“მიხარია, რომ დღეს ვმუშაობ ინდუსტრიაში, სადაც ჰომოსექსუალობა მიღებულია”

ცნობილი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მეუღლესთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობს. საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ დემნამ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, როდის აღმოაჩინა ეს და რა გავლენა იქონია ამან მის ცხოვრებაზე, დიზაინერი ამბობს, რომ დიდი ხანი დასჭირდა ამ ყველაფრის გასააზრებლად, თუმცა საკუთარი ორიენტაციის შესახებ გულის სიღრმეში ყოველთვის იცოდა.

„ბუნებრივიცაა, მე ხომ ვიზრდებოდი ქვეყანაში, სადაც მენტალიტეტი ჰომოფობიური იყო, რაც, სამწუხაროდ, დღემდე ასეა. თავიდან ჩემი ოჯახისაც კი მეშინოდა, საკუთარ თავს 20 წლამდე ვატყუებდი. ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი სამშობლოს დატოვებისა, ვიცოდი, რომ იქ თავისუფალი ვერ ვიქნებოდი. მიხარია, რომ დღეს ვმუშაობ ინდუსტრიაში, სადაც ჰომოსექსუალობა მიღებულია. მიუხედავად დიდი ცვლილებებისა, სამყარო უმცირესობების მიმართ მაინც აგრესიულია, ამიტომ ვცდილობ ჩემი საქმიანობა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად გამოვიყენო“, – ამბობს დემნა.

წარმატებული ქართველი დიზაინერი და Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია მოდელ და მუსიკოს ლოიკ გომესზე 2016 წელს დაინიშნა. ინფორმაცია გომესის „ინსტაგრამიდან“ გავრცელდა. მოდელმა სოციალურ ქსელში მისი და დემნას ნიშნობის ბეჭდების ფოტო ატვირთა წარწერით I SAID YES („მე ვთქვი კი“). ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ასევე იხილეთ