რით გააცნო თავი ბარსელონას ალექსი კიკვიძემ და როგორ შეიყვარა მთელმა საქართველომ მისი გერმანელი მეუღლე
ალექსი კიკვიძისა და სტელა კოჩის წყვილს, სოციალური ქსელებიდან მათი პოზიტიური ვიდეოების დამსახურებით, ალბათ, ძალიან ბევრი იცნობთ. ალექსმა მუსიკალური კარიერა საქართველოში დაიწყო და ბარსელონაში გააგრძელა. მუსიკამ შეახვედრა სტელასთანაც და ორივემ ერთად კიდევ უფრო ბევრი გულშემატკივარი გაიჩინეს.
ალექსი კიკვიძე: საქართველოში საკმაოდ ბევრი მსმენელი მყავდა, ქუჩის მუსიკოსი გახლდით, რაც ძალიან საინტერესო იყო. 2013 წელს რეალით შოუში „მაგთიფანი“ მივიღე მონაწილეობა, 2015-ში – „ახალ ხმაში“, 2018 წელს კი „X ფაქტორში“ გამოვედი, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მომიტანა.
2017 წელს, „X ფაქტორამდე“, საქართველოდან ბარსელონაში წამოვედი. აქ ჩემი მეგობარი მუსიკოსები ცხოვრობდნენ და მეც მიმიპატიჟეს: მოდი, ევროპაში რაღაც ქართული შევქმნათ მუსიკალური თვალსაზრისითო. აქაც ქუჩაში დაკვრა დავიწყე. სამი წელი ჩამოვდიოდი ხოლმე საქართველოში. საბოლოოდ, აქაურობას ძალიან კარგად მოვერგე და დარჩენა გადავწყვიტე. მთელი ბარსელონა მიცნობს, როგორც ქართველ, კარგ მუსიკოსს და კარგ ადამიანს. მე, როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტი, ვცდილობ, საქართველო ძალიან კარგად წარმოვაჩინო.
– როგორ მოახერხე უცხო ქვეყნისთვის თავი ასე გაგეცნო?
– ვიცოდი, ვინ ვიყავი და რა შესაძლებლობები მქონდა. თავიდან მარტივი არ იყო, მაგრამ გადავლახე ბარიერები. ქუჩაში დაკვრისთვის რომ ლიცენზია არ გაქვს, ხშირად გიწევს გადაადგილება, ბევრი წინააღმდეგობა გხვდება ამ პროცესში, მაგრამ ამან გამაძლიერა. როცა მუსიკოსი ქუჩაში დგას, მსმენელი მის პიროვნებას კარგად ხედავს, მის სიხარულსა და ტკივილს გრძნობს და მგონია, რომ ძალიან კარგად გამიცნეს.
– საკმაოდ ექსტრავაგანტული სტილი გაქვს და მგონია, რომ ესეც თავის როლს ასრულებს, კარგი გაგებით.
– სიმართლე გითხრა, ბევრი წელია, ცალ-ცალი ფეხსაცმლით, გრძელი წვერითა და სკეიტით დავდივარ. ამას საქართველოში დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ქართველისთვის მიუღებელი იყო ასეთი სტილი. ქუჩაში ცალ-ცალი ფეხსაცმლით რომ მივდიოდი, „ბირჟაზე“ მსხდომი ბიჭები მომაყოლებდნენ ხოლმე ფრაზას: ნახე, ბიჭო, ეს უბერავსო და მსგავსებს. ამის გამო პრობლემები შემქმნია, ჩხუბიც მომსვლია. უთქვამთ, შენ გეი ხომ არ ხარო. მოკლედ, მქონდა შეტაკებები და ცოტა ბლატნოი ლაპარაკებიც (იცინის).
აქ განსხვავებული მიდგომაა. ეს ხალხი პოზიტიურად აღიქვამს ჩემს სტილს, აინტერესებთ, მოსწონთ. ეს მათთვის ხელოვნებაა და ჩემთან ერთად ფოტოებს იღებენ. ჩემი სტილითაც ძალიან პოპულარული ვარ (იცინის). აქაც არიან ისეთები, ვისაც უკვირს, მაგრამ არ მოვა და არ გეტყვის, ეს რატომ გაცვიაო.
– სირთულეები ახსენეთ და ოჯახთან და შვილებთან განშორებაც არ იქნებოდა მარტივი.
– ყოველთვის მინდოდა საქართველოდან წამოსვლისა და უცხოელებისთვის ჩემი მუსიკის გაცნობის შესაძლებლობა მქონოდა. საქართველოში ვერ გავუკეთე საკმარისი რეალიზება ჩემს თავს – „ხინკლის ფონზე მუსიკოსი“ არ მინდოდა ვყოფილიყავი და ბევრი წელი ასე ვიყავი. პირველ რიგში, აქეთ წამოვედი იმიტომ, რომ ცხოვრება მომეწყო, ჩემი შვილები და ყოფილი მეუღლე წამომეყვანა. ამასთან დაკავშირებით ჩემს მეუღლესთან ვერ შედგა შეთანხმება – არ უნდოდა, საქართველოს დატოვება. ვუთხარი, შენ ახალი ცხოვრება დაიწყე, მეც ასე მოვიქცევი-მეთქი. რამდენიმე წელი ბავშვები საქართველოში იყვნენ. რა თქმა უნდა, მიჭირდა აქ მათ გარეშე. ახლა ჩემი შვილები ჩემთან არიან და განათლებას აქ იღებენ. სკოლას რომ დაამთავრებენ, მერე თვითონ გადაწყვეტენ, სად უნდათ ცხოვრება.
– დღეს შენსა და სტელას წყვილს განსაკუთრებით ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ყველას ძალიან შეაყვარეთ თავი. სტელა, როგორი იყო შენი ცხოვრება ალექსის გაცნობამდე?
სტელა კოჩი: მე გერმანელი ვარ. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, გამოცდების წარმატებულად ჩაბარების შემდეგ მინდოდა, ჩემი თავი დამესაჩუქრებინა და გადავწყვიტე, სამოგზაუროდ ისეთ ადგილას წავსულიყავი, სადაც მანამდე არ ვყოფილვარ და ასე აღმოვჩნდი ბარსელონასთან ახლოს, მალიორკაზე. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, შეყვარებული მყავდა, მაგრამ დავშორდით. გადავწყვიტე, მარტო ვყოფილიყავი. იმ მომენტში არავისთან ურთიერთობა არ მინდოდა. ზუსტად ასეთ დროს გავიცანი ალექსი.
ალექსი: მეც იგივე პრობლემა მქონდა. ჩემს ყოფილს რომ დავშორდი, მალიორკაზე წავედი. სიყვარულის გაგონება საერთოდ არ მინდოდა. ჩემს თავს ვეუბნებოდი. ალექს, იმოგზაურე და ისიამოვნე, ყველას თავი დაანებე-მეთქი (იცინის). მალიორკაზე ორი თვის ჩასული ვუყავი, ვუკრავდი, ხალხი კარგად გავიცანი. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს, ჩემს უბანში ვიყავი. ერთ დღეს ვუკრავდი და ორი გოგო დაჯდა ჩემს მოპირდაპირე მხარეს. ცოტა მხედველობის პრობლემები მაქვს, მაშინ სათვალე არ მქონდა და შორიდან, უფრო ამის დაქალი მომეწონა (იცინის). თან, ღვინით ცოტა შეჟუჟუნებული ვიყავი და მეგობარს ვუთხარი, ის გოგოები არ გაუშვა. მე წავალ, ღვინოს მოვიტან-მეთქი. მოვიტანე და ესენი აღარ არიან. მეგობარი მეუბნება, ისინიც ღვინოზე წავიდნენო და ცოტა ხანში მათაც ზუსტად იგივე ღვინო მოიტანეს, რომელიც მე ვიყიდე. არადა, მეგონა, დავკარგე (იცინის). სიმთვრალეში, ხომ იცი, ცოტა ფლირტაობა, ბევრი საუბარი, უამრავ თემას შევეხეთ და ჩემი და სტელას შეხედულებები და გემოვენება ყველაფერში დაემთხვა. ვაიმე, ღმერთმა გამომიგზავნა ეს გოგო-მეთქი, ვთქვი.
სტელა: ეს ჩემთვის მაინც მეგობრული მომენტი იყო, მე ამ ურთიერთობისგან არაფერი მინდოდა. მუსიკა, მოგზაურობა, მეგობრობა, მეტი არაფერი, სიყვარულზე არ მიფიქრია.
ალექსი: მე თავიდანვე მომეწონე.
სტელა: სიმპათია მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი, ვინ იყო. დამაინტერესა, მაგრამ მხოლოდ მეგობრულად. რომ მითხრა, ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავიო, მე, როგორც გერმანელს, გამიკვირდა: პირველ შეხვედრაზე ასეთ რამეს ვინ ამბობს-მეთქი. შოკი იყო ჩემთვის, მაგრამ თან მომეწონა მისი პირდაპირობა.
ალექსი: მერე ერთად დავუკარით, რაღაცები ვასწავლეთ ერთმანეთს. შემდეგ დავპატიჟე იქ, სადაც ბიჭებთან ერთად ყოველ შაბათ-კვირას ვუკრავდი და სტელა სცენაზე გამოვიძახე. მას მანამდე არასდროს დაუკრავს პუბლიკის წინაშე და ნერვიულობისგან სულ გაოფლიანებული გამოვიდა. არ მინდაო, ამბობდა, მაგრამ არ დავნებდი. პირველად დაუკრა ბენდთან ერთად და უსაყვარლესი იყო.
სტელა: ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ ნდობა არ მქონდა. ვაფასებდი, როგორც მეგობარს. ორი დღით ვიყავი მალიორკაზე, მაგრამ რადგან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, დავრჩი. დიდ დროს ვატარებდით ერთად. მეგობართან ერთად დამპატიჟა და აჯაფსანდალი მომიმზადა. ეს ძალიან მომეწონა.
ალექსი: ამან „დაკერა“ (იცინის).
სტელა: მასში ისეთ თვისებებს ვხედავდი, რაც ცოტა უცხო იყო ჩემთვის. თან, მიკვირდა, თან, მომწონდა. მანამდე ასეთი შეგრძნებები არ მქონია. ბოლო დღეს მითხრა, მე შენ ძალიან მომწონხარ და არ მინდა, ჩემი გრძნობებით ითამაშოო. მე ვუთხარი, რომ ჯერ არ ვიცოდი, რა მინდოდა და დრო მჭირდებოდა.
ალექსი: ჩემთან, ბარსელონაში დავპატიჟე, რომ კარგად გავეცანი. ორ კვირაში მესტუმრა სამი დღით. შემდეგი სამი თვის განმავლობაში ჩამოდიოდა და უკან ბრუნდებოდა. ბოლოს, პირდაპირ ვთქვით, რომ ცოლ-ქმარი ვიყავით. უკვე ნათელი იყო, რომ ერთად ყოფნა გვინდოდა.
– სტელა, თქვენმა ოჯახებმა როგორ მიიღეს ერთმანეთი?
სტელა: პირველად ალექსი შეხვდა ჩემს ოჯახს. ჩემი მშობლებისთვის ცოტა უცხო იყო ასეთი კაცი, მანამდე მისნაირი შეყვარებული არ მყოლია. ჩემი მშობლები ძალიან გახსნილები და თანამედროვედ მოაზროვნეები არიან. ნახეს, რომ კარგი კაცია, განათლებული, დიდი გული აქვს და ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ ალექსთან. მამაჩემი და ალექსი ლუდს სვამენ ერთად და საუბრობენ. თან, მამა დრამერია. დედაჩემსა და ალექსს განსაკუთრებულად უყვართ სამზარეულო. ჰარმონია გვაქვს ერთად. მე პირველად ნახევარი წლის შემდეგ ჩამოვედი საქართველოში. უდიდესი გულით მიმიღეს, ოჯახის წევრივით.
– საქართველო როგორ მოგეწონა?
– ძალიან. ასეთ ქვეყანაში მანამდე არ ვყოფილვარ. ყველაფერი ძალიან ლამაზი და საინტერესო იყო. კარგი ხალხი, გემრიელი საჭმელი. ძალიან მიყვარს საქართველოში ქუჩის ძაღლები, მათთან შეხვედრა მაბედნიერებს.
– გერმანელისთვის ქართული ენის შესწავლა მარტივი არ იქნება. ეს როგორ მოახერხე?
– ჩემს ქართულს კიდევ ბევრი სწავლა სჭირდება. ინტერესი თავიდანვე გამიჩნდა და სწავლა დავიწყე. ენები ბავშვობიდანვე მიყვარს, 6 ენა ვიცი. ქართული თავისით მოდის, ბევრი ფიქრის გარეშე. ალექსისა და მისი მეგობრის დამსახურებით მთელი დღე ქართული საუბარი მესმოდა. თავიდან ალექსს არ უნდოდა, რომ ჩემთან ქართულად ელაპარაკა. მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ამბოდა ქართულად. მოთმინება არ ჰქონდა, რომ ესწავლებინა. ამიტომ „გუგლის“ დახმარებით დავიწყე სწავლა.
ალექსი: ლობიოზე გიჟდება და პირველი ქართული სიტყვები არ გაინტერესებთ? – „აი ლობიო“ (იცინის).
სტელა: იმიტომ, რომ ლობიოც მიყვარს და შენც მიყვარხარ. გრამატიკა მიჭირს, მაგრამ ბევრი სიტყვა ვიცი.
ალექსი: სპეციალურად არ ვუსწორებ, გატეხილი ქართულით ისე საყვარლად ლაპარაკობს, ვგიჟდები. ჩამეხუტეს მაგივრად, ჩახუტეო, მეუბნება. კიდევ, დიდი მიყვარხარო. ჩემს ბავშვებსაც ვეჩხუბები, არ ასწავლოთ-მეთქი (იცინის).
– როგორ მოახერხეთ, რომ სოციალურ ქსელში ამდენი ადამიანისთვის შეგეყვარებინათ თავი?
– სიმართლე გითხრათ, თავიდან ჩემს მეგობრებს ვუზიარებდი ვიდეოებს ჩვენი ურთიერთობებიდან, მერე ვიდეოს გადაზიარებებმა იმატა და ჩვენმა ყოველდღიურმა ხუმრობებმა ბევრი ადამიანის ყურადღება მიიქცია. ნატურალური ვიდეოებია. არანაირი მიზანი არ გვქონია, მაგრამ ნახვების რაოდენობა ძალიან გაიზარდა.
– ალბათ, სასიამოვნოა მათგან სითბოსა და სიყვარულის მიღება.
სტელა: ძალიან ლამაზი შეგრძნებაა. კიდევ ვერ ვხვდები, რატომ გიჟდებიან ჩვენზე. ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა, ვხედავ, რომ გვაფასებენ და ვუყვარვართ. მეც ვაფასებ და მიყვარს თქვენი ქვეყანა, კულტურა და ენა. ქართველები რომ ასეთი მადლობლები არიან ამის გამო, თავიდან მიკვირდა. მაგალითად, ალექსმა რომ გერმანულად დაიწყოს საუბარი, არა მგონია, გერმანელებმა ამხელა სიყვარული გამოხატონ, მათ ასეთი რამეები ნაკლებად აინტერესებთ, რადგან დიდი ქვეყანაა.
ალექსი: ამიტომ ხართ ცივები.
სტელა: განსხვავებული ქვეყნებია, განსხვავებული მიდგომებით. ძალიან მიყვარს, როცა ალექსი, აქ, ესპანეთში, მისთვის უცნობ ქართველს ნახავს და ისე ხვდება, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები არიან. ეს მიკვირს და თან მომწონს, ლამაზი სანახავია.
ალექსი: ახლა ორივეს ძალიან გვიხარია იმის გამო, რომ საქართველოში მოვდივართ. როგორც იცით, „ნიჭიერის“ ნახევარფინალში გადავედით და კარგი ქართული სიმღერა გვაქვს მომზადებული, რომელსაც ერთად შევასრულებთ. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი გამოვა.