ვაჩე გელბახიანი ფიზიკური მომზადების მწვრთნელი გახლავთ ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრებით, რომელზეც თავად მოგიყვებათ.
ვაჩე გელბახიანი: ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა სფერო იყო ჩემთვის ინტერესის საგანი. ამჟამად ფიზიკური მომზადების მწვრთნელი ვარ.
რვა წლის განმავლობაში რაგბის ვთამაშობდი პროფესიონალურ ლიგებში. სამწუხაროდ, ტრავმების გამო მისთვის თავის დანებება მომიწია და ამის შემდეგ გადაწვყვიტე, ფიზიკური მომზადების მწვრთნელი გავმხდარიყავი.
ამასთან ერთად, ჩემი ინტერესი იყო მსახიობობა. ვფიქრობდი, რომ ეს პროფესია ჩემი იყო და მართლაც ასე აღმოჩნდა. რამდენიმე ფილმშიც გადამიღეს. ერთ-ერთი ამერიკული ფილმია – „დემონების დაცემა“, რომელიც ჯერ არ გამოსულა, 2026 წელს იგეგმება. ამ ფილმში ქასთინგის მეშვეობით მოვხვდი. რამდენიმე ქართულ სერიალში ეპიზოდურ როლებშიც ვიყავი. მსახიობობის პარალელურად, სამოდელო საქმიანობითაც ვარ დაკავებული. გადაღებებში მივიღე მონაწილეობა და დაინტერესება წამოვიდა. რამდენიმე არაბული ბრენდის სარეკლამოდაც გადამიღეს. რამდენიმე ბრენდთან ახლაც ვთანამშრომლობ. სამოდელო სფეროს საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მაინც ჰობის დონეზე განვიხილავ. რამდენად დატვირთულიც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვცდილობ, გადაღებებისთვის დრო გამოვნახო და გავიპარო ხოლმე, იმდენად სასიამოვნო პროცესია ეს ჩემთვის.
ორი წლის წინ სიმღერით დავინტერესდი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა კაპელაში მივედი, ქალბატონ ციცი ფალავანდიშვილთან. აქედან დაიწყო ჩემი სასიმღერო კარიერა. მერე ვიპოვე ანსამბლი სახელწოდებით „ძირიანი“, ძირძველი რაჭველები არიან, მეც რაჭიდან ვარ წარმოშობით, უკვე რამდენიმე გასტროლზეც ვიყავით ერთად და კონცერტებსაც აქტიურად ვატარებთ.
– ქალბატონი ციცი ფალავანდიშვილი ყოველთვის დიდი სიყვარულით საუბრობს კაპელაზე. როგორია თქვენი ურთიერთობები სცენის მიღმა?
– ციცისთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაკავშირებს. მასთან როგორც საკუთარ ოჯახის წევრთან, მთელი კაპელა ისე ვართ, გამორჩეული ერთობა გვაქვს. შემიძლია, ვთქვა, ციცი რომ არ ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის, შეიძლება, მე სიმღერა არც გამეგრძელებინა. ძალიან თბილად მიმიღო, ბევრი მასწავლა და სიმღერის მიმართ ჩემი სიყვარული კიდევ უფრო განამტკიცა.
-ამდენი საქმიდან რას უჭირავს ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი?
– არ შემიძლია რომელიმე განსაკუთრებულად გამოვყო. ერთი მეორეს გარეშე ვერ წარმომიდგენია და არცერთის გარეშე არ შემიძლია. სხვანაირად ვერ გავჩერდები, თუ ეს ყველაფერი არ ვაკეთე. თუ არ ვიმღერებ, ცუდად ვარ, თუ სპორტით არ დავკავდები, ცუდად ვარ, ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია.
– თავის დროზე, რაგბიზე ტრავმების გამო უარის თქმა რთული იქნებოდა…
– სამწუხაროდ, კი, ძალიან რთული იყო. დიდი კრიზისი და ბრძოლები გავიარე საკუთარ თავთან. გარკვეული პერიოდი დეპრესიაშიც ვიყავი ამის გამო. რაგბის ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეკავა ჩემს ცხოვრებაში და ის, რაც მოხდა, ძალიან სამწუხარო ამბავი იყო. თუმცა, ყველაფერი გადავლახე და ზუსტად ამის შემდეგ გადავწყვიტე ფიზიკური მომზადების მწვრთნელობა. ახლაც გავდივარ რამდენიმე სერტიფიცირების კურსს, რომ რაგბის გუნდის მწვრთნელი გავხდე.
– სპორტიც და ხელოვნებაც ბავშვობიდან გაინტერესებდათ?
– არა, ბავშვობაში საერთოდ არ მაინტერესებდა სიმღერა, რაგბიდან გამომდინარე, დროც არ მქონდა, რომ პარალელურად, სხვა საქმით დავკავებულიყავი. ბოლო პერიოდში აღმოვაჩინე, რომ მუსიკა ჩემთან ძალიან ახლოს იყო და გადავწყვიტე, რომ ამ მიმართულებით გადამედგა ნაბიჯები. ახლა თითქმის ორ კვირაში ერთხელ კონცერტები გვაქვს.
– როგორც პერსონალური მწვრთნელი, ალბათ, ბევრ ადამიანს ეხმარებით.
– ჩემი დილა დილის 7 საათიდან იწყება, 8 საათიდან 16 საათამდე მოსწავლეები მყავს. ჩემი მოსწავლეები ისეთი ადამიანები არიან, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ წონის დაკლებაში, მენტალური ჯანმრთელობის გამოსწორებასა და მსგავს პრობლემებთან ბრძოლაში. ბევრმა ჩემმა მოსწავლემ ეს პრობლემები უკვე გადალახა, მაგრამ იმდენად შევუყვარდი, რომ ჩემთან ერთად აგრძელებენ ვარჯიშს.
– პერსონალური მწვრთნელები საკმაოდ მკაცრი წესებით გამოირჩევიან მოსწავლეების მიმართ. საინტერესოა, თავად თქვენი რეჟიმი როგორია?
– მე ვფიქრობ, რომ მკაცრი არ ვარ, უბრალოდ, მიზნისთვის ბრძოლა მიყვარს. ყველას ვეუბნები, რომ მიზნისთვის ბოლომდე უნდა იბრძოლონ და შუა გზაზე არ დანებდნენ. ჩემს რეჟიმს რაც შეეხება, ცვალებადია. გადაღებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მომიწიოს ერთ-ორი დღით ცვლილებების შეტანა, მაგრამ საერთო ჯამში, სპორტული ცხოვრება მაქვს. ვცდილობ, სწორად ვიკვებო, ვივარჯიშო. შეიძლება, იყოს დღეები, როცა ჩავარდნებიც იქნება, მაგრამ საერთო ჯამში, ისევ და ისევ ჩვენთვის ჯობს, ჯანსაღად ვიცხოვროთ. ერთხელ ვცხოვრობთ და სიცოცხლე უნდა შევირგოთ. მე, 12 წლიდან მოყოლებული, სპორტში ვარ და შესაბამისად, ამ რეჟიმს მივეჩვიე.
– სპორტმა ხასიათზეც იმოქმედა?
– ძალიან მტკიცე ხასიათი ჩამომიყალიბა. სპორტმა ერთი-ორად ძლიერი გამხადა არა მხოლოდ ფიზიკური თვალსაზრისით, მან ძალიან ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მასწავლა. დიდი შრომის შედეგად მივაღწიე პროფესიონალურ ლიგას. ბევრი ტრავმაც მქონდა, რასაც ყოველდღიურად ვებრძოდი და ამან ჩემი მენტალური ჯანმრთელობაც ძალიან გააჯანსაღა და გააძლიერა. რვა წლის განმავლობაში ვთამაშობდი რაგბის და ორი წელია, რაც ამ სპორტით აღარ ვარ დაკავებული. ახლა 22 წლის ვარ.
– როგორ ერთობით?
– ხშირად ქვეყნის გარეთაც გვაქვს გასტროლები. ანსამბლში ძალიან მეგობრული გარემოა და როცა ერთად ვართ, შემიძლია, ვთქვა, რომ კი არ ვმუშაობთ, უფრო ვერთობით. განსაკუთრებით ემოციურია ხოლმე ემიგრანტებთან შეხვედრა. ქართული სიმღერის მოსმენისას ცრემლებს ვერ იკავენებ და ჩვენც მათთან ერთად ვტირით ხოლმე. რიგაში ვიყავით, ავტობუსში ვღიღინებდით ორნი ჩვენთვის. ქართველები აღმოჩნდნენ ამ ავტობუსში და გაგიჟდნენ, როცა ქართული სიმღერა გაიგეს, როგორც გვითხრეს, წლების განმავლობაში არ ჰქონდათ მოსმენილი. ძალიან ემოციური შეხვედრა გვქონდა და შემდეგ ერთად მოვაწყვეთ ქართული საღამო.