“დიახ, უბედური ვარ, მაგრამ ამას ვებრძვი და თქვენ ამას არასდროს გაჩვენებთ” – მაია ასათიანი მიმართვას ავრცელებს
“უკვე 10 წელია, ზაფხული ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული პერიოდია. და რატომ? ამ დროს საცურაო კოსტიუმს ვიცვამ და ვცურავ. არა მხოლოდ ვცურავ, არამედ ფოტოებსაც ვიღებ და სოციალურ ქსელში ვათავსებ.
და იწყება საოცრება… ქალები, რომლებსაც პროფილზე ქმარ-შვილთან ან ხატებთან გადაღებული ფოტოები უდევთ, და, ვითომ, “მამრები“, საშინელებების წერას იწყებენ. თან ჩემს შვილზე წერენ.
რამდენიც უნდა მითხრათ, ყურადღება არ მიაქციოო, როცა ქალი, შვილების დედა, მიწერს: “ამან რაც შვილი დაასაფლავა, სულ გააფრინა”, ჩემზე ეს ყოველთვის იმოქმედებს.
მიმაჩნია, რომ საკუთარი უბედურების სხვებისთვის თავს მოხვევა ძალიან არასწორია. ძალიან არასწორია მოგიყვეთ სინამდვილეში როგორ ვარ, ძალიან არასწორი იქნება, დეტალებში რომ აღგიწეროთ – დამერწმუნეთ, ეს ჩემი პროფესიაა და შემიძლია – როგორ ჩამაკვდა ხელებში 18 წლის ერთადერთი ქალიშვილი უცხო ქვეყნის რეანიმაციულ განყოფილებაში და როგორ ვებრძოდი მერე საკუთარ თავსაც და სიკვდილსაც ჩემსავე თავში, რომ გადავრჩენილიყავი.
არ მოგიყვებით იმაზე, რომ იქ, სამზარეულოში, უამრავი მედიკამენტი მიდევს, რადგან ამ 10 წლის განმავლობაში ჯანმრთელობა კატასტროფულად შემერყა. თქვენ გინდათ და მთხოვთ, რომ უბედური დამინახოთ თუ ეს დაგამშვიდებთ – დიახ, უბედური ვარ, მაგრამ ამას ვებრძვი და თქვენ ამას არასდროს გაჩვენებთ, რადგან ვთვლი, რომ ეს უკულტურობაა. ხოლო როგორ ვყმუი ღამით, როცა ჩემი შვილი მენატრება, ეს, ალბათ, მხოლოდ ჩემს მეზობლებს, დუდის და ბუბუს ესმით.
თუ ამის გაგება გინდათ – დიახ, ეს ასეა. მაგრამ ახლა ვიდეოგრაფს ველოდები, აუზზე უნდა წავიდე და იდეალური რუჯის რეკლამა გადავიღო, რადგან 49 წლის ვარ, ყოველდღე ვვარჯიშობ და, დიახ, მიმაჩნია, რომ შვილმკვდარი ქალისთვის საცურაო კოსტიუმით ვიდეოს გადაღება უხერხული არ არის.
რატომ მაიძულებთ ყოველ წელს ამის თქმას, მიუხედავად იმ საშინელებებისა, რასაც მწერთ, მე არასდროს გეტყვით, ჩემი ფეხსაცმელი ჩაიცვით-მეთქი, რადგან მტერსაც არ ვუსურვებ ერთადერთი შვილის გარდაცვალებას, მით უმეტეს მაშინ, როცა არც ქმარი გყავს და აღარც არავინ.
წარმატებებს გისურვებთ, ჩემო ბნელებო! მე აუზზე მივდივარ. წითელი საცურაო კოსტიუმი უნდა ჩავიცვა,” – ამბობს მაია ასათიანი.