“უკანასკნელი შანსიც გავუშვით, ერთხელ მაინც გამოგვეხატა მადლიერება”

დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი  ცნობილი პედაგოგისა და კომპოზიტორის, ნოდარ მამისაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

,,ჩვენ არ გვყოლია არნოლდ შონბერგი, არც ოლივიე მესიანი, ჩვენ გვყავდა ნოდარ მამისაშვილი, დიდი პიროვნება, დიდი მუსიკოსი, დიდი მოაზროვნე, მეცნიერი და კომპოზიტორი და, რაც ყველაზე მთავარია, დიდი პედაგოგი, ისეთი, როგორიც რეჟისორებისთვის მიშა თუმანიშვილი იყო…

ჰოდა ასეთი ადამიანი წავიდა დღეს ჩვენგან, რომელიც სხვათა შორის ჩვენი ფართო საზოგადოების მხრიდან სათანადო დაფასების სიმწირის მიუხედავად,  არასდროს არავისზე განაწყენებულა და ყოველთვის რუდუნებით ემსახურებოდა მუსიკასა და ადამიანებს, განსაკუთრებით მომავალ თაობებს, შვილებად და შვილიშვილებად რომ ვეკუთვნოდით…

ერთი თვის წინ მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ძლივს იქნა რუსთაველის პრემიაზე წარდგენილი, მაგრამ კომისიის მუსიკალური ნაწილის წევრმა კოლეგებთან ერთად კვლავ “თბილისურ-სნობური” და “ელიტური” გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც უკანასკნელი შანსიც გავუშვით იმქვეყნიურ გზაზე დამდგარი დიდი პიროვნებისთვის სიცოცხლეში ერთხელ მაინც გამოგვეხატა საკადრისი მადლიერება…

ასეთი ერი ვართ, ფიროსმანის და ილიას სიცოცხლის დასრულების მაგალითებმაც რომ ვერ გვასწავლა ჭკუა… ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ, ეროვნულმა ორკესტრმა მოვასწარით და მის შემოქმედებას ფესტივალი “კონტრაპუნქტი” მივუძღვენით, ისევე როგორც არ მოკლებია მას ყურადღება ახალი თაობის კომპოზიტორებისა და რიგი შემსრულებლებისგან…

ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ვიცნობდი, მოვესწარი, გავმდიდრდი მისი ლექციებით და მასთან ურთიერთობით სტუდენტობის პერიოდში.

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველში მისი პიროვნების შესატყვისი სამოთხისეული ადგილი, სინათლით სავსე მისი სახელი, მუსიკა და გამოგონებები მუდამ უკვალავდეს გზას ქართული პროფესიული მუსიკის აწმყოს და მომავალს”.

 

ასევე იხილეთ