“საქართველოში მლანძღავენ, ინდოეთში რამ გაგათხოვაო”

ნათელა საჯაია 26 წელია, ინდოეთში ცხოვრობს. დელიში ინდოელზეა გათხოვილი და 22 წლის შვილი ჰყავს. ქალბატონი ნათელა ,,სარკესთან” ინდოეთზე საუბრობს:

-სოციალურ ქსელში საშინელებებს ვკითხულობ. მლანძღავენ, მანდ რამ გაგათხოვაო, ეგ ბინძურებიო და ათას რამეს წერენ. ღმერთს ვეხვეწები, ისევ ის საქართველო დააბრუნოს, 26 წლის წინ რომ დავტოვე – სიყვარულით სავსე ჯიგრიანი ქართველები.

-როგორ დაიმკვიდრეთ თავი?

-დელის ქორეოგრაფიულ ინსტიტუტში ჩავირიცხე სტიპენდიით. ინდურ კლასიკურ ცეკვას ვსწავლობდი. შემდეგ ავიაკომპანიაში თარჯიმნად დავიწყე მუშაობა. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე.საქართველო უყვარდა, ნამყოფი იყო.

-ისეთივე დიდი სახლი გაქვთ, როგორიც ინდურ სერიალებშია?

-დიახ.ჩემს მეუღლეს ერთი და და სამი ძმა ჰყავს. ყველა დაოჯახებულია და ყველა ერთ დიდ სახლში ცხოვრობს. მე თავიდანვე ცალკე ცხოვრება მოვითხოვე, ამ პირობით გავყევი ჩემს ქმარს, მაგრამ ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს ამ დიდ ოჯახთან.

-არავინ მოგთხოვათ, მათი ტრადიციები და წესები დაგეცვათ?

-როცა მათი რძალი უნდა გავმხდარიყავი, მამამთილს მაშინვე ვუთხარი ჩემი პირობა. მაშინ შექმნი ქართულ-ინდურ ოჯახს და არ დაკარგავ შენს “მე”-ს, როდესაც შენი კუთხე გაქვს.

ჩემმა შვილმა შესანიშნავად იცის ქართული. დედულეთზე ჭკუა ეკეტება, მეუბნება, დე, მომიძებნე ვინმე ქართველი გოგო და ცოლად მოვიყვანო. ვნახოთ, თუ ბედია და გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვისაც ჩემსავით უყვარს ინდოეთი და შეძლებს აქ ცხოვრებას, რატომაც არა?

ჩემმა მეუღლემ 8 ენა იცის,ბევრ ქვეყანაშია ნამუშევარი.ჟურნალისტი და იურისტია, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. ჩემი ვაჟიც იურიდიულზე სწავლობს.

ასევე იხილეთ