“დღემდე უკვირს, როცა ცნობენ, როცა ეფერებიან. სულ ამბობს, რითი დავიმსახურეო”

მომღერალი ეკა მამალაძე ქალიშვილს, მომღერალ ნატალია ქუთათელაძეს ყოველთვის დიდ თავისუფლებას აძლევდა და ახლაც ასეა. უბრალოდ მან ყოველთვის იცის, რომ უკან დიდი ძალა უდგას დიდი ოჯახის სახით.

ეკა მამალაძე ,,სარკესთან” საუბრობს:

– ნატალია ძალიან დამოუკიდებელია, არ უყვარს, როდესაც მის ცხოვრებაში ზედმეტად ერევი. ერთი ზუსტად ვიცი, მეც, ნანიც და მთლიანად ოჯახი მისთვის დიდი ძალა ვართ, რომ ცხოვრებაში სერიოზული ნაბიჯები გადადგას.

– ცხოვრებისადმი დამოკიდებულებით ძალიან განსხვავდება თქვენგან?

– სხვა თაობაა, რომელსაც აქვს თავისი მიდგომები და ხედვები ცხოვრებაზე. ჩვენ სხვადასხვა ინტერესები გვაქვს თუნდაც ხელოვნებაში.

-ალბათ ბევრი რამ გაქვთ საამაყო, მაგრამ უცებ რომ მოიხედავთ, პირველი რა გახსენდებათ, რითი ამაყობთ?

– რა თქმა უნდა, ჩემი შვილებით და ნატალიას დიდი გამარჯვებით. ბიჭებიც მყავს და თავიანთ სფეროში ძალიან წარმატებულები არიან.

– როგორია ქალბატონი ნანის ცხოვრების რიტმი? ყოველთვის ისე გამოიყურება, რომ ძნელი დასაჯერებელია მისი ასაკი.

-ალბათ ეს, პირველ რიგში, გენეტიკის შედეგია. მისი ცხოვრების რეჟიმში არაფერია განსაკუთრებული, არც ვარჯიშობს და არც დიდ დროს უთმობს ფიზიკური ფორმების შენარჩუნებას. უბრალოდ, ცდილობს, რომ იყოს აქტიური, არაფერი დაეზაროს. რასაც მე მივხვდი, ნანის ცხოვრებისეულ ენერგიაში მთავარ როლს თამაშობს კეთილგანწყობა. ყველას და ყველაფრის მიმართ კეთილგანწყობილია, ქუჩაში როდესაც გამვლელებისგან კომპლიმენტებს იღებს, ისეთი ბედნიერი მოდის, რომ მას შემდეგ ნამდვილად უხარია ცხოვრება.

ნანის თვისებებში ყველაზე გამორჩეული ის არის, რომ დღემდე უკვირს, როცა ცნობენ, როცა ეფერებიან. სულ ამბობს, რითი დავიმსახურეო.

ასევე იხილეთ