“ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა ნერვიულობისგან, როცა უთხრეს, არ იმუშაო გაგადეპორტებენო… ნუ უჯერებთ ჭორებს, რომ ხალხს ქუჩაში დასდევენ და ადეპორტებენ”
ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი დეპორტაციასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე წერს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება.
“მეგობრებო, ძალიან ბევრი ანონიმური პოსტი მხვდება და არ შემეძლო არ დამეწერა ეს პოსტი ქართველებო, ვინც ნერვიულობთ დეპორტაციაზე, გთხოვთ ნუ უჯერებთ გავრცელებულ ჭორებს, რომ თითქოს ხალხს ქუჩაში დასდევენ და ადეპორტებენ.
დიახ არის რეიდები, მაგრამ ვისაც კრიმინალი აქვს ჩადენილი იმ ადამიანებს ეხებათ და არა პატიოსან მშრომელ ხალხს. ამას წინად სადღაც წავიკითხე ვითომ X Factory დან ხალხი აიყვანეს, ზუსტად იმ დღეს იქ ვმღეროდი ღამის 1 საათამდე იქ ვიყავით მე და ირაკლი შარაძე. პოლიცია უბრალოდ პერიმეტრს აკონტროლებდა, როგორც ეს სულ ხდება.
არავინ არ აუყვანიათ და არც გაუდეპორტებიათ, გუშინ ჩემი მეგობარი გააჩერეს ისიც მექსიკიდან შემოსული და უპრობლემოდ გაუშვეს! ჩემი მეგობრის დეიდაშვილის შვილს ახალგაზრდა ბიჭს გული გაუსკდა ნერვიულობისგან, არ იმუშაო გაგადეპორტებენო და ვერ გადაიტანა ადამიანმა, ამდენ ვალს როგორ გადავიხდიო და გარდაიცვალა! კაცი გარდაიცვალა ნერვიულობით!!!!
ყველას გული ერთნაირად ვერ უძლებს! ამდენი ანონიმური მესიჯი ჯგუფებში, ასე ხალხის დაზაფრა თქვენ რა სიამოვნებას განიჭებთ? რას ემსახურებით? რამ გაგაბოროტათ ესე ხალხო?! მეგობრებო გთხოვთ ნუ უსმენთ ნურავის, გააგრძელეთ მუშაობა პატიოსნად, იცხოვრეთ მშვიდად ჩვეულ რიტმში! მშვიდობიან და მშრომელ ხალხს არავინ არსად გააგდებს! მიყვარხართ და წარმატებები ყველას!” – წერს შერმადინი.
ცნობისთვის, თეთრ სახლში დაბრუნების დღეს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიზნად დაისახა “მიგრანტების შეჭრის” წინააღმდეგ ბრძოლა. მან გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა აშშ-მექსიკის საზღვარზე და სამხედროებს უბრძანა საზღვრის “დაკეტვა”. მასობრივი დეპორტაცია 24 იანვრიდან დაიწყო.