ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია ამბობს, რომ ვაკეში მარშის დროს ეკლესიაში ფიზიკურად არ შემოჭრილან. ამის შესახებ დეკანოზს „პუბლიკა“ ესაუბრა.
„არა, არა, ეკლესიაში ფიზიკურად არ შემოჭრილან“, – ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.
„იმ დღეს მსვლელობა რომ დავინახე, [თავი] ავარიდე. ჩემი გარდაცვლილი მეგობრის შვილიშვილი უნდა მომენათლა, ტაძართან რომ არ დაძაბულიყო [სიტუაცია], ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა და ყვირილს დამიწყებდნენ. შევედი ტაძრის ოთახში და რომ შევედი, როდესაც გამოიარეს, დაიწყეს ყვირილი – შე პროპაგანდისტოო; გეშინია ახალგაზრდებთან გამოსვლის, იქ ხომ არ მოდიხარ, აქაც ვერ გამოდიხარ, ბავშვების გეშინია, შე მოღალატეო და ა.შ.
უცებ, არ ვიცი, რა მოხდა ჩემში, გამოვვარდი ეგრევე და მივედი ამ ხალხთან. ვის ეძახით მოღალატეს, ან რატომ მეძახით, იცით ამ სიტყვის მნიშვნელობა-მეთქი?…
„.. არასწორი იყო ხმამაღალი საუბარი. მე ჩემი თავი, ჩემი სახე რომ დავინახე, ეგ მღვდლის სახე არ არის. მღვდელი ასე არ უნდა ვლაპარაკობდე, უნდა მქონდეს მოთმინება და ასე ნამდვილად არ უნდა მოვიქცე. არ მინდა, თავის მართლებაში ჩამეთვალოს ეს ყველაფერი, მაგრამ წლების დაგროვილი იყო ეს ყველაფერი. ამდენი წელი ასე რომ მაგინებენ, მლანძღავენ […] ვფიქრობ, რომ იმ დღეს ამ ყველაფერმა ერთად ამოხეთქა ჩემში, რაც სწორი არ იყო და ამას მე არ ვამართლებ“. – ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.