“არ მიმაჩნია სწორად მორალისტობა და ერთი ადამიანის ამოჩემება”

ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რაზე უნდა გვქონდეს უარყოფითი რეაქცია და რაზე არა. იმისთვის რომ მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას, მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია თანაბრად ვრცელდებოდეს არა ერთ ან ორ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ზოგადად, რუსეთში თამაშზე, მუშაობაზე, ბიზნესის კეთებასა თუ ნებისმიერ აქტივობაზე, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე წერს, რითაც კალათბურთელ თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკაში“ გადასვლას ეხმაურება.

„ისეთი ამბების თავიდან ასაცილებლად, რომელსაც თორნიკე შენგელიასთან მიმართებაში, უკვე მეორე დღეა თვალს ვადევნებთ, ვფიქრობ, ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რაზე უნდა გვქონდეს უარყოფითი რეაქცია და რაზე არა. ჩემი პოზიცია რუსეთთან და ამ სახელმწიფოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, საჯაროდ არაერთხელ გამოვხატე. იმისთვის რომ მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას, მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია თანაბრად ვრცელდებოდეს არა ერთ ან ორ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ზოგადად, რუსეთში თამაშზე, მუშაობაზე, ბიზნესის კეთებასა თუ ნებისმიერ აქტივობაზე. საქართველოს ნაკრების სპონსორია VTB ბანკი და საინტერესოა, რატომ არ აღმოაჩნდა არც ერთ ქართულ ბანკს იმაზე მეტი სურვილი, ვიდრე რუსულს, ყოფილიყო ნაკრების სპონსორი და მთავარი პარტნიორი. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ და შევთანხმდეთ, რა არის ჩვენთვის წითელი ხაზი და რა არა. არ მიმაჩნია სწორად მორალისტობა, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა, მაშინ როცა რუსეთთან მიმართებაში, საერთო სამოქმედო გეგმა, როგორც საზოგადოებას არ გაგვაჩნია. მინდა თორნიკეს ყველა იმ მიზნის მიღწევა ვუსურვო, რომელიც დასახული აქვს“, – წერს არველაძე.

ასევე იხილეთ