“ორივეს ძალიან გვიჭირს, ძალიან ძნელია…“ – კუკარაჩა დეიდა ანიკოს ემშვიდობება

„ჩემო კუკარაჩა, სული მე მაინც ბოთლში გამომწყვდეული ადამიანის ფიქრი და ოცნება მგონია, რომელიც თავისი გაჩენის დღიდან თავისუფლებას ელოდება, თავისუფლებისაკენ მარადიული ლტოლვა სწრაფვა ახასიათებს…“

„ყველა გენიოსი მე ბოთლიდან გათავისუფლებული ჯინი მგონია, მართალია, ზოგი უფრო დიდია,ზოგი უფრო პატარა, ზოგი უფრო სუსტი, ზოგი უფრო ძლიერი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს,რადგან ბოთლიდან გათავისუფლების ბედიერებას ყველა ერთნაირად განიცდის…“- ეს სიტყვები დეიდა ანიკოს ეკუთვნის ფილმიდან „კუკარაჩა“.

ამ პერსონაჟის შემსრულებელი, მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამ ტრაგიკულ ამბავს სოციალურ ქსელში მსახიობი, რეზო ჩხიკვიშვილი გამოეხმაურა, რომლის პოსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენო ძვირფასო მარინა, მას შემდეგ რაც მე და ლევანმა, ეს საშინელი ამბავი გავიგეთ, ვცდილობთ ყოველ დღე ერთმანეთი ვანუგეშოთ და გავაძლიეროთ, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგვდის.

ორივეს ძალიან გვიჭირს, ძალიან ძნელია იმის გააზრება, რომ შენ ჩვენ გვერდით აღარა ხარ, ვერ ვეგუებით ამ მწარე სიმართლეს.

ვიხსენებთ შენთან გატარებულ დღეებს, წუთებს, თეატრსა თუ კინოში, რისი ბედნიერებაც ორივეს გვხვდა წილად. ეს იქნებოდა “თეთრი კურდღელი”, “ოტელო”, “კუკარაჩა” თუ “ევრიდიკე”.

ვცდილობთ, გვინდა რომ ხმა მოგაწვდინოთ და იმედია, სადაც ხარ და იქნები, მაინც გაიგებ ჩვენი გულიდან ნათქვამ სიტყვებს, რომ ძალიან გვიყვარხარ და მუდამ გვეყვარები, სანამ ამქვეყნად ვიქნებით, ჩვენო ლამაზო, ნიჭიერო, უსათნოესო, კეთილშობილო, სულით ხორცამდე ჭეშმარიტო ხელოვანო, მსუბუქი ყოფილიყოს შენთვის ჩვენი ქართული მიწა“,- წერს ჩხიკვიშვილი.

ასევე იხილეთ