კობა ალხაზაშვილის გამოსვლა სტრასბურგში, რუსეთის დელეგაციასთან

ახლახან 37 წლის ჟურნალისტი, კობა ალხაზაშვილი სიმსივნის დიაგნოზით თურქეთში გარდაიცვალა. მას სწრაფად პროგრესირებადი დაავადება მოერია და სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სიმსივნის დიაგნოზი 37 წლის მამაკაცს კორონავირუსის გადატანის შემდეგ გამოუვლინდა.

მისი მეგობარი, ჯაბა მარუაშვილი კობასთან დაკავშირებულ ერთ საინტერესო ეპიზოდს სოციალურ ქსელში იხსენებს:

„ისეთი ტკივილის მიყენება გცოდნია, შენ თვითონ რომ ვერასოდეს წარმოიდგენდი… მაგრად დაგვწყვიტე გული, მაგრამ ახლა ეს უნდა დავწერო:

ერთმანეთს ვარდენს და ნიკოლოზს ვეძახდით, მე მაშაყირებდა, ნიკოლოზ, მუსიკის როლი სოფლის მეურნეობის განვითარებაშიო…

2008 წლის ივნისი იდგა… სტრასბურგში, ევროპის საბჭოში, რუსეთის დელეგაციასთან მოგვიწია ერთობლივი შეხვედრის ჩატარებამ. შეხვედრამდე მოვიდა და მეუბნება: ნიკოლოზ, ახლა, აქ, მე რომ სიტყვისთვის დრო არ მოვითხოვო, არ გამოვაო. მეთქი, კაი, ახლა ვარდენ ჩემო, გადახედე დელეგაციას, დუმის დეპუტატები არიან, ჰაერში სხლავენ სათქმელს და შენ რა უნდა უთხრა ისეთი, ამათმა რომ გაიგონ-მეთქი. აბა, ასე ჩუმად ვისხდეთო? დაიწყო შეხვედრა, გახურდა დებატები, ნელ-ნელა ვხედავდი, როგორ მოუხშირა სუნთქვას, ხელი აიწია და დაიწყო: მე კობა ვარ ალხაზაშვილი, სოხუმიდან, ალბათ, იცით, საქართველოს ეს ულამაზესი ქალაქი. ამდენი ხანია გისმენთ და აზრი ვერ გამომაქვს, რა გინდათ საქართველოსთან, ხან ერთმორწმუნეობაზე იკლავთ თავს, ხან მეგობრობაზე, ხანაც ჭკუას გვარიგებთ… თქვენი პოზიცია არც მეგობრის, არც ერთმორწმუნის და არც დამრიგებლისას არ ჰგავს. მოგეხმარებით ჩამოყალიბებაში და გეტყვით: მე მაინც მგონია, რომ რუსეთი იმ ქალს ჰგავს, რომელიც საყვარელმა მიატოვა, რადგან მისატოვებელი იყო და ახლა გაცეცხლებული მიზეზებს ეძებს, რომ დაიბრუნოს, მაგრამ ვეღარასოდეს შეძლებს ამას, მადლობა! დაასრულა წინადადება და მიკროფონი მშვიდად გათიშა… მახსოვს, მივუტრიალდი და გაოცებულმა ვუჩურჩულე, რა ქენი ეს ვარდენ-ჩემო-მეთქი. მოიცა, თუ ძმა ხარ, ამათ, ასე ერთად, როდის ვნახავთ კიდევო… გაიცინა და თვალი ჩამიკრა… ეს 2008 წლის ივნისი იყო, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის გასვლითი ვიზიტი სტრასბურგში… ასეთი ძმა დამაკლდა მე. მის მეუღლეს, პატარა ნუშიკოს, დედას, დას და ოჯახს კი  ვერც ერთი ჩვენგანი რომ ვერ მიხვდება, ისეთი ტკივილი მიადგათ… თბილისსაც და სოხუმსაც დააკლდა, ერთი, მუდამ მომღიმარი, გულიანი, მოსიყვარულე და სიკეთით სავსე ბიჭი, ჩემი ვარდენა, ჩემი კობა ალხაზაშვილი! ნათელში იყოს შენი ლამაზი სული, კობი!“

ასევე იხილეთ