new_year

“იმდენი განსაცდელი გამოვიარე, დიდი წიგნი დაიწერება”

216

ყველასთვის საყვარელი მომღერალი მანანა თოდაძე არაჩვეულებრივ ფორმაშია. ამისთვის კი მას ნამდვილად არ სჭირდება დიდი ძალისხმევა, რადგან გარდა გენეტიკისა და პატარ-პატარა შეზღუდვებისა, მას მარტივი ვარჯიშები და თავის მოვლის საშუალებები ეხმარება, რასაც სახლის პირობებში იტარებს. ამბობს, რომ გაპრანჭვა და ლამაზად ჩაცმა ბავშვობიდან უყვარდა, ეს თვისება კი დედისგან გადმოეცა და დღემდე მიჰყვება.

მანანა თოდაძე: ბავშვობიდან პრანჭია გოგო ვიყავი. მახსოვს, დედას ულამაზესი ქუსლიანი ფეხსაცმელები ჰქონდა, ჩავიცვი, მთელი დღე ვიარე სახლში და დედა რომ დაბრუნდა, ქუსლებს „დედა აღარ ჰყავდა“ (იცინის). მერე მოდაში შემოვიდა ქიმიური პომადა. პირველ კლასში ვიყავი, ჩუმად წავისვი დედას ქიმიური პომადა და ვეღარ მოვიცილე. სკოლას ვერ გავაცდენდი, ავიფარე ტუჩებზე ცხვირსახოცი და ისე გავეშურე სკოლისკენ. მასწავლებელმა მკითხა: რა გჭირს? აბა, ცხვირსახოცი ჩამოსწიეო. ვერ მივხვდი, რა მეთქვა და მოვიტყუე: მასწავლებელო, ჩემმა ძმამ კედელზე პომადა წაუსვა, მე ტუჩები მივადე და გადმომედო, ვეღარ მოვიცილე-მეთქი (იცინის). მერე შემრცხვა და ტირილი დავიწყე. მკითხა, რა გატირებსო, ვეღარ მოვიტყუე და სიმართლე ვაღიარე.

– ამის გამო გსჯიდათ დედა?

– არა. ფეხსაცმელეზე გაფუჭებული ქუსლის, სუნამოსა თუ პომადების გამოყენების გამო დედას არასოდეს დავუსჯივარ, მაგრამ მეუბნებოდა: ჯერ ადრეა, გაიზრდები, ქუსლიან ფეხსაცმელსაც ჩაიცვამ, კაპრონის წინდებსაც და პომადასაც წაისვამო. მრავალშვილიან ოჯახში დავიბადე… მახსოვს, დილას რომ ვიღვიძებდით, დედა უკვე გაპრანჭული იყო, მოწესრიგებული თმით, პომადით, წინსაფრით და საუზმეს გვიმზადებდა. ეს ჩემს მეხსიერებაში ისე ჩაჯდა, რომ გავიზარდე, პომადის გარეშე პურზეც არ ჩავსულვარ. დედა იყო ჩემთვის და ჩემი დისთვის ქალის ეტალონი. გაპრანჭვის, სისუფთავისა და მოწესრიგებულობის მაგალითი. დედა სულ მეუბნებოდა: არ აქვს მნიშვნელობა, აპირებ თუ არა გარეთ გასვლას, სახლშიც კი სულ მოწესრიგებული უნდა იყოო. ასე გავიზარდე, ჩვევაში მაქვს და შვილებიც ასე გავზარდე. დილით, როგორც კი ავდგები, გადავივლებ წყალს, თმას მოვიწესრიგებ, საცხებით სახეს ვიტენიანებ, მაკიაჟს ვიკეთებ და მერე ვსვამ ყავას.

– ამბობენ, ყოველდღიურად მაკიაჟის გაკეთება, სახის კანზე ნეგატიურად აისახებაო. მით უმეტეს, ხშირად გიწევდათ და გიწევთ სცენაზე დგომა და მაკიაჟის ყოველდღიურად გაკეთება. ამან თუ იმოქმედა თქვენი სახის კანის სტრუქტურაზე?

– მაკიაჟი აუცილებლად უნდა იყოს ხარისხიანი და ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული. ყოველთვის ვცდილობ, ვიყიდო ხარისხიანი კოსმეტიკა, რადგან ვიცი, ქიმიური შენაერთების მქონე პროდუქცია ძალიან აზიანებს სახის კანს. პირიქით, ვფიქრობ, სწორედ მაკიაჟით სჯობს გარეთ გასვლა, რადგან კანი ასე უფრო დაცულია. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, სულ სცენაზე ვდგავარ და სულ მისვია ტონალური კრემი. სახლში მოსვლისთანავე, აუცილებლად ვიცილებ და ვისვამ სახის დამატენიანებელ საცხს. ბევრი მაკიაჟი არ მიყვარს, მაგრამ პომადა აუცილებლად უნდა მესვას. მის გარეშე, გარეთ ვერ გავალ. პირადად მე არასოდეს მქონია სახის კანის პრობლემა. ამასთანავე, საჭიროა სახის სკრაბი. კვირაში ორჯერ მაინც ვიკეთებ სოდის, მჭადის ფქვილისა და მარილის სკრაბს. სულ მიდევს აბაზანაში, შუშის ქილაში. ეს საშუალება გარდა იმისა, რომ აწკრიალებს სახის კანს, აშორებს ჩამჯდარ მტვერს, იმავდროულად, იცავს ბაქტერიებისგან.

– თქვენი ახლობლებისგან გამიგია, რომ სახისა და ტანის კანის მოვლის საკმაოდ ბევრი შინაური რეცეპტი გაქვთ და იყენებთ. კონსულტაციას შესაბამის სპეციალისტთან გადიხართ თუ კანის მოვლის მხოლოდ თქვენი მეთოდები გაქვთ?

– სხვათა შორის, ბავშვობიდან ჩემს კანს თავად ვუვლი. მიყვარს ნატურალური ინგრედიენტებით შეზავებული ნიღბები. უამრავი ნიღბის რეცეპტი მაქვს, რომელიც ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და საოცარად ეფექტიურია, თან ინგრედიენტებს სეზონის მიხედვით ვცვლი. მაგალითად, ახლა, როცა ცივი სეზონია, აუცილებლად სჭირდება კანს სერიოზული დატენიანება და შემიძლია, შემოგთავაზოთ სასწაული ნიღაბი: 1 კვერცხის გული, 1 სადილის კოვზი რძე კარგად აურიეთ და დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი ფქვილი, ისევ კარგად გადაურიეთ და წაისვით სახეზე. როდესაც მასა გაშრება, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ბოლოს შეისხით სახეზე ცივი წყალი, ნაზად შეიმშრალეთ და გადაისვით მკვებავი. საოცარი შედეგი აქვს, კანი გადატკიცინებულია და მოვლილის საოცარი ეფექტი აქვს. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ მომხრე ვარ, როცა ადამიანს პრობლემა აქვს და ნაოჭი ჩნდება, ბოტოქსი გაიკეთოს. მე ექვს თვეში ერთხელ ვიკეთებ და არც ვმალავ. ბიორევიტალიზაციაც კარგია და წელიწადში ერთხელ ვიტარებ, რომ სახის კანი დატენიანდეს. ამასთან ერთად, კარგ საცხებსაც ვხმარობ და გენეტიკაც მშველის, რომ კარგად გამოვიყურებოდე. სხვათა შორის, ხელებსაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ. აბაზანის მიღების შემდეგ აუცილებლად ვისვამ ხელის კრემს. გარეთ რომ გავდივარ ჩანთითაც დამაქვს და მანქანაშიც მიდევს. სიცივეში ხელის კანის მოვლა აუცილებელია, რათა თავი ავარიდოთ სიმშრალეს. როგორც სახეს სჭირდება მოვლა, ისე ხელებსა და ტანს. სხვათა შორის, ხელის ნიღაბიც შემიძლია გასწავლოთ: 1 კვერცხის ცილა, დაფქული ყავა, ნახევარი კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 კოვზი თაფლი, კარგად გადაურიეთ და წაისვით ხელებზე. რომ გაშრება, ჩამოიბანეთ და ხელის საცხი გადაისვით. არ იცით, რა სასწაული ეფექტი აქვს. ჩემი რჩევაა, არ დაეზაროს არცერთ ქალბატონს საკუთარი თავის მოვლა. ამას ბევრი დრო არ სჭირდება, სულ 10-15 წუთი და ვფიქრობ, ეს მინიმალური დრო საკუთარი თავისთვის არ უნდა დაგენანოთ. ეს არის გარანტი, ღრმა სიბერემდე კარგად გამოიყურებოდეთ.

– წლების მატებასთან ერთად, ადამიანებს უჭირთ სასურველი წონის შენარჩუნება. თქვენ არაჩვეულებრივად გამოიყურებით. როგორ ინარჩუნებთ სხეულის ასეთ ფორმებს და წონას? ამისთვის დიეტა, განტვირთვის დღეები, ვარჯიში თუ შეზღუდული რაციონი გშველით?

– დიეტის წინააღმდეგი ვარ, ადამიანმა არ უნდა მოიკლოს ის ბედნიერება, რასაც გემრელად ჭამა ჰქვია. თუმცა, ამ ყველაფერს აქვს თავისი დრო და ზომა. დილით, როცა ვიღვიძებ, ლოგინიდანვე ვიწყებ ვარჯიშს. ფეხის, წელის, ხერხემლისა და კისრის ვარჯიშებს ვიტარებ. არანაირ დარბაზში არ დავდივარ. წლებია, სახლის პირობებში ვვარჯიშობ, დღეში, ალბათ, 10-15 წუთი. საკუთარი თავი თუ გიყვარს, ვარჯიში სახლშიც შეგიძლია, რომ ჯანსაღად გამოიყურებოდე და წონაც აკონტოლო. რაც შეეხება კვებას, უკვე ხუთი წელია, ხორცეულზე ვთქვი უარი. ვჭამ მხოლოდ ქათმის ხორცს კვირაში ერთხელ, თევზს, ბოსტნეულსა და ხილს. ყოველ დილით მივირთმევ მოხარშულ ორ კვერცხს, რომ ორგანიზმი ცილით მოვამარაგო. გვიან ვიძინებ და ბოლოს რვა საათზე ვიკვებები მსუბუქად. საღამოს ძალიან მომწონს საბავშვო მაწონში გარეული თაფლი. ზოგადად, ჩემი ორგანიზმი თავად მკარნახობს, რა უნდა მივირთვა და რა არის ჩემთვის უკეთესი. სულ ვამბობ, რომ ადამიანისთვის ყველაზე კარგი დიეტოლოგი და ექიმი საკუთარი ორგანიზმი და ინტუიციაა.

– ბევრს წლების მატება აშინებს. თქვენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?

– ჩემი აზრით, ყველა ასაკს თავისი ხიბლი და სილამაზე აქვს. გულდასაწყვეტია, როცა ადამიანზე ამბობენ: ასაკშია, წლებთან შედარებით კარგად გამოიყურება, აღარ უნდა დაბერდესო? არ შეიძლება, სულ ასაკზე გამახვილდეს ყურადღება. ასაკზე კი არ უნდა მიუთითოთ, პატივი უნდა სცეთ მის პიროვნებას. თუ ადამიანი ჯანმრთელია, აქვს პოტენციალი და კარგად გამოიყურება, მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია – ეს ხომ შესანიშნავია. ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე აქვს უფლება, იყოს ბედნიერი და გააკეთოს ის, რაც კარგად გამოსდის, გარშემო მყოფებმა უნდა დააფასონ მისი შესაძლებლობები. როცა შეხედავ ქალს ლამაზია, ჭკვიანი, შრომისუნარიანი, თავის სფეროში წარმატებული, მიიღე ისეთი, როგორიცაა და შეაფასე და დააფასე მისი ნიჭიერება და სილამაზე. ასე რომ, ყველას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ცხოვრება. ყველა ადამიანს ვუსურვებ დღეგრძელობასა და ბედნიერებას.

– ცხოვრებაში ადამიანი უამრავ ეტაპს გადის. როგორც ყველამ, თქვენც გამოიარეთ განცდა, სიხარული, ტკივილი, წარუმატებლობა თუ წარმატება. ახლა, ცხოვრების რა ეტაპზე ხართ?

– ადამიანმა თუ განსაცდელი არ გაიარა, ვერასოდეს გაუგებს განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანს. კანონზომიერია, რომ თუ ცუდი არ ნახე, კარგს ვერ დააფასებ. ჩემი გადმოსახედიდან, მე რაც გავიარე, უფალმა ისე გამაძლიერა განსაცდელებით, დამაფიქრა, რა იყო სწორი და რა არასწორი. ცხოვრების ყველა ეტაპზე საჭიროა საკუთარ თავთან მუშაობა. როცა შენს ცხოვრებაში რაღაც ხდება და საშინელ მდგომარეობაში, განსაცდელში აღმოჩნდები, არასოდეს დააბრალო სხვას, საკუთარ ქცევას და სიტყვებს უნდა ჩაუფიქრდე და იპოვო ის ერთი სიტყვა, რამაც ამ მდგომარეობამდე მიგიყვანა. მაშინ ხარ გამარჯვებული. თუ გარშემო ეძებე დამნაშავეები, ასე ვერც წინ წახვალ, ვერც განვითარდები და ვერც უკეთეს მომავალს შეიქმნი. უფალი ყოველთვის სცდის ადამიანს, როგორ გამოვა რთული მდგომარეობიდან. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ზოგი ადამიანი ვერ უძლებს განსაცდელს და სასოწარკვეთილებაში ვარდება, კარგავს სიხალისეს და ცხოვრებისადმი ინტერესს. პირიქით, უნდა დაუკვირდე საკუთარ თავს და იპოვო ის არასწორი საქციელი, რომელმაც შეცდომა დაგაშვებინა. შეიძლება, მართალი ხარ, მაგრამ შენი წარუმატებლობა სხვას არ უნდა გადააბრალო. მე იმდენი განსაცდელი გავიარე, ალბათ, დიდი წიგნი დაიწერება. ცუდიც მინახავს და კარგიც, დიდი გამოცდილება მივიღე, უფალმა გამაძლიერა და უფრო მეტად გავიგე ადამიანების ფასი. მივხვდი ერთ რამეს: ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი მხოლოდ ადამიანი და ადამიანური ურთიერთობებია.