“ჩემზე ამბობდა, რომ მე ვარ საოცრად უწიგნური… არადა, ზუსტად იცოდა, რომ მე უწიგნური არ ვარ”

40

“არ მიყვარს საჯაროდ თქმა ჩემს კოლეგებზე, რომ რაღაცას სწორად აკეთებენ და რაღაცას – არა, არ გამოდის ლამაზად. 

ჩემი თაობიდან ყველამ ძალიან პატარა ასაკში დავიწყეთ მუშაობა. როცა ტელევიზიებში მივედით, იქ დაგვხვდა ძველი საბჭოთა გვარდია. ძალიან მწარედ მახსოვს, როგორ ლანძღავდა ნაკლებად ცნობილი, კადრს გარეთ მყოფი ადამიანი ახალგაზრდებს. იმდენ საძაგელ შენიშვნას აძლევდა, ისეთ საძაგელ სიტყვებს ეუბნებოდა ახალგაზრდებს გული მოგიკვდებოდათ. არადა, ახალგაზრდა ხომ იმისთვის არის, რომ შეეშალოს, წაიქცეს, ისწავლოს – ჩვენ ასე ვისწავლეთ.

ხომ ყველას ჰყავს ჟურნალისტი, რომელიც მისთვის მისაბაძია, მოსწონს. მეც მყავდა ასეთი, ჩემზე 20-30 წლით უფროსი იყო ეს ჟურნალისტი. 20 წლის ვიყავი, როცა მასთან ვმუშაობდი, მისი გადაცემისთვის სიუჟეტებს ვაკეთებდი. ერთ დღესაც, ფეისბუკზე იდება ვიდეო, სადაც ჩემზე საუბრობს და ამბობს, რომ მე ვარ საოცრად უწიგნური. არადა, ზუსტად იცოდა, რომ მე უწიგნური არ ვარ. უბრალოდ, მე იმ დროს ვიყავი ყველაზე პოპულარული თოქ-შოუს წამყვანი, „პროფილი“ პიკში იყო მაშინ. 

ამიტომ, მე ვხედავ სხვების შეცდომებს,მაგრამ ხმამაღლა არ ვამბობ, მაყურებლის რაოდენობით გამოჩნდება, ვინ წავა და ვინ – დარჩება“, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა გიორგი მახარაშვილისა და გიორგი კალატოზის პოდკასტში ისაუბრა.