“როცა დედას ვნახულობ, სულ ვეფერები, მინდა, ჩემგან დარჩეს სითბო…”

49

დალი ჩიტალაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც ის დედისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე ზრუნავს, დიდი სიყვარული და უამრავი კომენტარი მოჰყვა. მან 85 წლის დედისთვის ნაძვის ხე მორთო, მასთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატარა და კადრები მეგობრებსაც გაუზიარა. 

დალი ჩიტალაძე გასულ წელს “დილა მშვიდობისა საქართველოს” ეთერში დედაზე, მის როლსა და მნიშვნელობაზე საუბრობდა:

“დედა არის ჩემთვის ყველაფრის საწყისი. რომ ამბობენ, მშობელს ასაკი არ აქვსო, მართალია. არ აქვს მნიშვნელობა, დედა ადრე წავა ამ ქვეყნიდან თუ-გვიან, ყოველთვის ძალიან მწარე და მტკივნეულია. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს საშუალება, ვინმეს დედა დავუძახო, რომ დედა მყავს.  მახსოვს, დედა მხოლოდ მაშინ ბრაზდებოდა, როცა ვინმესგან უმადურობას იგრძნობდა, ამბობდა, რომ ყოველთვის მადლიერი უნდა იყო. რაც მეტად მადლიერი ხარ, უფრო მეტი მოგეცემა – ეს დედასგან ვიცი და ცხოვრებამაც მასწავლა.

დედას აქვს ცისფერი თვალები, ეს ფერი ჩემთვის სიმშვიდეა, სიწყნარეა…  

ბევრი ტრაგედია აქვს დედას გადატანილი, მე ძმაც გარდაცვლილი მყავს და – დაც. ამდენი სტრესის შემდეგ დედა აღარ არის კარგად, ჩვენთვის დიდი სიხარულია, როცა დედას ფეხზე ვნახულობთ.

როცა დედას ვნახულობ, სულ ვეხუტები, ვეფერები, მინდა, ჩემგან დარჩეს სითბო. მინდა, მეტი დრო მქონდეს მასთან გასატარებელი”…