“ჩემი განვლილი გზა ერთი დიდი თავგადასავალი იყო”

54

მსახიობი, მომღერალი და ტელეწამყვანი გიორგი ცხადაძე, მართლაც რომ, იღბლიანი ადამიანია. მის ცხოვრებაში, არაერთი ბედნიერი დღე და წარმატებული მოვლენა ყოფილა, თუმცა, მისი მთავარი გამართლება ოჯახია. წლევანდელი ზაფხული, ოჯახთან ერთად, აქტიურად გაატარა და როგორც თავად ამბობს, მისთვის შემოდგომაც საკმაოდ აქტიურად დაიწყო.

გიორგი ცხადაძე: ვფიქრობ, ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას. რა განწყობითაც მიუდგები საქმეს, ყველაფერი იმ განწყობით გიბრუნდება უკან. შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობ, დადებითი განწყობით მივუდგე ყველა საქმესა თუ მოვლენას. ადამიანებშიც სულ დადებითს ვეძებ და ამ კუთხით ვუდგები. ზოგადად, ოპტომისტი ვარ და ალბათ, იღბალიც ამიტომ მიღიმის. ასე რომ, ყველაზე მნიშვნელოვანია ყველაფერში და ყველაში დადებითი დავინახოთ.

– როგორ ფიქრობ, რა გზა გაიარე, რომ დღევანდელობამდე მოსულიყავი?

– არაფერს ვნანობ, რაც ჩემს ცხოვრებაში იყო. რომ იციან თქმა: ეს რომ ასე გამეკეთებინა, ასე იქნებოდაო. ჩემს განვლილ გზაზე ასე არ ვფიქრობ. რა თქმა უნდა, შესაძლოა, რაღაცები უკეთესად გამევლო, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი საჭიროა, ის შეცდომაც კი, რომ რაღაცები შეაფასო და უფრო მეტად დააფასო. უშეცდომო არცერთი ადამიანი არ არის. ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ ცხოვრების გზა გავიაროთ, რომ შემდეგ ეს ყველაფერი გავიაზროთ. მადლობელი ვარ, რა გამოწვევებიც და სიხარულებიც იყო ჩემს ცხოვრებაში. მგონია, ჩემი განვლილი გზა, ერთი დიდი თავგადასავალი იყო და ეს თავგადასავალი გაგრძელდება სიახლეებით, ახალი შეგრძნებებითა და ემოციით. ასე რომ, ცხოვრების ყველა ეტაპს თავისი, ერთმანეთისგან განსხვავებული თავგადასავლები ახლავს თან.

– ცხოვრების ეტაპები ახსენე და როგორ ფიქრობ, ახლა ცხოვრების რა ეტაპზე ხარ?

– გადალაგებული მაქვს რაღაც-რაღაცები. ბევრი მიმართულებით ბევრი რამ ვცადე – სამსახიობო, მუსიკალური, სატელევიზიო თუ სოციალური ქსელების მიმართულებით და ახლა, ვცდილობ, ყველაფერს თავისი დრო და ადგილი მივუჩინო. ახლა იმ ეტაპზე ვარ, როცა მინდა, რაღაც-რაღაცებს უფრო გაწერილად მივაქციო ყურადღება და ცოტა მოზომილად. ადრე ინტუიციურად მივყვებოდი ყველაფერს, ახლა კი, უფრო გააზრებულად მივუდგები.

– როგორც ვიცი, საკმაოდ დატვირთული და აქტიური ზაფხულის პერიოდი გქონდა. თუ მოახერხე დასვენება და ძალების აღდგენა?

– ზაფხული ყოველთვის იწყება აჭარაში ვიზიტით და ეს ტრადიცია არც წელს დამირღვევია. სადაც არ უნდა მქონდეს დაგეგმილი წასვლა, აჭარას უეჭველად ვსტუმრობ. მოკლედ, ეს ჩემი და ჩემი ოჯახის საზაფხულო ტრადიციაა. წელს ბათუმში, „სოჰოში“ გვქონდა კონცერტები და თან, ვმუშაობდი და თან, ვისვენებდი. შემდეგ, ბაკურიანში გახლდით. ჩემი შვილი წელს 4 წლის გახდა და მე და ნენემ ცხენებით ვიჯირითეთ. ის ასაკი აქვს, როცა ყველაზე მეტ კითხვას სვამს და მისი ამ კითხვებით მე უფრო მეტი გავიგე და თავიდან აღმოვაჩინე ის ადგილები, სადაც არაერთხელ ვყოფილვარ. ერთი სიტყვით, ბაკურიანში არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ და შემდეგ გრიგოლეთში ვიყავი. ერთი დიდი რიტუალი და ბედნიერება იყო ყოველი დილის გათენება და დაღამება ზღვის სანაპიროზე. ამის შემდეგ კი მე, ჩემი მეუღლემ და ბავშვი საქართველოს ფარგლებს გარეთ, ევროპაში, ბარსელონაში წავედით და სხვა სამყაროში ამოვყავით თავი. არაჩვეულებრივი და საინტერესო დრო გავატარეთ. ზოგადად, აქტიური ადამიანი ვარ და ძალიან მიყვარს მოგზაურობა. დასასვენებლად ვერა, მაგრამ გამიმართლა და ბევრი ქვეყნის მონახულება მოვახერხე, სადაც კონცერტები და სპექტაკლები მქონდა. ჩემთვის ყველაზე ეგზოტიკური და ფერადი ქვეყანაა ბრაზილია, სადაც კიდევ ერთხელ წასვლას ვისურვებდი. ასე რომ, ეს ზაფხული საკმაოდ აქტიურად გავატარე, ვიყავი ზღვაზე, მთაში და საზღვრებს გარეთაც. უამრავი დადებითი ემოცია დამიტოვა ამ ზაფხულმა და პირველი ზაფხული იყო, როცა მუშაობა და დასვენება ერთმანეთისგან გავმიჯნე. ვერასდროს ვერ ვახერხებდი ამას, რადგან ყველამ იცის, მსახიობისთვის და მომღერლისთვის, ზაფხულის სეზონი ყველაზე მეტადაა დატვირთული. არასოდეს დამავიწყდება წლევანდელი ზაფხული, ერთ-ერთ ტკბილ მოგონებად დარჩება, როგორც ყველაზე მრავალფეროვანი, ეგზოტიკური, ფერადი და ოჯახური. როგორც გითხარით, წელს პირველად, შრომა და დასვენება დავაბალანსე და გამომივიდა. ადრე არ მიყვარდა გეგმების დასახვა, ყოველდღიურობას მივყვებოდი, წელს კი წითელი ბლოკნოტი შევიძინე და ჩამოწერილი მაქვს განრიგი (იცინის). ძველმოდურად, მაგრამ გამოცდილი მეთოდით მივყვები ცხოვრებას და თურმე, კარგი ყოფილა (იცინის).

– როგორი მამა ხარ?

– მაქსიმალისტი ვარ, სულ მგონია, ჩემს შვილს დროს ვაკლებ და მისთვის ნაკლებს ვაკეთებ. თუმცა, ოჯახის წევრებსა და ჩემს ახლობელ ადამიანებს თუ ჰკითხავთ, აუცილებლად გეტყვიან, რომ მთლად ცუდი მამა არ ვარ (იცინის). ვცდილობ, თავისუფალი დრო შვილის გვერდით გავატარო და ეს დრო არ იყოს უბრალოდ გატარებული დრო, იყოს დატვირთული ემოციებით და ბედნიერი წამებით. დღეს, ჩემი მთავარი საზრუნავი ნენეა. არ დამავიწყდება, ბაღში მივაკითხე და მასწავლებელმა მითხრა: როგორი საოცარი და კარგი შვილი გყავთო. უნდა გენახათ, რა ამაყი ვიყავი, ეს ყველაზე ძვირფასი კომპლიმენტი იყო, რაც ოდესმე ჩემთვის უთქვამთ. ყველაზე დიდი ბედნიერებაა ჩემთვის, როცა ნენეს აქებენ. ჩემი მეუღლე კი – ეს არის ადამიანი, რომელიც ჩემი საყრდენია, ვენდობი, ყველაფერში გვერდით მიდგას და ყველაფერში მომყვება. ყველაფერს ისე განიცდის, როგორც მე. გამიმართლა, რომ ასეთი მეორე ნახევარი მყავს. როცა ასეთი ადამიანი გყავს გვერდით, ეს ყველაზე დიდი კომფორტი და ბედნიერებაა.

– როგორ დაიწყო შემოდგომა და რა გეგმები გაქვს?

– სექტემბერში ბევრი კონცერტი მაქვს დაგეგმილი. ახმეტელის თეატრში ახალი სეზონი იწყება, სხვადასხვა სპექტაკლით. ვაპირებ რამდენიმე ახალი სიმღერის ჩაწერას, რომელსაც მალე მოისმენთ და ბევრი დახურული ღონისძიება. ასე რომ, შემოდგომის სეზონი აქტიური და დატვირთული გრაფიკით დაიწყო.