით მკაცრია, ვიდრე სხვა შემსრულებლებთან. მე მეტი პასუხისმგებლობა მაქვს, როცა მის სიმღერას ვასრულებ. ძალიან სწორად უნდა ვიმღერო, რომ მერე ეს სხვისთვისაც მაგალითი იყოს. ყოველთვის ყველაზე მეტად კრიტიკული ჩემ მიმართ არის. არ შეიძლება, რომ მე არასწორად ვიმღერო, ამიტომ ყოველთვის ყველაზე მეტად განვიცდი, როცა მის სიმღერას ვასრულებ. სულ იმაზე ვფიქრობ, რომ რამე არ შემეშალოს. ხომ შეიძლება, იფიქრო, რა მოხდა, თუ შეგეშალა, ბებიაა და გაპატიებს. ჩვენს შემთხვევაში სულ სხვანაირად არის, მართლა ძალიან კრიტიკულია. მოკლედ, როგორც ბებია, უსაყვარლესია, ყველაფერს შეგისრულებს, მაგრამ როცა საქმე მუსიკას ეხება, სხვაა, მომღერლის ამპლუაში ძალიან კრიტიკულად მიდგება და ბევრი რამის გამოსწორებისკენ მიმითითებს. მე მომწონს, რომ ჩემს მიმართ ლმობიერი არ არის და ძალიან ობიექტურად მაფასებს.

– ალბათ, რთულიც არის.

– ნამდვილად ძალიან რთულია. სულ მეუბნებიან ხოლმე, რა კარგია, ბებია კომპოზიტორია და ალბათ, როგორ გეხმარებაო. არადა, მართლა არ არის მარტივი, როცა ოჯახში ასეთი პროფესიონალი გყავს.

– არ გქონდათ მისი ჩრდილის ქვეშ დარჩენის შიში?

– სხვათა შორის, მსმენია, რომ როცა ადამიანი ამა თუ იმ პროფესიაში ცნობილი დედის ან მამის შვილია და თავადაც მშობლის ან თუნდაც ბებია-ბაბუის გზას ირჩევს, ამ შიშს განიცდის. მე – პირიქით, ყოველთვის ვამაყობ, რომ ნუნუ გაბუნიას შვილიშვილი ვარ და ამას ხმამაღლა ვამბობ. არასდროს მიფიქრია, რომ მისი ჩრდილის ქვეშ ვიქნებოდი ან რამეში ხელი შემეშლებოდა. გამიმართლა, რომ ასეთ ოჯახში გავჩნდი.

– საკმაოდ რთული ცხოვრება აქვს გავლილი. ახალგაზრდა დარჩა მეუღლის გარეშე, მარტო და ალბათ, ბევრი სირთულის წინაშე აღმოჩენილა. რას გასწავლით ხოლმე საკუთარი გამოცდილებიდან?

– პატარა ასაკიდან უმძიმესი ცხოვრება გამოიარა. ძალიან პატარას გარდაეცვალა მამა, ახალგაზრდამ დაკარგა მეუღლე და ბევრი რამ გადაიტანა, მაგრამ ეს მის ხასიათზე არ ასახულა. ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია. მართლა სულ მიკვირს, როგორ შეიძლება, ასეთი რთული ცხოვრება გამოიარო და მაინც ასეთი თბილი, მოსიყვარულე და კეთილი იყო. კიდევ კარგი, მე და ჩემს დას არ გვქონია ასეთი ცხოვრება, ამ კუთხით ვერ გავიზიარებთ მის გამოცდილებას, მაგრამ ყოფით საკითხებთან დაკავშირებით ყოველთვის კარგ რჩევებს გვაძლევს. მართლა სამაგალითო ადამიანია. ამიტომაც ვუყურებ ყოველთვის აღფრთოვანებით. მიუხედავად განვლილი სირთულეებისა, არასდროს უჩვენებია ჩვენთვის შინაგანი განცდები. ვიცით, რამდენი რამ შეიძლება, გულში ჰქონდეს, მაგრამ მის ტკივილს ჩვენზე ნეგატიურად არ უმოქმედია. პირიქით, დიდ სიყვარულში გავიზარდეთ.

– თქვენი ოჯახისა და სიყვარულის ამბავიც მოვყვეთ.

– 22 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. მეუღლე და ერთი შვილი მყავს, 11 წლის. ბედნიერი ვარ, რადგან მოსიყვარულე ოჯახი მაქვს. მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით. დიდხნიანი საუბრის შემდეგ შეხვედრა გადავწყვიტეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი საერთო ახლობელი გვყავდა. დაიწყო შეხვედრები, გრძნობა გაჩნდა და გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ გადავწყვიტეთ დაქორწინება. მეუღლე ყოფილი ფეხბურთელია, ახლა ფინანსთა სამინისტროში მუშაობს. სხვათა შორის, ძალიან კარგი სმენა აქვს და კარგი გემოვნებაც. არ მღერის, მაგრამ ძალიან კარგი მსმენელი და ჩემი ფანტასტიკური გულშემატკივარია. აბსოლუტურად ყველაფერში ხელს მიწყობს და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.