“საოცარი შეგრძნებაა ახლა კიევში ყოფნა, გამარჯვებაში დარწმუნებული მართალი ხალხის გვერდით ყოფნა”

გიგა მაქარაშვილმა, რომელიც კიევში იმყოფება, გვიან ღამით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც კიევში არსებული ვითარებას აღწერს.

“კიევში ახლა წვიმს, გრილა და სიჩუმეა! კომენდანტის სიჩუმე, ნახევრად დაცლილი ქალაქის საშინელი სიჩუმე.

თუ აქამდე სიჩუმეს საჰაერო განგაშის ხმა არღვევდა, ახლა ყველაფერი შეიცვალა!

ვიღას ახსოვს განგაში?

ამ სულის შემძვრელ სიჩუმეში რომელიმე სახლიდან შემოვარდება ხოლმე გამაყრუებელი ყიჟინა… სხვები ტელეფონებს მივარდებიან ახალი ამბის გასაგებად და ისინიც ყვირიან, მერე გვერდითა სახლებს გადაედება, მერე ქუჩას, უბანს და ბოლოს დედაქალაქი ერთად ზეიმობს…

ზეიმობენ ისინი ვინც ქალაქი არ დატოვა, ვინც ახლა დაბრუნდა, ვისაც ომში ყავს შვილი, ვინც მამა დაკარგა, ვინც ხვალ მიდის ფრონტის ხაზზე…

საოცარი შეგრძნებაა ახლა კიევში ყოფნა, გამარჯვებაში დარწმუნებული მართალი ხალხის გვერდით ყოფნა.

თუ ოდესმე უიღბლობაზე დავიწუწუნე, ეს პოსტი გამახსენეთ!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირ უკრაინელ ხალხს!

დიდება თავისუფლებას!

დიდება გმირებს!”, – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ