“ღმერთისთვის ასეთი სიძლიერეც არ მითხოვია… საერთოდ აღარ მახსენდება, რა სირთულეებთან მომიწია გამკლავება”
მომღერალი ინდირა ჯგერნაია შოუბიზნესში საკმაოდ აქტიურია. ცდილობს, დრო თანაბრად გადაანაწილოს საქმესა და პირად ცხოვრებაზე. მისთვის პრიორიტეტი ერთადერთ შვილთან, 7 წლის ანდრიასთან ურთიერთობაა. ინდირა თვლის, რომ ძალიან ძლიერი ადამიანია. მის ცხოვრებაში იყო დრამატული მოვლენები, დღეს კი სიმშვიდე და სიწყნარე ყველაზე მეტად სჭირდება. როგორია მომღერლის დღევანდელობა, „სარკეს” თავად უამბობს.
– ინდირა, ბევრს მუშაობთ საკუთარ თავზე?
– საკუთარ თავზე მეტად სხვა ადამიანებზე ზრუნვა მიყვარს. საკუთარი თავისთვის ყველაზე ნაკლები დრო მრჩება. იმდენი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული, რომ ჩემი თავი ბოლოში მყავს გადწეული, მთლიანად ჩემს შვილზე ვარ მორგებული. მთელი ჩემი სამუშაო გრაფიკი ისეა აწყობილი, რომ შვილს ყურადღება არ მოაკლდეს. ვცდილობ, საღამოობითაც არ ვიმუშაო რესტორანში. აბსოლუტურად შევზღუდე საღამოს სამუშაოები, არც ერთ რესტორანში არ ვმღერი, რომ ჩემს შვილთან ურთიერთობისთვის მეტი დრო მქონდეს.
– არის თუ არა ოჯახური გარემოება ხელისშემშლელი ხელოვანისთვის?
– თუ გინდა, წარმატებული იყო, ზუსტად გაანაწილებ დროს ოჯახურ ცხოვრებასა და კარიერაზე. ერთი რამ ვიცი, რომ ანდრიას დროს ვერ მოვაკლებ. ვიცი, რომ შვილთან დაკარგულ დროს უკან ვერასოდეს დავიბრუნებ. კარიერაში შემიძლია, რაღაც პაუზები ყოველთვის ავინაზღაურო.
– თავად განებივრებული იყავით მშობლებთან ურთიერთობით თუ ამის ნაკლებობა გქონდათ, რატომაც ასე აფასებთ შვილთან ურთიერთობას?
– განებივრებული ბავშვი არასოდეს ვყოფილვარ. 4 წლისას მამა დამეღუპა. სამი დედმამიშვილი ვიყავით, რთული იყო ცხოვრება მამის გარეშე. უბრალოდ, ნიჭიერი ბავშვი ვიყავი და სულ მიყვარდა ლიდერობა. ვცდილობ, რაც მე არ მქონდა, ჩემს შვილს მივცე. მინდა, მას ჰქონდეს ლაღი და უზრუნველი ცხოვრება. ანდრია დღეს უკვე 7 წლისაა, კარგად სწავლობს.
– მუსიკისადმი გამოხატავს ინტერესს?
– არ ვაძალებ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი სმენა აქვს. პოლიპები და გლანდები ამოიჭრა ერთი წლის წინ და უკეთესად მღერის. რამდენჯერმე ვამღერე ჩემი სტუდიის ბავშვებთან ერთად, მაგრამ მინდა, ეს მისთვის ნებაყოფლობითი იყოს.
– როგორ ახერხებთ, რომ ქუთაისიდან იყოთ აქტიური დედაქალაქში?
– ხანდახან მართლა არ მყოფნის დღე იმისათვის, რომ სრულად ჩავეტიო ჩემს სამუშაო გეგმებში. არასოდეს არაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ვიყო აქტუალური. მე ვმუშაობ ჩემს სიმღერებზე და ამას მსმენელს ვთავაზობ. ყველაფერი ბუნებრივად ხდება. დღევანდელ პირობებში საერთოდ არ არის რთული, ვცხოვრობდე ქუთაისში და ვმუშაობდე თბილისში. ახალი გზების პირობებში ორ საათში უკვე თბილისში ვარ. თუკი არ გეზარება და გინდა, თბილისში კი არა, სად არ წახვალ.
– მაგრამ ფაქტია, რომ საცხოვრებლად თქვენი კომფორტული ზონა არის ქუთაისი.
– კი, ჩემი მეგობრები ხშირად აღნიშნავენ, ქუთაისში ყველაფერი ერთ დღეზე აქვს აწყობილიო. ჩემი შვილის სკოლაც ახლოს არის, ბავშვების სტუდიაც. თბილისში რომ ვცხოვრობდე, ნახევარი დღის გატარება საცობებში მომიწევდა. ჩემთვის ქუთაისში ცხოვრებისას მთავარი კომფორტი და სიამოვნება ის ურთიერთობებია, რაც ამ ქალაქს ოდითგანვე ახასიათებს. დღეს ჩემი ცხოვრება ქუთაისში საკმაოდ დატვირთული და საქმიანია. არ იფიქროთ, რადგან რეგიონია, აქ ცხოვრების რიტმი ნაკლებია. ის გამოთქმა, რომ ვინც შრომობს, ის ჭამს, ყველგან ამართლებს.
– გქონიათ განცდა, რომ რაღაც დააკელით საკუთარ თავს, რაღაც შანსები არ გამოიყენეთ?
– ადრე მეც ვფიქრობდი ასე, მაგრამ რაც დრო გადის, ასეთ რაღაცებზე არ ვფიქრობ. როცა უკან ვიხედები, ზუსტად ვიცი, სად რა შეცდომა დავუშვი და ვცდილობ, აღარ გავიმეორო. ალბათ, ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, საკუთარ კარიერას დრო დავაკელი.
– თვლით, რომ თქვენს შესაძლებლობებს სრულად იყენებთ?
– რა თქმა უნდა, არა. სად და როგორ გამოვიყენო, მითხარით და კი, ბატონო!
– დღევანდელობაში ძალიან ადვილია, საკუთარი ხმა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში წარადგინოთ, არსებობს უამრავი კონკურსი. ამ ყველაფერს იყენებთ?
– სულ ვიცი იმის თქმა, ღმერთო, ისე არ გამიჭირვო, ჩემი შვილი დავტოვო და წავიდე-მეთქი. ვიცი, ახლა ჩემს შვილთან გამოტოვებულ ნებისმიერ დღეს და საათს არავინ ამინაზღაურებს. გაიზრდება და შემდეგ უფრო მეტ აქცენტს გავაკეთებ საკუთარ კარიერაზე.
– მგონი, გიჟი დედა ხართ.
– ყველა მეუბნება, რომ ძალიან გიჟი დედა ვარ. მე ვთვლი, რომ საკმაოდ ზომიერი ვარ. სიმკაცრეც მახასიათებს და ძალიანაც არ ვანებივრებ. უბრალოდ, მინდა, ლაღი და უზრუნველი ბავშვობა ჰქონდეს. პრობლემები მერეც ეყოფა ცხოვრებაში.
– თქვენს პირად ცხოვრებაში სირთულე, დრამები საკმაოდ იყო. დღეს როგორ არის ამ მხრივ სიტუაცია?
– ბედნიერი ნამდვილად ვარ – ყველა ჯანმრთელად მყავს და ყველა გვერდით მყავს. ხშირად მითქვამს, ღმერთისთვის ასეთი სიძლიერეც არ მითხოვია-მეთქი. ხანდახან მინდა, სუსტიც ვიყო.
– ხშირად გახსენდებათ სირთულეები, რაც გამოიარეთ?
– არ ვიცი, დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ ხშირად საერთოდ აღარ მახსენდება, რა სირთულეებთან მომიწია გამკლავება. საერთოდ ვცდილობ, ცხოვრებაში ნეგატივზე არასოდეს ვიფიქრო.
– ბედნიერი ქალი ხართ?
– კი, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ. მე მიყვარს ჩემი ოჯახი, ჩემი შვილი, ჩემი მეგობრები და ჩემი საქმე. თუ სიყვარულის გრძნობა არ გაგაჩნია, ვერ იმღერებ.
– საყვარელი ადამიანი გვერდით?
– აბსოლუტურად მარტო ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ჩემმა ცხოვრებამ ძალიან გამაძლიერა. ასე მგონია, ძილშიც კი ძლიერი ქალი ვარ.
– რა დროს ტირით?
– თუ გამოვრიცხავთ საყვარელი ადამიანის დაკარგვას და ამასთან დაკავშირებულ პრობლემებს, შეიძლება კარგ ნამღერზეც კი ვიტირო. ანრი ჯოხაძის კოცნერტზეც კი ვიტირე და ჩემი შვილი გაკვირვებული მეკითხებოდა, რა გატირებსო. ძალიან ემოციური ვარ მუსიკალური კუთხით.
– ასე მგონია, რომ ერთხელაც თქვენს სათქმელს კიდევ უფრო ხმამაღლა იტყვით. რისთვის ემზადებით?
– მე ისეთი პრემიერისთვის ვემზადები, რომ ვიცი, მაყურებელს ძალიან მოეწონება. მაისში, ქუთაისობას, ახალი სიმღერის პრეზენტაცია მექნება, რომელიც ამ ქალაქს ეხება. ტექსტის და მელოდიის ავტორიც მე ვარ.
– ბავშვობის ოცნებების ასრულება მოახერხეთ?
– კი, ხანდახან მეცინება კიდეც იმ ოცნებებზე, რაც ბავშვობაში მქონდა. ბავშვობის ოცნებიდან ასასრულებელი ორი რამ დამრჩა, რომლებსაც ვერ გავამჟღავნებ. ვინც ჩემი მიზანსწრაფულობის ამბავი იცის, მიხვდება, რომ ამას ადრე თუ გვიან განვახორციელებ.
– არ ოცნებობთ თბილ ოჯახურ გარემოზე, გვერდით საყვარელ ადამიანზე?
– ვერ ვხვდები, რატომ ჰგონიათ, რომ ბედნიერებისთვის საჭიროა გვერდით საყვარელი ადამიანი. ზოგადად სიტყვა “კაცის” მიმართ ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი.
– რა დგას თქვენს ცხოვრებაში სიმღერის შემდეგ?
– ბევრი გატაცება მაქვს – ხატვა, კულინარია, ცურვაც მიყვარს.
– რა იკითხება თქვენს ნახატებში?
– გააჩნია, რას რა თვალით შევხედავ ხოლმე, მაგალითად, ამას წინათ ავტობანზე რომ მოვდიოდი, ისეთი ლამაზი პეიზაჟი იყო, რომ მაშინვე დავიწყე ფიქრი, რომელი საღებავით დავხატავდი ამ სილამაზეს. ისე გავერთე ფიქრებში, ლამის ავარია მოვახდინე.
– კულინარიაში რა არის თქვენი ძლიერი მხარე?
– ცომი. იმის გამო, რომ ხშირად ვმღეროდი რესტორანში, მერესტორნე მომღერალს მეძახდნენ. სულ სცენაზე კი არ ვიდექი, სამზარეულოშიც შევდიოდი და კერძების მომზადებას ვსწავლობდი. სამზარეულოში მყარად ვდგავარ და არ მეშინია. ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები.
– გემრიელი კერძების სიყვარული როგორ აისახება თქვენს წონაზე?
– მაგალითად, ახლა სულ შიმშილზე ვარ გადასული. მგონი, დღეში ერთხელ ვჭამ. არ ვიცი, რამდენსაათიანი დიეტა გამომდის.
– არ ფიქრობთ, რომ ასეთმა დიეტამ შეიძლება ჯანმრთელობა დაგიზიანოთ?
– ამ ახალი წლის დღეებში იმდენი ვჭამე, სხვანაირად ზედმეტ კილოგრამებს ვერ გავუმკლავდები. სადაც მივდიოდი, ყველგან გოზინაყი, ცომეულობა და ნამცხვრები მხვდებოდა. 10 კილო უნდა დავიკლო, რომ ეკრანზე ისე გამოვიყუ-რებოდე, როგორც მე მინდა.
ავთო ჩიტიძე
“ღმერთისთვის ასეთი სიძლიერეც
არ მითხოვია”
რა არის ბედნიერება ინდირა ჯგერნაიასთვის – “საერთოდ აღარ მახსენდება, რა სირთულეებთან მომიწია გამკლავება”