“ხალხნო, მომისმინეთ, 21-ე საუკუნეა, რატომ ატყდა პანიკა ჩემს სიგამხდრეზე?!…არავის აქვს უფლება, რომ წონაზე ან გარეგნობაზე მიგითითოს”
არაერთხელ გავმხდარვართ მოწმე, როგორ აბულინგებენ ცნობილ სახეებს როგორც ჭარბი წონის, ისე სიგამხდრის გამო. ამის მაგალითები სოციალურ ქსელში ხშირია. სხვადასხვა სტატიებისა თუ ვიდეოების კომენტარებში ხშირად შეხვდებით შეურაცხმყოფელ კომენტარებს, თუ იქ წარმოჩენილი ადამიანების კილოგრამები, ან სხეულის გარშემოწერილობა საზოგადოების “მოთხოვნებს” არ აკმაყოფილებს.
შესაძლოა, ადამიანები პირად ცხოვრებაზე, ტრაგედიებზე, ან თუნდაც პოლიტიკაზე საუბრობდნენ, თუმცა რატომღაც ხშირად შეფასების ობიექტი მათი სხეულის ფორმა ხდება.
რუსკა მაყაშვილი ერთ-ერთია ცნობილ ადამიანებს შორის, რომელსაც ყველაზე ხშირად წონაზე მიუთითებენ. მსახიობი და ტელეწამყვანი მთელი ცხოვრება გამხდარია და ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კმაყოფილია თავისი ფორმით და წონით, ასეთი მოსწონს საკუთარი თავი. თუმცა ისე გააღიზიანა ამ თემაზე “კეთილისმსურველების“ კომენტარებმა, რომ გადაწყვიტა მათთვის ეპასუხა და “ტიკტოკზე” შესაბამისი ვიდეო გამოაქვეყნა.
რუსკას “ტიკტოკზე” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არხი აქვს და 220 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.
“მართლა გულით დავიღალე, ერთადერთი კომენტარი რაც მაღიზიანებს, არის ის, რომ რუსკა, რა გამხდარი ხარ, არ ჭამ საჭმელს?
ხალხნო, მომისმინეთ, 21-ე საუკუნეა, არ შეიძლება ადამიანს მიუთითო ჭამოს ან არ ჭამოს. 37 წელია რაც გამხდარი ვარ, წელს რატომ ატყდა პანიკა ჩემს სიგამხდრეზე?!
თავს ვგრძნობ გადასარევად და ჯანსაღად. მომწონს ჩემი თავი და თქვენ თუ არ მოგწონთ ხალხნო, ეგ თქვენი პრობლემაა. ახლა ამ ვიდეოს იმიტომ ვწერ, რომ ნუ წაუღეთ ტვინი სხვა ადამიანებსაც. ძალიან, ძალიან დამღლელია…
ზოგს მეტი წონა აქვს და ზოგსაც ნაკლები, იმიტომ აქვთ, რომ მოსწონთ. ვისაც არ მოსწონს კი, იმან თვითონ მიხედოს თავის თავს. გაგვანებეთ ხალხნო თავი, ნორმალურები თუ ხართ?! დამაგლიჯეთ ნერვები”, – ამბობს რუსკა ვიდეო მიმართვაში.
რუსკა მაყაშვილი:
– ზოგადად, გამაღიზიანებელი მარტო ის არ არის, რომ გამხდრებს ან ჭარბწონიანებს წონაზე მიუთითებენ, ზოგადად ცუდი ტონია, ადამიანს წონაზე ელაპარაკო, გინდა კარგი კუთხით, გინდა – ცუდი. ჩემს შემთხვევაში ძირითადად იწერებიან, ავად ხარ, რამე გტკივა, ბულიმია გაქვს?! – იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ძალიან არასწორი საქციელია. ვიღაცას, ვისაც ჭარბი წონა აქვს, შესაძლოა მოსწონდეს საკუთარი თავი ასეთი და თუ არ მოსწონს, ებრძვის ამ წონას. შენი ნათქვამით ხომ უფრო სტკენ გულს?!
37 წელია რაც გამხდარი ვარ და ახლა რატომ გაახსენდათ ჩემი სიგამხდრე?! მომწონს ჩემი თავი ასეთი. საერთოდ, ზოგადად უნდა შეწყდეს წონაზე საუბარი, როგორც კარგი, ისე ცუდი კუთხით. არ შეიძლება ადამიანს მიუთითო, რომ უნდა გახდე, ან გასუქდე, ამაზე მაქვს საუბარი.
ბევრი ადამიანი ვიცი მსგავსი პრობლემით. მათ შორის, ჩემი ერთი მეგობარია, რომელიც ბავშვობიდან სიგამხდრის გამო ისე დააკომპლექსეს რომ დღემდე კომპლექსი აქვს. ექიმებსაც მიმართა რომ გასუქებულიყო. იმდენი ქნეს, რომ არ მოსწონს საკუთარი თავი, არადა უმშვენიერესია. უნდა მივიღოთ ჩვენი თავები ისეთები, როგორებიც ვართ და თუ რაიმე არ მოგვწონს, თავად ვებრძოლოთ ამას. არავის აქვს უფლება, რომ წონაზე ან გარეგნობაზე მიგითითოს.
– რუსკა, თქვენ თუ მიგიმართავთ მსგავსი მიზეზით ექიმისთვის?
– არასოდეს მიმიმართავს ამ მიზეზით ექიმისთვის. მთელი ცხოვრება გამხდარი ვარ, ბავშვობიდან. ოჯახშიც ყველა გამხდარია და მომწონს ასეთი ჩემი თავი. როგორც კი არ მომეწონება, მერე შეიძლება მივმართო. იქნებ სხვებსაც მოსწონთ თავისი წონა, თუნდაც ჭარბწონიანს. უნდა შეწყდეს ეს. თან ძირითადად ქალები წერენ მსგავს კომენტარებს და ეს უფრო ცუდია.
www.ambebi.ge