“ახალგაზრდული წლები არ მენატრება“

ტელეჟურნალისტმა მერიკო კარტოზიამ საავტორო გადაცემით „ერთი ამბავი მერიკოსთან” მაყურებელს ძალიან ბევრი ქართველი გააცნო საზოგადოებას, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და წარმატებული ადამიანები არიან. დატვირთულ სამუშაო რეჟიმს მისგან ბევრი რამ მიაქვს, მაგრამ არაფერს ნანობს, რადგან თავის საყვარელ საქმეს აკეთებს. ჟურნალისტი „სარკეს“ ესაუბრა.

– ასეთი რეჟიმით მუშაობა, ჩემოდნებზე ცხოვრება, გადაცემის თავიდან ბოლომდე მომზადება მთლიანად შთანთქავს ალბათ თქვენს დროს. ოჯახი, შვილი, პირადი ცხოვრება გვერდზე რომ გრჩებათ, არ წუხხართ?

– ყველაფერს თავისი ფასი აქვს, ერთად არ გამოდის. შენი არჩევანია, პრიორიტეტს რას მიანიჭებ. ნამდვილად ცუდი მეგობარი ვარ, ცუდი დედაც და შვილიც იმიტომ, რომ აღარც ოჯახის წევრებისთვის მცალია და არც სამეგობროსთვის. ჩემს ცხოვრებაში ისეთი დროა, როცა ყველაფერზე ვთქვი უარი და პირველ ადგილზე გადაცემის გაკეთება, რეიტინგი, მაყურებელთან ურთიერთობა და იმ ადამიანებთან შეხვედრა დავაყენე, ვის გადასაღებადაც ჩავდივარ ამა თუ იმ ქვეყანაში. ნამდვილად რთულია, მაგრამ ვიმეორებ, ეს ჩემი არჩევანია, რომ “ერთი ამბავი მერიკოსთან” გავხადო ყოველკვირეული მოლოდინი ჩემი მაყურებლისთვის.

ჩემი შვილი 24 წლის არის. ჯერჯერობით არ დაოჯახებულა, მუშაობს, მონტაჟის რეჟისორია ერთ-ერთ ტელეკომპანიაში. მან კარგად იცის ჩვენი სამსახურის სპეციფიკა და გაგებით ეკიდება ჩემს მუდმივ მოუცლელობას. მასაც რთული გრაფიკი აქვს, მისთვისაც არ არსებობს დღესასწაულები და ოჯახური შეკრებები.

– თქვენს გარეგნობას თუ უთმობთ დროს ასეთი რეჟიმის პირობებში?

 ცოტათი ველური გავხდი. არ მაქვს იმის ფუფუნება, სტილისტი და მაკიაჟის ოსტატი ვიახლო თან. საველე პირობებიდან გამომდინარე, ბუნებრივი სახით ვწერ გადაცემებს. ეს გადაცემა სახალხოა, სოციალური და არ უხდება ზედმეტი გაპრანჭვა. რასაც ჩემით ვახერხებ, იმას ვჯერდები. თუ დამიჯერებთ, თმის მოსავლელადაც არ დავდივარ სალონებში. ჯერ ერთი, აღარ ვიჭრი, გადავწყვიტე, გავიზარდო თმა, ფერსაც თვითონ ვარჩევ და ჩემით ვიღებავ.

წლების განმავლობაში ჩემს პროფესიაში დიდი გამოცდილება დამიგროვდა. ვთვლი, რომ ახლა საუკეთესო პერიოდი მაქვს, რათა ჩემს მაყურებელს კარგი პროდუქტი შევთავაზო. ამასთან ერთად, სხვა ხედვაც მოვიდა. ახლა უცებ ვხვდები, რა იქნება უფრო საინტერესო.

ახალგაზრდული წლები არ მენატრება. დიახ, ახალგაზრდობა კარგია, უფრო ლამაზი ხარ, ენერგიული, მაგრამ უფრო მეტი შეცდომაც მოგდის და გონებრივი სიმწიფეც გაკლია. ჩემს ცხოვრებაში იყო შეცდომები, რაზეც გული მწყდება. ნერვიულობაც შემხვდა, ტკივილიც ვიგემე. ვერ შევძელი თავის არიდება უსიამოვნებებისთვის და ბევრი დრო დავკარგე, მაგრამ თუ სწორად გააანალიზებ, დაშვებულ შეცდომებზე ცხოვრების გაახლება ყოველთვის შეიძლება.

ასევე იხილეთ