“შვილს ვაუბედურებდი და შენ გადამარჩინეო აღიარებდა, მერე გიჟდებოდა ჩემზე მაგრამ სამი წელი არ შემირიგდა”
ერეკლე საღლიანის “უცნობი მხარე”👇
– ვინ არის ერეკლე საღლიანი?
ერეკლე საღლიანი: ერეკლე საღლიანი არის ადამიანი, ვინც ბოლომდე თვითონ ერეკლე საღლიანმაც ვერ შეიცნო. მისი სიცოცხლის ყველაზე დიდი გამართლება ისაა, რომ ის ცდილობს. ამ ცდასა და ბრძოლაში არის მთელი მისი არსი.
– გიკეთებიათ საქმე, რომელიც არ გიყვარდათ და შეიძლება, გძულდათ კიდეც?
– უამრავჯერ, მაგრამ ის, რისი კეთებაც არ მინდოდა და მაინც ვაკეთებდი, იყო უდიდესი გაკვეთილი ჩემთვის. ამ ბრძოლიდან ყოველთვის ვცდილობდი, საღი აზრები გამომეტანა. არ არსებობს უცოდველი ადამიანი, მაგრამ ვიწამე – ერთი ცოდვა კი არ არის უბედურება, უბედურებაა ამ ცოდვასთან შეგუება. უნდა ებრძოლო. ამის მერე შენ შეგიძლია, წარდგე მფარველი ძალის წინაშე, როგორც სულით მართალი. ბევრი იყო ასეთი შემთხვევა. წარმოიდგინეთ, მე მაინცდამაინც არ ვგიჟდებოდი მათემატიკურ საგნებზე, მაგრამ ხელი რომ მოვკიდე, მერე ვისწავლე. არ მქონდა დიდი სურვილი, მაგრამ შევძელი. მოხდა საოცარი რამ, სხვა რამეში გამომადგა. ჩემგან მათემატიკოსი არ დადგა, მაგრამ ბიძგი მომცა ჩემს შემოქმედებაში.
– რამდენად გულჩვილი ადამიანი ხართ?
– ვარ და სამწუხაროდ, ბევრი ცუდად იყენებს ჩემს ამ თვისებას. შეცდომის ჩადენის შემდეგ ბევრი დარწმუნებულია, რომ მივუტევებ. კი, უნდა მიუტევო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს შესაძლებლობა ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენოს. მიტევების შემდეგ კიდევ პატიების იმედით იგივე არ უნდა ჩაიდინო ადამიანმა. ყველაზე რთულია, მოიქცე სამართლიანად. გულჩვილობის გამოა, რომ ჩემგან ექიმი ვერ დადგა. არადა, დედას ძალიან უნდოდა ექიმი გამოვსულიყავი. ექიმს მტკიცე ნერვები უნდა ჰქონდეს. მე შემიძლია, დიდი ადამიანის ტკივილს გავუძლო, მაგრამ ბავშვის ტკივილის გაძლება მიჭირს. ვერაფრით ვერ შევძლებდი.
– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?
– ცოტა ხნის წინ გავასვენეთ ჩემი ახლობლის მეუღლე, სიკეთით სავსე ადამიანი – ნარგიზა დევდარიანი. ჩვენი პატარა შვილი მის კალთაში გაიზარდა. ბაღიდან მას მოჰყავდა, სანამ მე და ჩემი მეუღლე სახლში დავბრუნდებოდით. ის ყველას დაგვაკლდა, მთელ სანათესაოს.
– მამაკაცები ხშირად მალავენ ცრემლს, თქვენ თუ შეგიძლიათ ემოციების ღიად გამოხატვა?
– ნამდვილად არ ვმალავ. არის ასეთი გამოთქმა – ცრემლი ქალისთვის დარდის შემამსუბუქებელია, მამაკაცისთვის დარდის გამაღრმავებელიო. სვანები ამბობენ: მამაკაცის ცრემლი რომ ეცემა მიწას, ლოდი ეცემაო. ასეთი სიმძიმე ახლავს მამაკაცის ცრემლს. ცრემლი, ეს არის ყველაზე ძვირფასი მარგალიტი და როგორ უნდა დამალო ის?! მაგრამ ჩემთვის მიუღებელია ცრემლი სხვისი თვალის დასანახად მოიდინო.
– გიოცნებიათ, ყოფილიყავით მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი?
– ვის არ უოცნებია ამაზე?! ოცნება ოცნებაა, მაგრამ თუ გინდა, ის რეალობასთან კავშირში იყოს, სხვა რამეა საჭირო. თუ გინდა, მსოფლიოში ცნობილი ადამიანი იყო, მაშინ უკვე უნდა იფიქრო შენი შესაძლებლობების გაფართოებაზე. თუ ისეთი ადამიანისთვის იმეტებ მსოფლიოს, როგორიც შენ ხარ, ეს ბევრი ვერაფერი ოცნებაა. ამ ოცნებას თან უნდა ახლდეს საქმე და პასუხისმგებლობა. უსერიოზულესი მიდგომაა საჭირო, თორემ ის ჯარისკაცი რა ჯარისკაცია, რომელიც გენერლობაზე არ ფიქრობს?! უნდა იფიქრო, მაგრამ მაშინ გენერლის თვისებები უნდა აღძრა შენში.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე არასწორ საქციელად, რასაც შეიძლება, სინანულიც უკავშირდებოდეს?
– ალბათ, არის. გახსენება რომ დავიწყო, შეიძლება, დილამდე ვერც მოვრჩე. ადამიანებთან დამოკიდებულებით დავიწყოთ: არავინ ვართ უშეცდომო. მაგრამ ერთი რამე კია, ჩემს ყოველ შეცდომას სინანული ახლავს. ყოველთვის სინანულით ვცდილობ მის გამოსყიდვას.
– უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ…
– უამრავჯერ. მაგალითად, ხევსურეთში ვიყავით წასული. ერთ-ერთი ჩასვლისას სტუმართაგანი მანდილოსანი მორბის, წინ ყველაფერი შემოხეული აქვს. აშკარა იყო, რომ ვიღაცამ იძალავა, მაგრამ როგორც ჩანს, გამოექცა. თვალებს ხომ ვერ დავითხრიდი, მაგრამ რომ ვნახე ამ მდგომარეობაში, მე თვითონ შემრცხვა, მე თვითონ ჩავვარდი უხერხულ მდგომარეობაში, რომ მისი ასეთი მდგომარეობის მხილველი გავხდი.
იყო ისეთი შემთხვევები, სადაც მართლა ისეთი რამეები მომიფიქრებია, რომ მომკლა, მე დღეს ამას ვეღარ მოვიფიქრებ, რასაც სიჭაბუკის ასაკში ვახერხებდი. მაგალითად, ჩემს მეგობარს მოსწონდა გოგო, რომლის მამა მაღალჩინოსანი იყო და არაფრით არ ატანდა. დაემუქრა შვილს, გაჰყვები? უკან წამოგიყვან და ციხეში ჩავსვამო. მოვიდა ჩემთან ჩემი ძმაკაცი, რა ვქნაო. მე ვუთხარი, მე კი ვიცი, რა უნდა ქნა, მაგრამ არ გააკეთებ-მეთქი. გავაკეთებო. სად ცხოვრობს-მეთქი. სოხუმშიო. აიღე ბილეთი და ამაღამვე წადი-მეთქი. გაგიჟდა, სულელი ხომ არ ხარო. ხომ ხედავ, არ მემორჩილები-მეთქი. ამ ჩემს მეგობარს არ ვუთხარი, რას ვაპირებდი. გავუშვი სოხუმში. ძმაკაცებმა კი ამ გოგოს მოვკიდეთ ხელი და სვანეთში წავიყვანეთ. მშობლებმა რომ გაიგეს, გოგო დაიკარგა, სოხუმში ჩავიდნენ და ჩემს მეგობარს დაადგნენ, სად არისო, ეკითხებიან. სად არისო, სკამს ურტყამდა მამამისს ჩემი მეგობარი, სანამ არ დამღუპე, არ მოისვენეო, ერთი გაწევ-გამოწევაა. მშობლებიც გადაირივნენ – იქ ჰგონიათ გოგო, ჩავიდნენ და არ დახვდათ. დაბრუნდნენ უკან, თბილისში. ძმაკაცი მირეკავს ტელეფონით, დაიკარგა გოგოო. კიდევ არ ვუთხარი, რომ ჩვენთან იყო. რომ ამოვიდა და ჩვენთან ნახა, გახარებულმა თქვა, ცოდო არის, გავაგებინებ მამამისსო. გააგებინებ და ხვალვე აქ გაჩნდება, რომ უკან წაიყვანოს-მეთქი. აბა, რა ვქნაო. ბოლომდე მომყევი-მეთქი. ბოლოს და ბოლოს, იქამდე მივიყვანე ის კაცი, ამბობდა, ოღონდ ცოცხალი იყოს ჩემი გოგო და ჯანდაბას, ვისთანაც უნდა, იმასთან იყოსო. ყველას აპატია, ყველა შეირიგა ჩემ გარდა. სასწაულებს ვახდენ, უცხო რეზიდენტებს ვიჭერ და ბავშვივით გამაპამპულა ამ კაცმაო, ამბობდა. დღეს მათ ბედნიერი ოჯახი აქვთ. მე მერე და მერე შემირიგდა ამ გოგოს მამა. ძალიან ვუყვარდი, ძმაკაცობდა ჩემთან. სხვაზე ათხოვებდა გოგოს და ის კაცი უბედურის ერთი აღმოჩნდა. შვილს ვაუბედურებდი და შენ გადამარჩინეო, აღიარებდა. მერე გიჟდებოდა ჩემზე, მაგრამ სამი წელი არ შემირიგდა. დღეს ასეთ რამეს ვერ შევძლებ. სხვა ტალღაზე ვარ გადართული.
– ოდესმე რამე თუ მოგიპარავთ?
– კიტრები, პომიდვრები, სიმინდი – რამდენიც გინდათ. აცხონოს ღმერთმა ჩემი ძუძუმტე, ხუთი თითივით იცოდა, ვის ბოსტანში რა იყო. მაინცდამაინც მაღალი თანამდებობების პირების ბოსტნებს ვეტანებოდით. მოგვისწრეს, მე გადავხტი ღობეზე და ჩემი ძუძუმტე შედგა. ახლა მომისწარით, მაგრამ მეორედ რომ მოგიბრუნდებით, მერე ნახავთო. მიუბრუნდა მეორედ, უბე გაივსო კიტრებით, შარვლის ტოტები შეიკრა, შარვალშიც ჩაიყარა და გაბერილი მოდის. ხიდზე შეხვდა მამაჩემი და ეკითხება, რა არის ბიჭო ეგო. ვალიკო ბიძია, არ გამამხილოთ და ნაქურდალს თქვენც გიწილადებო – წილში გაჰყავდა მამაჩემი (იცინის). ბავშვური სიცელქის მიუხედავად, სინდისი მაინც მუშაობდა: მარტო ერთი ოჯახი არ უნდა დაგვეზარალებინა. ერთთან რომ ხუთ ტაროს მოვტეხავდით, მერე სხვასთან გადავდიოდით. ხუთი ტარო არავის დაღუპავდა. რამდენიმე ყანაში შევაგროვებდით ნადავლს, ენგურის პირას ჩავიტანდით და იქ ვწვავდით. მართლა საოცარი ბავშვობა მქონდა. ასეთი რამეები კი, ყოფილა, მაგრამ ისეთი ქურდობა, რაც მართლა ანაგვიანებს ადამიანის სულს – არა.
– როდის ყოფილხართ ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი?
– ყველაზე სასტიკი ვიყავი მაშინ, როცა ყველაზე დიდ შეცდომებს ვუშვებდი. სასტიკი ვიყავი საკუთარი თავის მიმართ. როცა საკუთარ თავთან ბრძოლა არ შეგვიძლია, მიზეზს გარეთ ვეძებთ და სხვის მიმართ ჩვენი სისასტიკე არა არის რა თუ არა შიში საკუთარ თავთან ბრძოლისა.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– ყველაზე დიდი გამარჯვება იყო ოჯახის შექმნა. ყველაზე დიდი სიხარული ჩემს ცხოვრებაში და ყველაზე ბედნიერი დღე – ჩემი ვაჟიშვილის დაბადება. ყველაზე დიდი მარცხი იყო ის, რომ დიდი ხნის მანძილზე ოჯახი არ შევქმენი.
– როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას ბევრი წლის შემდეგ?
– ვისურვებდი, რომ ვალმოხდილი წავიდე ამ ქვეყნიდან. მივუახლოვდე იმ ადამიანს, რომელიც ჩემში, ერეკლე საღლიანში უფალმა ჩაიფიქრა.
– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?
– ადამიანმა არ უნდა იამაყო. ყველაზე დიდი კაცი, ვინც ქართველებს გვყოლია, შოთა რუსთაველი, როგორ ამბობს – „ვწერ ვინმე მესხი მელექსე“ – არავისგან გამორჩეული, რიგითი, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი. ამხელა კაცმა ასეთი მაგალითი დაგვიტოვა. რა უნდა შევქმნათ ჩვენ ისეთი, რომ მერე ვიამაყოთ?! მე ამ შემთხვევაში გურამ რჩეულიშვილის საოცარი სიტყვები მახსენდება: „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“.