როგორ დაემსგავსა მზია გეწაძის ცხოვრება კონკიას ზღაპარს და რა ტკივილი მიაყენა მას პოპულარობამ

306

გასულმა წელმა მზია გეწაძის ცხოვრება ძალიან შეცვალა. უდიდესი პოპულარობა და საზოგადოების დიდი სიყვარული მოუტანა, თუმცა ამასთან ერთად, დიდი დოზით იყო ნეგატივიც, რამაც ქალბატონ მზიაზე ძალიან მძიმედ იმოქმედა.

მზია გეწაძე: 2023 წელს ძალიან შეიცვალა ჩემი ცხოვრება, კონკიას ზღაპარს დაემსგავსა. ეს „ბოშა ქალის“ დამსახურებით მოხდა. უბედნიერესი ქალი გავხდი, ყველამ გამიცნო. მერე სერიალ „ჩცდ-შიც“ მიმიწვიეს. არ მეგონა, თუ გამომივიდოდა მსახიობობა, მაგრამ გამომივიდა და ჩემში მეტ პოტენციალსაც ვგრძნობ. ვიმედოვნებ, რომ სხვა ფილმშიც მექნება რამე როლი (იცინის).

– ამ ყველაფერზე ოცნებობდით?

– რა თქმა უნდა, მქონდა ასეთი ოცნებები, თუმცა ამ ყველაფერს უფრო ახალგაზრდობის წლებში ველოდებოდი და მაშინ რომ არ მოხდა, ვეღარც კი ვიფიქრებდი, თუ ამ ასაკში ყველაფერი შეიცვლებოდა. ცხოვრება სიურპრიზებით ყოფილა სავსე. ვინმეს რომ ეთქვა, 53 წლის ასაკში ჩემს თავს ასეთი რამ მოხდებოდა, გამეცინებოდა. უკვე ჩაქნეული მქონდა ხელი. პანდემიის შემდეგ უმუშევარი დავრჩი, ასაკის გამო აღარავინ მიღებდა და ვიფიქრე, რომ ასე გაგრძელდებოდა. რა გეგმები უნდა დამესახა, უკვე პენსიაზე, სახლში დაჯდომასა და შვილიშვილებზე ზრუნვაზე ვფიქრობდი.

– კარგ ამბებს დიდი ნეგატივიც მოჰყვა…

– ეს საშინელება იყო. წინა წლებში ასე ჩახედული არ ვიყავი ინტერნეტსივრცეში და ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ქალებს ქალის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ექნებოდათ. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, სულ მამაკაცების წრეში ვიყავი. ჩემი კოლეგები და ძმაკაცები მამაკაცები იყვნენ, ქალებთან არ მქონდა კომუნიკაცია. სადაქალოს შეკრებებისთვისაც არ მეცალა და ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ქალები ასეთი ღვარძლიანები და უტაქტოები იქნებოდნენ. ზოგში ბოროტება დავინახე, ზოგში – შური, ზოგს, უბრალოდ, ენა ეფხანება, ზოგს უხარია, რომ გამწარებს. ვერაფრით ვხვდები რატომ? და მერე ასეთი ქალები ვიღაცას უყვარს, მათ ოჯახები აქვთ, შვილები ჰყავთ, შვილიშვილები. ამ დროს დგანან და მე მლანძღავენ.

ვერც ის გავიგე, მე რა ვთქვი სალანძღავი?! გამოამზიურე პირველი ღამეო. მე რა სექსზე ვილაპარაკე? არა, მე ამაზე არ მისაუბრია. მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ ხდება ასეთი შემთხვევები – მამაკაცს ცოლად მიჰყვები, მაგრამ ვერაფერს ვერ გიშვება, არ აქვს კაცური მომენტი, უსტია. ასეთი რამ თუ ხდებოდა – წადი, სხვას მიეცი და მერე ვიყოთ ცოლ-ქმარი, მე ამას ვერც წარმოვიდგენდი, მაგრამ ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში. უცნაური შემთხვევა იყო. ასე იყო თუ ისე, მე სხვას არ შევხებივარ, ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს გამოცდილებაზე მოვყევი, ის ვთქვი, რაც მთელი ცხოვრება მაწუხებდა. წარმოიდგინეთ, ქალიშვილი გოგო ხარ, დაამთავრე უმაღლესი, ღამის გასათევად მოხვდი ოჯახში და ცოლად გიტოვებენ. შეხედავ, კარგი ბიჭია, კონსერვატორიას ამთავრებს, კარგად უკრავს, სახლ-კარი აქვს. თან, ეს ის დროა, როცა ასე ხდებოდა ქორწინება და აღარ გავძალიანდი. ყველაფერთან ერთად, უკან წამოსვლა ცუდ ტონად ითვლებოდა. ვერავის დააჯერებდი, რომ ბიჭთან ღამე გაათენე და ისევ ქალიშვილი ხარ. დავრჩი და ხუთი თვეც მოვიცადე, სანამ რამე მოხდებოდა. ვერ ვთქვი ამ პრობლემის შესახებ, შემრცხვა. ან ვის გინდა, უთხრა, ვინ დაგეხმარება? სირცხვილი იყო ასეთი რამის თქმა. ახლა რომ ვთქვი, ხომ ნახეთ, როგორი რეაქცია გამოიწვია და მაშინ რომ მეთქვა, რას ლაპარაკობთ, თქვენ წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა?! ხუთი თვე ვიცადე, ვიდრე ჩვენს შორის რაღაც მოხდებოდა. იმდენად მეშინოდა, რა მოხდა ისიც არ მახსოვს, მაგრამ მოხდა და დავფეხმძიმდი, შვილი გავაჩინე. ჩემი შვილი სამი წლის იყო, როცა ქმარს გავცილდი და ბოზი დამიძახეს. ბოზი დამიძახეს გოგოს, რომელიც ხუთი თვე ვუცდიდი ქმარს. ეს იყო ყველაზე დიდი შეურაცხყოფა ჩემთვის. მაშინ ასეთი სტიგმა იყო, ქმარს თუ გასცილდებოდი, ბოზი იყავი. არადა, დარჩენაც არ შეიძლებოდა. კაცი რომ შვილის წინაშე სახეში გაგარტყამს, იმასთან როგორღა გავჩერდებოდი? ასეთ კაცს ლოგინში როგორ დავუწვებოდი?! ის, რაც თავს გადამხდა, ძალიან მაწუხებდა. ამ დროს მე არავისთვის არაფერი დამიშავებია. პირიქით, ყველას შევუნახე ნამუსი, ვისაც შემეძლო. შვილი უმამოდ გავზარდე. ერთხელაც კი არ მოუკითხავს. ერთადერთი შვილი ჰყავს, გვარის გამგრძელებელი. ოცი ლარი დაუნიშნეს ალიმენტი და წლები არ ურიცხავდა. ცოცხალი იყო თუ მოკვდა, არ აინტერესებდა. რა ვიფიქრო, გარდა იმისა, რომ ადამიანი ნორმალური არ იყო. საჯაროდ ყველაფერს კიდევ ვერ ვამბობ, თორემ ყველასთვის ყველაფერი გასაგები იქნებოდა.

– თვითმკვლელობამდე ნუ მიმიყვანთო, ამასაც წერდით.

– ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე უცნობი ადამიანების ნეგატიურმა კომენტარებმა. უძლებ, უძლებ და მერე ხვდები, რომ აღარ შეგიძლია. თან, ისეთ სისულელეებს წერდნენ, რომ ვხვდებოდი, თავიდან ბოლომდე არც მომისმინეს და პატარა მონაკვეთების მიხედვით გამოიტანეს დასკვნები. სამარცხვინო ვინც გააკეთა, იმან აგოს პასუხი, მე ასეთი არაფერი გამიკეთებია. მე წლები ვიტანჯებოდი. ყველა მაკნინებდა იმის გამო, რომ ქმარი არ მყავდა. ისეთი მწვავე დეპრესია მქონდა, გარეთ ვერ გამოვდიოდი, „მარშუტკაში“ ვერ ვჯდებოდი.

– საერთო ჯამში, პოპულარობამ ნეგატივიც მოიტანა, მაგრამ სიყვარული და პატივისცემა უფრო დიდი დოზით.

– რა თქმა უნდა. ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანები ისეთ კარგ სიტყვებს მეუბნებიან, ისე დამლოცავენ ხოლმე… უფროსი თაობის წარმომადგენლები თუ ახალგაზრდები, საოცარ ყურადღებას და სითბოს იჩენენ. ახალგაზრდები, მაინც, ძალიან კარგი გვყავს. ბევრმა ქალბატონმა ბოდიშიც მომიხადა სოაციალურ ქსელში ზუსტად ამ ნეგატიური კომენტარებისთვის. ასეთი კომენტარების ავტორების პირად გვერდებზეც გადავდიოდი ხოლმე, ვწერდი, ვიდეოთვალითაც ვესაუბრებოდი, ვიცნობდი, ვუყვებოდი ჩემი მდგომარეობის შესახებ და მერე აზრს იცვლიდნენ. საქმე ისაა, რომ ყველაფერს ტელევიზიით ვერ იტყვი, იმიტომ რომ ისტორია მარტო მე არ მეხება. თუმცა, როცა სრული სიმართლე გაიგეს, ძალიან ბევრს აზრი შეეცვალა ჩემზე. ამიტომ როცა ადამიანს არ იცნობ, ნუ გალანძღავ, დასკვნებს ნაადრევად ნუ გამოიტან და შენი სიტყვებით სიცოცხლეს ნუ გაუმწარებ. ერთი-ორს ისიც მივწერე, თუ შეგიძლია, მოდი და ეგ სიტყვები პირში მითხარი-მეთქი (იცინის).

გათხოვებიდან მოყოლებული, რაც გამოვიარე, იმ ყველაფრის გადატანა ჩემთვის ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო. თან არავინ იცის, რა ელის ცხოვრებაში. ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოჯახი დამენგრეოდა. იმიტომ რომ ძაღლივით ერთგული ადამიანი ვარ, სიკეთეს არავისთვის ვიშურებ.

– ყველა ვერ გაბედავდა ამაზე ხმამაღლა საუბარს.

– თავიდან მეც ვერ გავბედე. წლებმა გამაკაჟა და მომიტანა ეს გამბედაობა. უკვე აღარ ვარ ბავშვი, გამობრძმედილი ქალი ვარ და ვამბობ იმას, რაც იყო და ამის აღარ მეშინია.

– თქვენი შვილი როგორ შეხვდა ამ ყველაფერს?

– ჩემი შვილი ძალიან კარგი და გაწონასწორებული ადამიანია. მან ეს ყველაფერი იცოდა. მასთან ყველაფერზე გახსნილად ვსაუბრობდი. თვითონ ხედავდა, რა და როგორ იყო. მე მხოლოდ ჩემი შვილის წინაშე ვიყავი პასუხისმგებელი. მიუხედავად იმისა, რომ პატარა იყო, ვეუბნებოდი: დედი, დაიმახსოვრე, ყოველი დღე, ყოველი საღამო, სად ვარ მე, რას ვაკეთებ, რა მომაქვს სახლში, რით ვარ დაკავებული. მას უნდა სცოდნოდა სიმართლე. მე რესტორანში ვმუშაობდი, 12-ზე ვამთავრებდი სამუშაოს და მაშინვე სახლში გამოვრბოდი, ერთი სული მქონდა, შვილს ჩავხუტებოდი. რაც არ უნდა მომხდარიყო, არსად მივდიოდი და ჩემს შვილს ვუმეორებდი: დედა, არავინ არაფერი მოგატყუოს, ხომ ხედავ, ყოველღამეს შენ გვერდით ვწევარ-მეთქი. წლები ასე ვცხოვრობდი. ქალაქში ვერ მნახავდით, არსად დავდიოდი, ბაზარში და მაღაზიაშიც კი. არავის დანახვა არ მინდოდა. მხოლოდ რესტორანში მივდიოდი საღამოს სამუშაოდ, რომ ფული ამეღო და შვილი გზაზე დამეყენებინა, დედის პასუხისმგებლობა შემესრულებინა. მისთვის მამაც მე ვიყავი. იმასაც კი ვეუბნებოდი, თუ მამის დაძახების სურვილი გაგიჩნდეს, მე დამიძახე-მეთქი. ჩემი შვილი არ არის აქტიური სოციალურ ქსელში. ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს, მეუღლეც ასეთი ჰყავს. მძახალი ტაძრებს აგებს, კეთილი და უბრალო ადამიანები არიან. მე ისეთი არაფერი მითქვამს, რაც მან არ იცოდა.

– ალბათ, წლების წინ ბევრი არასწორი რამ თქვეს თქვენზე და გინდოდათ, ერთხელ და სამუდამოდ სიმართლე გაეგოთ.

– ზუსტად ამიტომ დავჯექი და ვილაპარაკე. იმ ქალაქში ისხდნენ და ჩემზე ჭორაობდნენ, მლანძღავდნენ, სისაძაგლეებს მაბრალებდნენ და მინდოდა, ყველას სცოდნოდა სიმართლე. საშინელებაა, როცა რაღაცას გაბრალებენ და სიმართლეს ვერ ამტკიცებ.

– ახლა რით ხართ დაკავებული, გარდა სერიალისა და რესტორანში მუშაობისა?

– ამწუთას ერთ-ერთ რესტორანში ვმუშაობ. ქუთაისში რესტორნებში ხელფასი არ არის, მხოლოდ შეკვეთებზე ვმუშაობთ, რაც ძალიან ცუდია. ამიტომ ვცდილობ, ივენთები იქნება, დაბადების დღეები, გადაღებები თუ სხვა ღონისძიებები, დედაქალაქში ჩამოვიდე ხოლმე და აქტიური ვიყო. კონცერტებიცაა, მიწვევებიც და იმედი მაქვს, რომ ახალი წლიდან კიდევ დამემატება კარგი სიახლეები.