რით გააოცა გიორგი მეგრელიშვილმა ალ პაჩინო და სად შეხვდა ის ჯორჯ კლუნსა და ვუდი ჰარელსონს

232

გიორგი მეგრელიშვილი, იგივე მეგრელა, ახლა უკვე ამერიკაში ცდილობს თავის დამკვიდრებას. ის შტატებში ერთი წლის წინ წავიდა და ახლა, როგორც მსახიობი, იქ იმავე ნაბიჯებს დგამს, რაც საქართველოში წლების წინ გადადგა.

გიორგი მეგრელიშვილი: ამერიკაში ცხოვრებას ორი მხარე აქვს. უპირველესად, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. აქ ცხოვრებასა და ჩემი საქმის კეთებაზე ყოველთვის ვოცნებობდი. დროებით აქამდეც ვიყავი ჩამოსული, თუმცა, ახლა, საბუთებთან დაკავშირებით, ყველაფერი რიგზე მაქვს და გზა ხსნილია. მაგრამ ზუსტად აქ ჩანს მეორე მხარე, ყველაფრის მიუხედავად, ძალიან რთულია აქ ცხოვრება. პირველი ერთი წელი განსაკუთრებით მძიმეა, რადგან ბევრ სიახლესთან გიწევს შეგუება. თან, მე თავიდან ფილადელფიაში ვცხოვრობდი და ოთხი თვეა, რაც ლოს-ანჯელესში გადმოვედი. ყველაზე ბედნიერი იმის გამო ვარ, რომ ახალ წლებზე თბილისში ჩამოვედი. მანამდე ჩემები იყვნენ ჩამოსული ჩემთან, ამერიკაში, მაგრამ დილით თუ ღამით იმდენად დატვირთული გრაფიკით ვმუშაობდი, მხოლოდ შუადღეს მქონდა რამდენიმე საათი თავისუფალი და ჩემი ოჯახის წევრებს, ფაქტობრივად, ვერ ვხედავდი. საერთოდ, აქ ასეა. იმდენად რუტინულია ყოველდღიურობა, ოჯახი შეიძლება, ერთ სახლში ცხოვრობდეს, მაგრამ ერთმანეთს ვერ ხედავდნენ. ეს მომწონს კიდეც. არა ის, რომ ოჯახის წევრებს ვერ ეურთიერთები, ის რომ სწრაფი ტემპით ცხოვრობ. თან, ადამიანს რაღაც პერიოდით რომ შორდები, მერე შეხვედრა ბევრად სასიამოვნოა.

ახალ წელს ათი დღე გამოვნახე, აქედან სამი-ოთხი დღე გზაში ვიყავი და ერთი კვირა გავატარე ოჯახთან ერთად, რაც დიდი ბედნიერება იყო.

თუმცა, მე ძალიან ვაფასებ ჩემს პროფესიაში სიმარტოვეს. ვფიქრობ, რომ ხელოვანისთვის მარტოობა ძალიან საინტერესო პროცესია. მე მაგალითად, მჭირდება ეს კონცენტრაციისთვის. ოჯახის წევრები ძალიან მიყვარს და მათთან ყოფნას არაფერი შეედრება, მაგრამ ზოგჯერ მარტოობაც საჭიროა. მეორე მხრივ, თუ სხვა ქვეყანაში ხარ და არ გეგულება ადამიანი, რომელიც გვერდით დაგიდგება, რჩევას მოგცემს და შენიანი იქნება, ძალიან გაგიჭირდება. მე აქ მყავს ისეთი ადამიანები, ქართველები და უკვე აქაური ბიჭებიც გავიცანი, რომლებიც თავიანთი არსებობით მეხმარებიან, მაგრამ ასე თუ ისე ადამიანი მაინც მარტო ხარ.

ახლა აქ დილის ექვსი საათია და სამსახურში გავდივარ. შემდეგ გასაუბრებაზე მივდივარ, შესაძლოა, ახალი სამსახური ვიშოვო. შუადღისას ქასთინგზე მივდივარ. მერე – ისევ სამსახური. მთელი დღე ძალიან დატვირთული მაქვს და ეს არის ჩემი ჩვეული რუტინა. მიხარია, რომ კვირაში ორი-სამი დღე დარბაზში სიარულს ვახერხებ, რათა სხეულს მოვუარო. აქ მთელი ქალაქი დარბის, რაც ძალიან მომწონს, ზრუნავენ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

ყველა დილა ექვსის ნახევარზე იწყება. აქ ყველა ამ დროს იწყებს დღეს. დღის განმავლობაში იმხელა მანძილებზე გიწევს გადაადგილება და ამას იმდენი დრო მიაქვს, რომ დასაკარგი საათები არ გაქვს. ეს ცოტა სტრესულია, მაგრამ თუ გინდა, რამეს მიაღწია, შენც უნდა გაიღო ამისთვის რაღაც.

– ახლა სად მუშაობ?

– ფილადელფიაში ორი სამსახური მქონდა. ღამე დიდ ქარხანაში ვმუშაობდი, შუადღისას – რესტორანში. აქ უკვე მანქანაზე ვზივარ, რესტორანშიც ვმუშაობ. მე ზუსტად ვიცოდი, რომ როგორც შორიდან ჩანს, ისე მარტივი არ არის აქ ცხოვრება და ფულს ხეებზე არ კრეფენ. აქ ყოველი წამი სხვანაირია, მაქსიმალურად გამოსაყენებელი. უნდა მოერგო, თან, უნდა გაგიმართლოს. ვოცნებობ, რომ ამ ქვეყანაში ჩემი პროფესიით გამოვიმუშაო თანხა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცოტა რთულია, მაგრამ შეუძლებელი – არა. ახლახან პირველი ფოტოსესია მქონდა ძალიან კარგ ფოტოგრაფთან, მასთან მოხვედრა ძალიან რთული იყო, რადგან აქ ძალიან მაღალი სტანდარტებია ჩვენს სფეროში. ახლა შემიძლია, ჩემი პორტფოლიოთი მივიდე აგენტთან. საქართველოში გაკეთებულიც ახდენს გავლენას, მაგრამ აქ თუ გააკეთებ რამეს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ახლა აქ რა ეტაპებსაც გავდივარ, თბილისში, ჩემს პროფესიაში ლამის ბავშვობაში გადადგმულ ნაბიჯებს მახსენებს. შემდგარი მსახიობი ჩამოხვედი და ყველგან, სადაც გინდოდა, კარი გაგიღეს – აქ ასე არ ხდება. ადამიანებმა, რომლებიც ახლა შეიძლება, შენთვის საოცნებო ადგილას არიან, რთული გზა გაიარეს და ახლა შენ გინდა, ძალიან მარტივად და პირდაპირ იქ მოხვდე? ასე არ გამოდის, შენც იგივე გზა უნდა გაიარო. თან 18 წლისაც აღარ ვარ, თუმცა, შეიძლება უკეთესიცაა, რომ აქ 47 წლის ჩამოვედი. ყველაფერი კარგად არის – აქ ყველა ასე ამბობს და ასე ვიტყვი მეც. ადამიანები ძალიან შემართებით უყურებენ ცხოვრებას და საკუთარ შესაძლებლობებს.

– არ ყოფილა პერიოდი, როცა მორალურად ძალიან გიჭირდა?

– კი, ძალიან მიჭირდა, მორალურად მართლა ძალიან რთული პროცესია. ძალიან სენსიტიური და ემოციური გავხდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამშობლოს შემდეგ ამ ქვეყანამ ბევრი რამ მომცა და ყველაფერს ვაფასებ, არის მომენტები, როცა ძალიან მიმძიმს. თუმცა, როცა საქმეს აკეთებ და ეს საქმე გიფასდება, ეს კარგი კომპენსაციაა.

– შეხვედრა ალ პაჩინოსთან… ეს როგორ მოხდა?

– არა მხოლოდ ალ პაჩინოს, ჯორჯ კლუნსა და ვუდი ჰარელსონსაც შევხვდი. ერთ დღეს აგენტთან მქონდა ქასთინგი, ორი მონოლოგი უნდა წამეკითხა. ერთი – თეატრიდან, ერთი – კინოფილმიდან. ერთი მონაკვეთი „ვენეციელი ვაჭარიდან“ შევარჩიე, სადაც ალ პაჩინო თამაშობს ძალიან მაგრად. გამოვედი შეხვედრიდან, მანქანაში ჩავჯექი და გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ვხედავ, ალ პაჩინო მოდის. ოღონდ, არ ვიცი რა მოხდა, აქ ასეთი რანგის ხალხი მარტო არ დადის. გვერდით გავუარე, მანქანა გავაჩერე, თვითონაც გაჩერდა, თვალებში შევხედე. თურმე, გვერდზე ხალხია და ცდილობენ, მივიდნენ მასთან.

ისე ვუყურებდი, მაშინვე მიხვდა ჩემს მდგომარეობას და კარგი, გადმოდიო, მითხრა. ვუთხარი, მსახიობი ვარ, ფოტოს გადაღება მინდა-მეთქი. ისეთი ფილმი დავუსახელე, ყურსასმენი ეკეთა და მოიხსნა, მიხვდა, რომ მართლა მსახიობი ვიყავი. ვუთხარი, ალბათ, ოდესმე სეტზე შევხვდებით-მეთქი. როგორც დონს, მინდა, ხელზე გაკოცო-მეთქი და ამაზე სულ გაგიჟდა, ჩამეხუტა. ფოტო გადავიღე და მანქანას გავხედე, იქ გაჩერება შეიძლებოდა თუ არა, ზუსტად არ ვიცოდი. გამოვიხედე და აღარ იყო. ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავდა. არ ვიცი, რა მოხდა, ალბათ, უცებ დაცვამ ჩასვა მანქანაში და წაიყვანა. მერე ერთმა ადამიანმა მკითხა, ვინ იყოო და ამაზე საერთოდ შოკში ჩავვარდი, კინაღამ გავგიჟდი (იცინის).

ამერიკის პროდიუსერთა გილდიაში ვარ გაწევრიანებული და ფილმებზე მეპატიჟებიან ხოლმე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჯორჯ კლუნის ფილმზე დამპატიჟეს, რომელიც ახალგაზრდებზე გადაიღო და სხვათა შორის, ძალიან კარგი ფილმი იყო. მასაც შევხვდი, ერთად ფოტო გადავიღეთ. ჩვენება ძალიან ვიწრო წრეში გაიმართა და მადლობელი ვარ ამერიკის პროდიუსერთა გილდიის იმისთვის, რომ დამპატიჟეს.

რაც შეეხება ვუდი ჰარელსონს: მანქანა გავაჩერე, მაღაზიაში უნდა შევსულიყავი და ვხედავ. გვერდზე ვუდი ზის მანქანაში. გარშემო ხალხი ჩვეულებრივად დადის და გაოცებული ვფიქრობ, ნეტავ, ამ ხალხმა იცის ვის უყურებენ-მეთქი?! აქ ბევრმა ადამიანმა, თუ ამ სფეროში არ არის ან დაინტერესებული არ არის კინოსამყაროთი, შეიძლება, საერთოდ არ იცოდნენ ასეთი ვარსკვლავების შესახებ. აქ ადამიანებმა მხოლოდ თავისი საქმე იციან, ის, რაც მათ სჭირდებათ, კარგი გაგებით, სულ სხვა ქვეყანაა და შეიძლება, ვიღაცას „ჰოლივუდის“ ვარსკვლავი ედგეს გვერდით და ვერ იცნოს. იმდენად რუტინული სამსხურებრივი რეჟიმი აქვთ, რომ დროც აღარ რჩებათ, რამეს რომ უყურონ ან თუ უყურებენ, უყურებენ იმას, რაც კონკრეტულად მათ ინტერესშია. რა თქმა უნდა, მეტწილად იციან, მაგრამ ფაქტია, რომ უამრავია, ვინც ასეთ ვარსკვლავებს ვერ ცნობს. თორემ, ისიც გვინახავს, ვარსკვლავებს რამდენი ადამიანი ელოდება ამა თუ იმ ადგილას და დაცვა როგორ ცდილობს ხოლმე მათ საფრთხე არ შეექმნათ. ალბათ, სადაც არ ელიან, იქ უჭირთ ცნობა (იცინის). როგორც არ უნდა იყოს, როდესაც აქ ამ პროფესიით ცხოვრობ, სასწაულია და იმედი მაქვს, რომ მალე მეც შევძლებ, აქტიურად დავკავდე ჩემი პროფესიით.