“ჩემი მეუღლე დედამისს მოპარეს სამშობიაროში და გააშვილეს…”

საქართველოში წარმოუდგენელი რამ ხდებოდა. ზედიზედ ვრცელდება ინფორმაციები, რომ დედები და შვილები ერთმანეთს მრავალი წლის შემდეგ პოულობენ. ეს იმიტომ, რომ სამშობიარო სახლები ბავშვების სავაჭრო დახლებად იყო გადაქცეული.

ფეისბუქჯგუფის ,,ვეძებ” საშუალებით კიდევ ერთმა დედამ იპოვა შვილი, რომელიც მას საკუთარმა დედამ გაუშვილა.

– ჩემი მეუღლე დედამისს მოჰპარეს სამშობიაროში და გაუშვილეს. ეს  დედამთილმა მიამბო და სახელი და გვარიც მითხრა იმ ქალის. ამ ქალბატონს შევხვდი. თურმე ახლახან გაუგია, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო.

ჩვენ ხაშურში ვცხოვრობთ და ეს ქალბატონი გორშია. ჩემი მეუღლე თბილისში, მე-5 სამშობიაროშია დაბადებული. ქალს საკუთარმა დედამ გაუშვილა შვილი.

– რატომ გაუშვილა?

– თვლიდა, რომ ვისაც გაჰყვა ცოლად, მას არ უნდა გაჰყოლოდა და ასე იძია შური. მერე ის ქალი რომ ლოგინად ჩავარდნილა, ქალიშვილი უვლიდა და უთქვამს, შენი შვილი ცოცხალიაო. ამის მერე ეძებდა შვილს, მაგრამ ვერსად მიაგნო, რადგან არც სახელი იცოდა და არც გვარი.

ჩემმა დედამთილმაც იცოდა, რომ მშობიარეს დედამ გაუშვილა შვილი და ის ბავშვი წამოიყვანა.ჩემი დედამთილისთვის უთქვამს, მე ბებია ვარ და ვაშვილებო. 19 წლის ასაკში გაუჩენია. 4 თვის ორსული ყოფილა, რომ ქმარს აღარ მოუნდომებია მასთან ერთად ცხოვრება და გაშორდნენ. რადგან დიდი ორსულობა იყო, აბორტი ვეღარ გაუკეთეს, გააჩენინეს და გაუშვილეს.

– აღარ გათხოვილა?

-გადაუწყვეტია, აღარ გათხოვილიყო. გორში ძმის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ისინიც ისეთი კარგი ხალხია… დედამთილი ამბობდა, მეც დანაშაული ჩავიდინე, მოპარული ბავშვი რომ წამოვიყვანეო..

გაშვილებული მამაკაცის დედა ,,სარკეს” მოუყვა:

-46 წელი გავიდა და ახლა ვიპოვე. თურმე არ გარდაცვლილა და ცოცხალია. ყოველდღე ვესაუბრები… ნერვები მიკანკალებს, რაც მივაგენი. 8 თვე ვიყავი ქმრის ხელში.მერე კი ხელი მკრა, წადიო. ცოცხალ-მკვდარი წამოვედი, ერთი ფეხი სამარეში მქონდა. მანამდე კი შიმშილიც ავიტანე, სიცივეც, ცემაც… ორსულს მცემდა. ვიტანდი, რადგან ფეხმძიმედ ვიყავი და არ ვიცოდი, ბავშვი სად წამეყვანა. მშიერი ვიქნებოდი თუ მწყურვალი, მინდოდა, შვილი ჩემს კალთაში გაზრდილიყო.

უკვე კვდებოდა დედაჩემი, სიმართლე რომ მითხრა. გული ლამის გამისკდა… კიდევ კარგი, ძიების ჯგუფი არსებობს, თორემ შვილს ალბათ ვერასოდეს ვნახავდი.

ასევე იხილეთ