როგორ მიაღწია ვლად არამოვმა სასურველ მწვერვალს ამერიკაში და როგორ დაეხმარა მასა და მის მეუღლეს სამწლიანი განშორებები ურთიერთობის გამყარებაში

ვლად არამოვი წლებია, ამერიკაში ცხოვრობს და უკვე სრულუფლებიანი ამერიკელიც გახლავთ, თუმცა, როგორც ამბობს, გულით ისევ ის რუსთაველი ბიჭია, რომელიც ყველამ ძალიან შეიყვარა.

ვლად არამოვი: უკვე რამდენიმე წელია, ამერიკის მოქალაქე ვარ. დავწყნარდი იმ მხრივ, რომ ამერიკული პასპორტით ყველა გზა გახსნილი მაქვს, თუმცა, მანამდე მწვანე ბარათი მქონდა და ვერ ვიტყვი, რომ შეზღუდვები მაწუხებდა. ბოლომდე ამერიკელი მაინც არ ვარ, სულით და გულით ისევ რუსთაველი ბიჭი ვარ. „კაცი იყავ კაცური და…“ მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის პასპორტი გაქვს.

– რა ბარიერების გადალახვა დაგჭირდათ ამერიკაში?

– ასეთ დიდ ქვეყანაში რომ ჩამოდიხარ, თავიდან სირთულეებს აწყდები. აქ ყველაფერი ნულიდან უნდა დამეწყო და თავიდან დამემტკიცებინა, რომ კარგი მომღერალი ვარ. ძნელი იყო, არავინ მიცნობდა აქ მცხოვრები ქართველების გარდა. ქართული რესტორნებისგან მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ გადავწყვიტე, რომ მერჩივნა ცოტა ხანი უმუშევარი ვყოფილიყავი, რომ წინ წავსულიყავი და დიდ სცენაზე გამოსვლა შემძლებოდა. სასწაული ამბიციები არ მქონდა, მაგრამ მხოლოდ ქართული რესტორნებით არ მინდოდა, შემოვფარგლულიყავი. ტრაბახში არ მინდა, ჩამეთვალოს, მაგრამ დღეს 10 ენაზე ვმღერი და რესტორნებში სხვადასხვა ეროვნების ხალხთან მიწევს გამოსვლა.

– ის პერიოდი როგორ გახსენდებათ, როცა არ მუშაობდით?

– მადლობა ღმერთს, ამერიკაში მარტო არ ჩამოვსულვარ. აქ მეუღლესთან და შვილებთან ერთად ვცხოვრობ. ამერიკაში სიდედრი დამხვდა, მის სახლში ვცხოვრობდით და ის ძალიან დამეხმარა. მეუღლეს უკვე სამსახური ჰქონდა და პირველი რამდენიმე თვე, როცა უმუშევარი ვიყავი, ისე ძალიან არ ვნერვიულობდი.

– სიძე-სიდედრის ურთიერთობაზე სულ ვხუმრობთ და თქვენ არაჩვეულებრივი სიდედრი გყოლიათ.

– მართლა ძალიან კარგი ადამიანია. ჩვენი ურთიერთობა არცერთ ანეკდოტს არ ჰგავს (იცინის). არასდროს გვიკამათია, ძალიან მიყვარს, მასაც ძალიან ვუყვარვარ და სიძისთვის ეს, მგონი, ყველაზე დიდი ბედნიერებაა.

– როგორ დაიწყო თქვენი ოცნებების ახდენა ამ ქვეყანაში?

– 8-9 წელი დამჭირდა, რომ მწვერვალზე ავსულიყავი და იმ წერტილამდე მივსულიყავი, რომელზედაც ახლა ვარ. აქ დიდი კონკურენციაა და უცებ არაფერი ხდება. უნდა დაამტკიცო, რომ იმათზე მაგარი ხარ.

– ბენდი, რადიო, მუსიკალური საღამოები – რომელს რა ადგილი უჭირავს?

– რადიოწამყვანის ამპლუა ბოლო სამი წელია, შევითავსე. რუსულენოვან უკრაინულ რადიოში ვმუშაობ, ორი გადაცემის წამყვანი ვარ და სიახლე ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა. რაც შეეხება ბენდს, თავიდან მე და ერთმა ბიჭმა დავიწყეთ და სახელიც შესაბამისი გვქონდა „მესამე ზედმეტია“. თუმცა დღეს ამ სახელმა აქტუალობა დაკარგა, რადგან ჩვენი ბენდი ათ ადამიანამდე გაიზარდა. კვირაში ერთი დღე ქართულ რესტორანშიც ვმუშაობ, ამის გარდა ძალიან ბევრ ქართულ ფესტივალში ვმონაწილეობ. თუმცა, მეტწილად სხვადასხვა ეროვნების ხალხთან მიწევს გამოსვლა, ძირითადად, ებრაელების ღონისძიებებზე. თვეში 20-25 დღე მათ ღონისძიებებზე ვარ დაკავებული. ასე რომ, არ ვწუწუნებ, საკმაოდ დაკავებული ვარ.

– მეუღლე თქვენზე ადრე წავიდა?

– კი. მეუღლე აქ ჩემზე ადრე წამოვიდა, მაგრამ პირველი სამი წლის განმავლობაში, საქართველოში ჩამოდიოდა და ექვს თვეში ერთხელ ამერიკაში ბრუნდებოდა. აქედან გამომდინარე, ხშირად გვიწევდა ცალ-ცალკე ყოფნა და ამ განშორებებმა ისე გაამყარა ჩვენი ურთიერთობა, ახლა ერთმანეთის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმოგვიდგენია. უკვე 15 წელია, ერთად ვართ.

– ცნობილია თქვენი და მამუკა ონაშვილის განსაკუთრებული მეგობრობის შესახებ. მისი გარდაცვალება ყველამ ძალიან განიცადა. თუ მოახერხეთ მასთან გამომშვიდობება?

– მე და მამუკა ძმებივით ვიყავით. მისი გარდაცვალება ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. სცენაზეც და მის მიღმაც, სულ ერთად ვიყავით, მაგრამ ვერ მოვასწარი ბოლოს ცოცხალი მენახა. საშინელი ტრაგედია მოხდა. პანაშვიდზე მივედი… მარტო ჩემთვის კი არა, მგონი, ყველასთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ამასთან შეგუება. ეს იყო ადამიანი, ვის გვერდითაც ერთი წუთი ვერ მოიწყენდი.

– როგორი მეგობარი იყო?

– სადაც არ უნდა ვყოფილიყავი მასთან ერთად, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ გვერდით მთა მყავდა. იყო შემთხვევები, როცა რაღაც უსიამოვნებები შემემთხვა. როცა რესტორანში გამოდიხარ, სადაც ბევრი ადამიანი სვამს, მთვრალ ხალხთან გიწევს ურთიერთობა და ერთი-ორჯერ იყო გაწევ-გამოწევა. მამუკა თავის უზარმაზარი ტანით რომ დამიდგებოდა წინ, ყველაფერი მთავრდებოდა. მისი მხარდაჭერა ყოველთვის მქონდა. არაჩვეულებრივი მეგობარი იყო. ჩვენი განვლილი გზა ძალიან თბილად მახსენდება. საქართველოში რომ ჩამოვდიოდი, ყოველთვის მივდიოდი მასთან. წელსაც მინდოდა, მისთვის სიურპრიზი გამეკეთებინა, მაგრამ ვერ მოვასწარი. ძალიან ხშირად ვსაუბრობდით ტელეფონით. წამომცდა, შეიძლება, ზაფხულში ჩამოვდე-მეთქი და ძალიან გაუხარდა, მაგრამ რომ წამოვედი, არ ვუთხარი, პირდაპირ სახლში მივაკითხავ-მეთქი, ვიცოდი, ძალიან გავახარებდი, მაგრამ…. მერე მისი და მეუბნებოდა, სულ შენზე ლაპარაკობდა, სულ გიხსენებდაო…

ასევე იხილეთ