“როცა მივხვდი, საკუთარ თავს მხოლოდ მე ვუშველიდი, მაშინ დავიწყე “გამოჯანმრთელება“

ბლიცინტერვიუ ირმა ხეცურიანთან 

მოგონება ბავშვობიდან

– ეს მოგონება ჩემს დას უკავშირდება. მაშინ აფხაზეთში ვცხოვრობდით. პატარები ვიყავით. ის ძალიან ცელქი ბავშვი იყო. ერთხელ ყველა გოგონას, ვინც მის ირგვლივ ვიყავით, მოკლედ შეგვაჭრა „ჩოლკა“ და გვითხრა: გუდიანი კაცები დადიან და რომ მოგიპარავენ მარტივად გიცნობთო (იცინის).

მშობლების როლი

– ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში – რომ არა ისინი, მე არ ვიქნებოდი. ის თვისებებიც, რაც მაქვს – როგორც კარგი, ასევე ცუდი, მათგან გამომყვა. ოჯახური გარემო ჩემთვის მნიშვნელოვანია. მამა ძალიან მიყვარს, თუმცა ჩემთვის მთავარი დედაა. რატომღაც ჩვენთან ყოველთვის ქალები იყვნენ ხოლმე დომინანტები (იცინის). დედა ბევრად მკაცრი იყო ხოლმე, ვიდრე მამა და ეს დღემდე ასეა.

ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი

– რომ გითხრათ, მოვასწარი ამაზე ფიქრი-მეთქი, ვერა. ჩვენ აფხაზეთში ვცხოვრობდით და იძულებით დავტოვეთ იქაურობა, თუმცა დევნილობის პერიოდში უცხო ენებისკენ მქონდა მიდრეკილება. მინდოდა, როცა გავიზრდებოდი სასარგებლო საქმე მეკეთებინა და თან, ცნობადი სახე ვყოფილიყავი.

ჩემი პროფესია განაპირობა

– ჩემმა მდგომარეობამ და დიაგნოზმა…

პირველი წარმატება

– გარდამტეხი ნაბიჯი ჩემთვის – დავრჩებოდი თუ არა ფარიკაობაში, იყო შეჯიბრება კანადაში, სადაც ბრინჯაო ავიღე. მაშინ მივხვდი, რომ აზრი ჰქონდა გაგრძელებას და იქ ვიყავი, სადაც მართლა მინდოდა ყოფნა. მას შემდეგ ბევრი ოქრო ამიღია, მაგრამ ეს შეჯიბრება სულ სხვა იყო.

ჩემი მეტსახელი

– მე და ჩემი ძმა ძალიან თეთრები ვიყავით, ქერა თმით, წარბებით, წამწამებით და ჩემი ახლო მეგობრის მამა ორივეს ტურას გვეძახდა (იცინის). ეს მეტსახელი დღემდე შეგვრჩა.

ადამიანში ვაფასებ

– თავმდაბლობას, მოთმინებისა და პატიების უნარს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ადამიანს შინაგანი თავისუფლება და ნაკლები კომპლექსები აქვს.

წარმატებული ადამიანი არის

– წარმატებამდე ყველას სხვადასხვა გზა აქვს არჩეული, ჩემი გადმოსახედიდან ვიტყვი, რომ წარმატებულ ადამიანს ბევრი პასუხისმგებლობა აკისრია. ეს არ არის მხოლოდ შენი წარმატება, რადგან შენ ირგვლივ დგას შენი გუნდი, ოჯახი, მეგობრები, ნაცნობები, ერი, რომლის ღირსებასაც საერთაშორისო დონეზე იცავ და უკან დაბრუნებულს, შედეგს შენი ხალხი გიფასებს. შესაბამისად, ვთვლი, რომ წარმატებას უზარმაზარი პასუხისმგებლობა ახლავს. და რასაკვირველია, უნდა გიყვარდეს საკუთარი საქმე და შრომა, ამ ორის გარეშე წარმატებული ვერ გახდები.

მწამს

– ღმერთის, საკუთარი თავის შესაძლებლობებისა და იმ ადამიანების, რომლებიც ირგვლივ მყავს. ის, რომ საკუთარი თავის იწამო, არ არის მარტივი. მეც მაქვს ამის პრობლემა და ალბათ, ჩემ გარდა კიდევ უამრავს. ეს უფრო იმიტომ ხდება, რომ გვეშინია. იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ საქმის გაკეთებაზე, წინასწარ მარცხზე ვფიქრობთ, რაც არასწორია და სწორედ ეს გვიკარგავს საკუთარი თავის რწმენას.

მეშინია

– კორონას შემდეგ, ცოტა მარტოობის შიში მაქვს და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მეშინია სიბნელისა და მწერების.

ვრისკავ

– ხშირად, ყოველთვის მირჩევნია გავრისკო, ვიდრე უკან დავიხიო. ჯერ გავზომო და მერე გავჭრა, ასეთი რამ არ მჩვევია. თუ დავიწყე ფიქრი და ანალიზი, ვერ გავრისკავ, სპორტის ეს სახეობა კი ისეთია, რომ სხვა შანსი არ მოგეცემა – უნდა გარისკო. ოღონდ ეს რისკი, წინა ფიქრებს არ მოიცავს, ჯერ ვრისკავ და მერე ვფიქრობ, ღირდა თუ არა ამად.

ვერიდები

– ერთგულების არმქონე ხალხს. ისეთ ადამიანებს, ვინც ბევრჯერ მომატყუა, მიღალატა. ყველას ჩემი გადმოსახედიდან ვუყურებ: რას გავაკეთებდი და რას – არა. ორგულ ადამიანებს ვუფრთხი, ისიც, იმიტომ რომ მე არ მეტკინოს.

დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია

– თბილი ურთიერთობისა და კომუნიკაციის. ყველა, თითქოს, თავისთვის ცხოვრობს, მაგრამ სხვის ცხოვრებაში მაინც ყოფენ ხოლმე ცხვირს. საშინლად არ მომწონს დღევანდელი სოციალური ქსელის სისტემა, როგორ ილანძღება ხალხი და რა შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს… გვაკლია მეტი სიყვარული, თანადგომა, ურთიერთპატივისცემა და სხვისი აზრის მოსმენის უნარი. დღეს ერი გახლეჩილია. ხშირად ვამბობ ხოლმე, საქართველოში ყოველთვის ვიბრძვით ვიღაც იდეალი პირებისთვის და არა ერისთვის, ქვეყნისთვის. ვისურვებდი, რომ ქვეყანაში ერთიანობის განცდა იყოს.

ბედისწერა

– მგონია, რომ თავად ვქმნით ჩვენს ბედს. ერთადერთი, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული დაბადება და გარდაცვალებაა. დანარჩენს კი – როგორ გავანაწილებთ ჩვენს ცხოვრებას, თავად ვწყვეტთ. ხდება ხოლმე რაღაცები, როცა ეჭვი გეპარება და ამბობ: ეს ჩემი ბედისწერააო. როცა სიტუაციას ზემოდან შეხედავ, მიხვდები, რომ კონკრეტული შედეგი ჩვენივე შექმნილი მდგომარეობიდან მივიღეთ.

სიყვარული არის

– როცა ყველაზე ახლოა, როცა გეფიქრება, ზრუნავ, გეშინია მის გამო, გიხარია მის გარემოცვაში ყოფნა. აი, ეს არის ჩემთვის სიყვარული.

დრო და სიყვარული

– ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი, როცა მიყვარს, მიყვარს და მორჩა. როცა ადამიანი მომყვება ბავშვობიდან, მთელი ცხოვრება ჩემ გვერდით არის, ამ გრძნობას არაფერი ემართება. ვიღაცისთვის შეიძლება, განელდეს გრძნობა, გაუფერულდეს და ახლის ძიებაში იყოს, ჩემთან მსგავსი რამ არ მომხდარა. ვინც გვერდით გულწრფელი გრძნობით მყავს, დღემდე სტაბილურად მომყვება. ზოგადად, ძალიან ფრთხილად ვარჩევ, ვინ უნდა მყავდეს ახლოს, ოღონდ აქ არ ვგულისხომ ოჯახის წევრებს. ირგვლივ ისეთ კატეგორიას ვიკრებ, ვისთანაც აღარ დამჭირდება იმის თქმა, რომ, უი, სიყვარული განელდა!

ბოდიშის მოხდა

– არ მიჭირს, თუ ვაშავებ, აუცილებლად მოვიბოდიშებ კიდეც.

სამაგიეროს გადახდა

– არ მქონია ისეთი მომენტი, რომ მსგავსი რამ გაკეთებინოს, მირჩევნია, გავუშვა და ხელები არ გავისვარო. მგონია, ადრე თუ გვიან თავადაც აღმოჩნდება იმავე სიტუაციაში.

ვნანობ

– ალბათ, იმას, რომ ხშირად ვერ ვამბობ, როცა მიყვარს. გრძნობების გამოხატვა მიჭირს.

თავისუფლება არის

– ზომიერება ჩემთვის ოქროს შუალედია ნებისმიერ სიტუაციაში, მათ შორის თავისუფლებაშიც კი. რასაც მინდა, იმას გავაკეთებ – თავისუფლებად არ მიმაჩნია. ჩემი თავისუფლებაა ის, რომ ვთქვა ჩემი სიტყვა და გავაკეთო ჩემი საქმე ისე, რომ სხვა არ დავაზიანო.

მოვლენა, რომელმაც შემცვალა

– ჩემმა მდგომარეობამ, რომელიც შეიცვალა და მასთან ერთად დაიწყო ჩემი ცვლილებებიც – ფსიქოლოგიური გამოჯანსაღება. მქონდა პერიოდი, როცა ეს სიტუაცია ძალიან მძიმე იყო ჩემთვის. ვერ ვაანალიზებდი, ვერ ვიღებდი, მაგრამ როცა მივხვდი, ჩემს თავს მხოლოდ მე ვუშველიდი, მაშინ დავიწყე „გამოჯანმრთელება“. მაშინ მოხდა ჩემში დიდი შინაგანი ცვლილებები, რამაც სულ სხვა თვალით დამანახვა სამყარო.

რჩევა, რომელიც სულ მახსოვს

– ეს არის ჩემი მწვრთნელის სიტყვები: გჯეროდეს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების. მართლაც ასეა, ყველას უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის. მეც მქონია შიშები ცხოვრებაშიც და შეჯიბრების დროსაც, ამიტომ, ხშირად თავადაც ვუმეორებ საკუთარ თავს ამ სიტყვებს.

 

ასევე იხილეთ