“გუშინწინ დილით გავიგე, რომ ეს საოცარი ბიჭი კოვიდმა მოკლა”

ნიკა ქავთარაძემ ფეისბუქში დაწერა:

ზესტაფონში, ჩემს უბანში ძალიან ბევრი ბავშვი ვიზრდებოდით ერთად.
იყო ერთი ოჯახი, მამია დუგლაძის ოჯახი. მამიას ცოლი თინა, მაჭავარიანის ქალი იყო, როგორც ჩემი ნორა. ერთი სოფლიდან იყვნენ, ლახუნდარიდან. ბავშვები, რომლებიც დუგლაძეებში ცხოვრობდნენ, ჩემზე პატარები იყვნენ, ჩემ ძმასთან ერთად იზრდებოდნენ.
მამიას ორი შვილი ჰყავდა – ვალერი და თამილა. ვალერი ზესტაფონში ცხოვრობდა, თამილა თბილისში.
რაიონში ზაფხული დამატებით იმითაა კარგი, რომ თბილისიდან ბავშვები ბებია- ბაბუებთან ჩამოდიოდნენ არდადეგებზე.
ამ ოჯახშიც ჩამოდიოდა ხოლმე ერთი ძალიან ლამაზი, ძალიან ძალიან საყვარელი შვილიშვილი გოგა
ამ სურათზე სწორედ გოგაა.
ეს საოცრად თბილი ბიჭი. მართლა ჩემ ხელში გაზრდილი ბავშვი.
ჩემზე 5 წლით იყო პატარა.
ძალიან მიყვარდა და იმას ძალიან ვუყვარდი.
გუშინწინ დილით გავიგე, რომ ეს საოცარი ბიჭი კოვიდმა მოკლა. რამდენიმე საათი ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ყველაფერი მახსენდებოდა.
თავისი კოვიდიანი ბაბუა, მამია, წაუყვანია საავადმყოფოში და იქ შეეყარა ეს საშინელი ვირუსი. ბაბუა გამოჯანმრთელდა, გოგა გარდაიცვალა
ძალიან მოხუცმა ბაბუამ არ იცის, რომ შვილიშვილი მოუკვდა. ვერ გადაიტანს ამ საშინელ ამბავს.
გოგა რამდენიმე დღეში 38 წლის გახდებოდა, რომ არა კოვიდი…
ღმერთმა ნათელში გამყოფოს, ჩემო პატარა ბიჭო, ჩემო პუტკუნა გოგა
რამდენს უნდა გაუძლოს ჩვენმა გულმა, ჩვენმა ნერვებმა?!
აიცერით, ხალხო, აიცერით….

ასევე იხილეთ