“ჯიშის გარკვევა არც მიცდია, ჩემთვის ყოველთვის ერქმევა – “ეთერი ბებიას, პამადისფერი“

მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ემოციურ ამბავს იხსენებს.

ეთერი ბებია ჩემი დიდი, მარგალიტა ბებიას დისშვილი იყო, ჭანჭათელი ჭეიშვილის ქალი. ბებიას ქალიშვილი არ ჰყავდა და ძალიან მოუნდომებია საყვარელი დისშვილი თავის სიახლოვეს გაეთხოვებინა. შეჩენია ეთერის, „ნამეტანი კაი სანახავია გრიშა, ჯარიდან ახალი დაბრუნებულია, ერთი სამსე ჩამადანი ფული და ოქრო აქ ჩამოტანილი.”

უჭოჭმანია ეთერის, როის, როის დასთანხმებია დეიდას და ნატეხაკრეფევს შეუღლებულა ეთერი და გრიშა.

სულ გვიყვებოდა ეთერი ბებია, „მომატყვია დეიდამ, მასან ახლო მომაჩოჩა, მისი საქმე გეიკეთა, ჩემზე დიდად არ უფიქრიაო“.მალე გაირკვა, რომ იმ დიდი ჩემოდნით გრიშას ჯარიდან წიგნები და ქაღადები ჩამოუტანია, „იჟდა ბჟოლის ძირში, ჯიკვზე კითხულობდა და კითხულობდაო..” კაი სანახავი კი ნამდვილად ყოფილა გრიშა, ეთერი ბებია ხომ იყო და იყო, არც ქალობაში სცხვენოდა.. ნამეტანი კოხტა ჩაცმა უყვარდა, ხშირად იჯდა პარმაღშიგამოდგამდა ნამგზითვ ხელის საკერავ მანქანას და იკერავდა ჩითის კაბებს და ფანელის ხალათებს თავისთვის. არც ჩვენ გვეტყოდა უარს რამის გადაკეთებაზე, შეტეხვაზე ან შეკერვაზე. სამი შვილი გააჩინა და გაზარდა ეთერი ბებიამ, უმცროს ქალიშვილს ხატული დაარქვა, თვალებხატულააო. გვიყვარდა ხატულიე მამიდა…

ეთერი ბებიამ და გრიშა ბაბუამ აჭარელ უსტებს ააშენებიეს ოთხთვალი წაბლის ხის ოდა. სულ ელავდა იქაურობა, არაფერი სჯობდა იმ სახლში შესვლას. დიდ, საშალიანბუხრიან ოთახში ზაფხულობით სკამებს და ტახტებს თავის შეკერილ, ტილოს შალითებს გადააკრავდა და იქ გვმასპინძლობდა. ეზოში უშველებელი სასელა მსხლის ხეები იდგა, ვერიკაცი ვერ ბედავდა ზეთ გასლას. მარტო, მოქნეული ჯოხით ან ჭოკით რასაც მოვრეკავდით იმას გაგვირეცხვადა გვერდებდაჭეწყილ ალუმინის გობზე და გამოგვიდგამდა ეთერი ბებია. წინა ეზოში მინდორი, რომ წამოიზრდებოდა ნიკორა ძროხას დაამბავდა პალოზე და ნება ნება მოაჭმიებდა ძირისძირამდე კოინდარს. ამიტომ სულ ხასხასი გაუდიოდა იქაურობას.

შვილები დაბინავდენ დაოჯახდნენ, გრიშა ბაბუას გარდაცვალების შემდეგ მარტო ცხოვრობდა ეთერი ბებია. მე მას ქვრივს მოვესწარი. გრიშას, ოზურგეთელი ფოტოგრაფის რაჟდენას გადიდებული სურათი ბუხრის თავზე ედო და ყოველ შაბათ დღეს მოკრძალებული თაიგულით დადიოდა სასაფლაოზე. ბებიაჩემი მის ხმით ტირილს და მოთქმას რომ გაიგონებდა ჭანდრისძირიდან, იტყოდა “ეეეე აღაღადურდა ეთერა..” და თავს გადაიქნევდა.

ჩემი ბებია მერიკო, ეთერის მული გამოდიოდა, არ ვიცი ეს რძალმულობის ამბავი იყო თუ რაიყო, ეთერის მაინცდამაინც არ სწყალობდა და სულ წაკბენდა მწარედ.

ერთ დღეს ეთერი ბებია, ხატულიე მამიდას ნაჩუქარი „ზურგზე აღილული, წვრილ ფოლაქებიანი რუბაშკით” გამოგვეცხადა. ბებიამ ჰკითხა იქედნურად, „ეთერი ცავ, ვინ გიფსკნის მაგ ფოლაქებს ზურგზე დილას?”

ბებიასგან მოყოლილი ვიცით, რომ ახალგაზრდობაში , „შვა ჩაის კრეფის სეზონზე, თავის მოსაფხანად რომ არ გვეცალა არიკაცსმეიმკტარუნებდაწეიხთენდა თავს, გაგორდებოდა ატამანკაზედადობდა ბაბუაშენი და გრიშა ჯალამბარზე და მიაქანებდენ თემში. წამოწობოდა სავადმყოფოში ერთი ათი დღეი და ჩაის კრეფა რუმ გადიარდა გამოცხადდებოდა გამოშუშებული..”

უი ბრაზობდა მარა რას ბრაზობდა ამფერ ამბვებზე ეთერი ბებია.. იტყოდა, „მმტრობენ ნენა, სასტიკათ მმტრობენ თვარა ასი გზობა ნამკტავი ვარ, ცხრაი გზობა ძვილა ვარ გამოღლეტილი ხელიდან სიკვტილს.” და შეისწორებდა ცახოცს.

ჭანჭათში ეთერი ბებია ზურიკო ბაბუასთან ერთად დადიოდა, არცერთ ტირილს, ქორწილს და ლხინის სუფრას არ დააკლდებოდენ. ერთ შემოდგომის პირზე ორი ძირი ხვიარა ვარდის ნერგი მოიტანეს. ერთი ჩვენი სახლის კიბესთან დარგეს, მეორე ეთერი ბებიამ მიარგო ახალდარგულ წითელფოთოლა ტყემლის ხეს, მისი სახლის გვერდით. ჩვენსას ერთხანს იწვალა და ბოლოს გახმა, ბებიამ არ აცალა, ” ეთერას დარგული რა ხეირს იზამდაო?!” და თავი გადააქნია.

ეთერი ბებიასთან შეეზარდა წიტელფოთოა ტყემლის ხეს, აყვავდა მარა რა აყვავდა პამადისფერიტორისიმსხო ყვავილებით, შარამდე გამოდიოდა სურნელი. ხშირად შეიხარბებდენ მეზობლები და ეთერი ბებია იტყოდა, ” დასტურ კაია, ჩემი ნენაის ეზოდანაა, მე და ზურიკონამ მევიტანეთ ჭანჭათიდანო.”

ეთერი ბებიას გარდაცვალების ამბავი დედამ შემატყობინა, “დღესვე წამოხვალ თუ ხვალეო?” დააყოლა.

აპრილის ბოლო, მზიანი დღე იყო. მოლა კარგად მოეჭამა ნიკორას. წითელფოთოლა ტყემლის ხეზე ყვაოდა პამადისფერიტორისიმსხო ყვავილებიანი ვარდი. ტყემლის ხეც ყვოდა და ერთად საწაული სანახავი იყო. ეზო სავსე იყო მეზობლებით, ჭანჭათელი ნათესავებით. ხატულიე მამიდა, ბულბულო და ბებია ტიროდენ ხმით. არც კურცხალი დაჰკლებია…

გრიშა ბაბუას გვერდით დავკრძალეთ ჭანდრისძირში.

მეორე დღეს ვარდს რამდენიმე საკალმე ავაჭერი და თან წამოვიღე. გავახარე და აგერ დავრგე ღობესთან. ჯიშის გარკვევა არც მიცდია, ჩემთვის ყოველთვის ერქმევა, “ეთერი ბებიას, პამადისფერი,“– წერს ზურა შევარდნაძე.

 

ასევე იხილეთ