აფთიაქში მოხუცებულს უცნობმა ბიჭმა 204 ლარის ღირებულების წამლები უყიდა

სოციალური ქსელის მომხმარებელი მაია ბოლაშვილი, გორში ერთ-ერთ აფთიაქში მომხდარ ისტორიას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„წეღან აფთიაქში შევედი. ჩემს წინ ჯოხზე დაყრდნობილი, წელში მოხრილი და ძალიან ცუდად ჩაცმული მოხუცებული იდგა. ჩემს უკან ტატუებაჭრელებული, გრძელ, ხვეულთმიანი, ყურში გარჭობილ-ყურსასმენიანი ბიჭი. რატომღაც და არ ვიცი, რატომ, მისმა შემხედვარემ ჩემთვის გავიფიქრე: რა ინდიფერენტული გამოხედვა აქვს-მეთქი და კიდე უფრო უარესიც, ფიქრს ფიქრი მივაყოლე: დღევანდელი ახალი თაობის ტიპური წარმომადგენელია-მეთქი.

მოხუცებულს რიგმა მოუწია და აკანკალებული ხელით ფარმაცევტს ბლომად წამლებგამოწერილი, ვრცელი რეცეპტი მიაწოდა, რომელმაც 204 ლარისააო მიუგო და მოხუცს მოთმინებით მიაშტერდა. „არა, პაპა“, – ძალიან ტკბილად უთხრა მოხუცმა, „მაგდენს ვერ გადავიხდი, მანდედან ისეთები აარჩიე, ასე, 63 ლარი რასაც ეყოფა“. სირცხვილის და დახმარების უუნარობისგან ერთდროულად გავწითლდი და ამ დროს ზურგს უკან, იმ „ინდიფერენტული“ ბიჭის ხმა მესმის: „არა, არა, ქალბატონო, ყველაფერი მიეცით, რაც უწერია, რაა, ანგარიშზე მაქვს და ბარათით გადავუხდი“

მეც, უსაყვარლეს პაპასაც და ფარმაცევტსაც, ერთდროულად, ღაპაღუპით მოგვდიოდა სიხარულის და სიამაყის ცრემლი.

ქართველია ის „ინდიფერენტული“ ბიჭი და რატომღაც ღრმად მჯერა, არც რცხვენია ქართველობის და ამ ცრემლისთვის მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები მისი.

ეს ჩემი სამშობლოა, ჩემი სათაყვანებელი და ერთადერთი საფიცარი, სამსალასავით მწარე, თუმცა დედაზე ათასჯერ ტკბილი“, – წერს მაია ბოლაშვილი.

ასევე იხილეთ