“მძინარე ამიყვანა, სატვირთო მანქანაში ჩამსვა ჩემი საწოლით და ტყეში წამიყვანა”

სალი წვერავასა და გიო ჯობავას წყვილი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. სალი ულამაზესი მოდელია, გიორგი – ვიდეოგრაფი. მათი სიყვარულის ისტორია პროფესიული თანამშრომლობით დაიწყო.

სალი წვერავა: მე ჩემი იმდროინდელი პროფესიით ვმუშაობდი – მოდელობით ვიყავი დაკავებული, გიორგიც საკუთარი პროფესიით მუშაობდა – ვიდეოებს იღებდა, როგორც ახლა და ამ პროცესში გადავეყარეთ ერთმანეთს. ჩვენი ურთიერთობა მოდელისა და ვიდეოგრაფის თანამშრომლობიდან დაიწყო. პირველივე დღეს კარგად გავუგეთ ერთმანეთს და შემდეგი გადაღება ყაზბეგში დავგეგმეთ. ყაზბეგში გაჩნდა პეპლები და სხვა სასიამოვნო შეგრძნებები, ნელ-ნელა კი გრძნობა შემოგვეპარა. ვერ ვიტყვი, რომ მე ერთი დანახვით ვიგრძენი რამე. თუმცა, მას რომ ჰკითხოთ, პირველივე დანახვისას მიხვდა, რომ მისი წარმოსახვის გოგო ვიყავი, ზუსტად ისეთი, როგორიც გვერდით წარმოედგინა და ვისთანაც უნდოდა მთელი ცხოვრების გატარება. ეს გრძნობები და განცდები ჩემთან ცოტა გვიან მოვიდა.

– ხელი განსაკუთრებულად გთხოვა?

– ყველაფერი ზღაპრულად დაიწყო. გიორგის ძალიან უყვარდა ჩემი სიურპრიზებით განებივრება. ხელის თხოვნა მოულოდნელი იყო. ისეთი დრო შეარჩია, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ველოდი. ჩვენი გაცნობიდან ზუსტად ერთი წლის თავზე მთხოვა ხელი. როდესაც ამაზე ვსაუბრობდით, გიორგი აღნიშნავდა, რომ ყველაფერი ორიგინალურად უნდა მომხდარიყო, მაგრამ მაგ პერიოდში ვიჩხუბეთ და გიორგიმ გადაწყვიტა, ასეთი სიურპრიზი მოულოდნელად გაეკეთებინა.

– ესე იგი, დაშორებულები რომ იყავით, მაშინ გთხოვა ხელი?

– კი, ზუსტად ეგ პერიოდი იყო (იცინის). ღამის სამ საათზე მოვიდა ჩვენს მეგობრებთან ერთად და ცოცხალი მუსიკის ფონზე მთხოვა ხელი. ეს ყველაფერი ძალიან რომანტიკული იყო და ძალიან ტკბილად მახსენდება. თვე-ნახევარში უკვე ქორწილი გვქონდა.

– შენ ამ დროს გყავდა პატარა და დედისთვის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი შვილისა და საყვარელი ადამიანის ურთიერთობაა. რა გამოცდილება გაქვს ამ მხრივ?

– ჩემთვის ეს მომენტი ძალიან მარტივი აღმოჩნდა, რადგან გიორგი შეხედულებებით ძალიან არ ჰგავს ქართველ მამაკაცებს, რომელთათვისაც შვილიანი ქალი რაიმე კუთხით პრობლემას წარმოადგენს. ამის გამო არანაირი ბარიერი არ გვქონია. გიორგისა და ნიას მალე გავაცანი ერთმანეთი და დღემდე ძალიან კარგი მეგობრები არიან.

– ერთ-ერთ დაბადების დღეზე, გიორგიმ ღამით, მძინარე მოგიპარა და საოცარი სიურპრიზი გაგიკეთა. როგორ გახსენდება ის დღე?

– კი, ასე იყო და ამ ამბავს მართლა ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მილიონობით ნახვა ჰქონდა, მაგრამ ხალხში უნდობლობა გაჩნდა. ბევრს ეგონა, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო. სინამდვილეში ასე არ იყო. მართლა ისეთი ძილი ვიცი, რომ ვერაფრი გამაღვიძებს. ტყეში კი არა, მძინარე მდგომარეობაში ამერიკაში რომ გადამაფრინოთ, ვერაფერს გავიგებ (იცინის). ეს ჩემთვისაც სრული შოკი იყო. ჩემს დაბადების დღეზე ძალიან დამათვრეს. ეს ყველაფერი ბაზალეთზე მოხდა. ჩემი დაბადების დღე ჩვენი მეგობრის სახლში აღვნიშნეთ და ჩვეულებრივ, ლოგინში დავიძინე. გაღვიძებით კი ბაზალეთის ტყეში გავიღვიძე. დიდი მანძილი არ იყო სახლიდან იმ ლოკაციამდე, მაგრამ მაინც უნდა გამღვიძებოდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ კარგად ვიყავი მთვრალი და საერთოდ, ღრმა ძილი ვიცი, ასე არ მოხდა (იცინის). რომ გავიღვიძე, აფექტის მდგომარეობაში ვიყავი. ჩემ წინ ჩემი მეგობრები იყვნენ, მაგრამ ვერავის ვცნობდი. ვეკითხებოდი, ვინ ხართ-მეთქი. რამდენიმე წუთი დამჭირდა გამოსაფხიზლებლად და მერე გავაცნობიერე, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა.

– საბანშემოხვეული და გაოცებული დარბოდი და უცებ აღმოაჩინე, რომ მეუღლემ მანქანა გაჩუქა.

– კი, ასე იყო (იცინის). გიოს ძალიან ორიგინალურად გამოუვიდა. მძინარე ამიყვანა, სატვირთო მანქანაში ჩამსვა ჩემი საწოლით და ტყეში წამიყვანა (იცინის).

– ქორწინებიდან დრო რომ გადის, ასეთი დამოკიდებულება და სიურპრიზების კეთების სურვილი მაინც რჩება?

– რა თქმა უნდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ვცდილობდით, მსგავსი მომენტები რაღაც პერიოდით აღარ გაგვესაჯაროებინა, რომ ზედმეტად პირადულ, ინტუმურსა და საჯაროობას შორის ზღვარი ძალიან არ წაგვეშალა. ბოლო პერიოდში ამის გათვალისწინებით ვიქცევით. ამის გამოც აგორდა ჭორები, სალი და გიორგი დაშორდნენო. მსგავსი არაფერი, უბრალოდ, ურთიერთობის ამ ეტაპზე, მგონია, რომ ამ დოზით საჯაროობა ჩვენთვის სარგებლის მომტანი არ იქნებოდა. არის მომენტები, როცა საჭიროა, საკუთარი გრძნობები მხოლოდ შენთვის დაიტოვო. თუმცა, მალე ევროტურს ვიწყებთ და ამ მოგზაურობის დროს, ყველაფერი ისევ სააშკარაოზე იქნება გამოტანილი (იცინის). ეს ტური ჩვენი დიდი ოცნებაა და ულამაზესი ავტომობილით ძალიან მალე განვახორციელებთ.

– კიდევ ერთ პატარას ელოდებით და როგორ აპირებთ ამ გეგმის განხორციელებას?

– მესამე პატარაზე ვარ ორსულად. ეს მოგზაურობა ორ თვემდე გაგრძელდება. ექიმის კონსულტაციის შემდეგ წავალთ და საჭიროების შემთხვევაში, მასთან მოგზაურობის დროსაც მექნება კომუნიკაცია. საბედნიეროდ, ჩემი ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს, ექიმთან ყველაფერი შეთანხმებულია და ამ მხრივ, პრობლემა არ გვექნება.

– ორი პატარა გყავთ და მესამეს ელოდებით, როგორი მშობლები ხართ და როგორია რეალური ცხოვრება სოციალურ ქსელს მიღმა?

– მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ სოციალური ქსელები ფასადურია და ადამიანები, ჩემი ჩათვლით, ძირითადად მხოლოდ და მხოლოდ კარგ ამბებს ვაზიარებთ. კარგი ამბების მიღმა არის ბევრი ემოცია და მათ შორის, მტკივნეული, ასევე, ჩვენთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ამბებიც. რაც შეეხება მშობლობას, მიჭირს იმის თქმა, რომ კარგი ვარ, ალბათ, ყველა დედა ფიქრობს, რომ შვილისთვის მეტის გაკეთება შეუძლია. ზუსტად ახლა გვაქვს მე და გიორგის პერიოდი, როდესაც ჩვენი შვილების მომავალზე ვართ ორიენტირებული. გვინდა, მათი განათლება, საცხოვრებელი და სხვა საჭიროებები უზრუნველვყოთ. აქედან გამომდინარე, ბავშვებს ბევრ დროს ვერ ვუთმობთ, თუმცა, თვეში რამდენიმე გასვლა გვაქვს, რამდენიმე დღით გავდივართ ბავშვებთან ერთად და კარგად ვერთობით.

– როგორია შენი და გიოს წყვილი რეალურად. მართლა სულ ასეთი ფეიერვერკებია? არ არის კამათი, პრობლემები?

– პრობლემები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ არა გადაულახავი. მე, წინა ქორწინებიდან გამომდინარე, ვამბობ ხოლმე, რომ მაშინ თავად ვიყავი იმ მდგომარეობაში, როცა წყვილებს სოციალურ ქსელში ვუყურებდი და სულ მინდოდა მათნაირი ცხოვრება მქონოდა. შემდეგ გიორგისთან ერთად შევქმენი ისეთი ცხოვრება, როგორიც მინდოდა და გიორგიმაც ის მიიღო, რაც უნდოდა.

– თქვი, გიორგი არ ჰგავს ქართველ კაცებსო, ეს იმითაც გამოიხატება, რომ იცის, ლამაზი ცოლი რომ ჰყავს და არ აქვს პრობლემა, თუ შენს სილამაზეს გამოაჩენ. ბევრი ლამაზი და სექსუალური ფოტო და ვიდეო გიდევს სოციალურ ქსელში. „ეს არ ჩაიცვა, ის არ გამოგიჩნდეს“ ამ ტიპის გართულებები საერთოდ არ აქვს?

– აი, ამაზე ძალიან ხშირად გვაქვს კამათი, მაგრამ პირიქით, მე ვეჩხუბები ხოლმე გიოს. ვეუბნები, ეს ზედმეტად გამომწვევია და ვერ ჩავიცმევ-მეთქი და ის მიმტკიცებს, პირიქით, ჩაიცვი, ძალიან გიხდება და რაც კარგი გაქვს, ის უნდა გამოაჩინოო. ამ მხრივ, მე უფრო ფრთხილი ვარ, თუმცა ის ფოტოები და ვიდეოები, რაც ჩემს სოციალურ ქსელშია განთავსებული გიორგის იდეითა და მის მიერვეა გადაღებული.

ასევე იხილეთ