ანი გიუნტერი: ყველა სიტუაციაში სარგებელს ვეძებ

ტელეწამყვანმა ანი გიუნტერმა ძველი პროფესია გაიხსენა და ახალი გეგმებიც დასახა, რომელსაც საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს, თუმცა მანამდე მას ,,თბილისელები” პროფესიულ გარდასახვასა და იმ ხასიათზე ესაუბრა,  რომელიც მას სირთულეებთან გამკლავებასა და ყველაფერში დადებითის დანახვაში ეხმარება.

ანი გიუნტერი: არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც კონკრეტულ თარიღზე ამყარებენ იმედებს. „2021-დან დავიწყებ დიეტას, შევცვლი ცხოვრებას“ და ასე შემდეგ – ეს არაა ჩემი ცხოვრების წესი. არც ისაა ჩემთვის დამახასიათებელი, რომ ამბობენ ხოლმე, კიდევ ერთი ახალი სამსახური თუ მექნება, ბედნიერი ვიქნები, ან – ახლა მოწყენილი ვარ, მაგრამ სამოგზაუროდ რომ წავალ, გავმხიარულდებიო. კარგია, თუ კონკრეტული თარიღი რაღაცის სტიმულს გაძლევს, მაგრამ მე არასდროს ველოდები რაღაცას გარე სამყაროდან, რაც განწყობას შემიცვლის. არც ამ ახალ წელს დავლოდებივარ და ჯერ კიდევ დეკემბერში დავუბრუნდი ჩემს ძირითად პროფესიას, რომელიც უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს. მევიოლინე ვარ და ამ ექსპერიმენტის სახით ახალგაზრდობა გავიხსენე. საახალწლო ეთერში დავუკარი და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ არსებობს პროფესია, რომელიც დედამიწის ზურგზე ყველაფერს მავიწყებს. ეს დიდი გამარჯვება იყო ჩემთვის – დავრწმუნდი, რომ შემიძლია, 16 წლის შემდეგად დავუბრუნდე ამ საქმეს. თან, თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა მუსიკოსმა შემომთავაზა დუეტის გაკეთება, რამაც ძალიან გამახარა.
– დღეს ანი ეკრანთან ასოცირდება, მუსიკას რა მოგონებები უკავშირდება?
– შვიდი წლიდან ყველასთვის ვიყავი – „გოგონა, ხელში ვიოლინოთი“. ფეხით დავდიოდი ექვს კილომეტრს მასწავლებლამდე და დაუზარელი მამაჩემიც ჩემ გვერდით იყო. თუმცა, ეს არ იყო ჩვენთვის სირთულე, ეს იყო გასეირნება, რომლის დროსაც ერთმანეთს ბევრ რამეს ვუზიარებდით. ის მძიმე წლებიც არ მქონდა ტანჯვად ქცეული. საერთოდ, ნეგატიურად ვერცერთ პერიოდს ვერ ვიხსენებ. ერთადერთი, რაც შემიძლია გავიხსენო, ეს არის მამაჩემის მკვლელობა. მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც ყველაფერში პოზიტივს ხედავს, ამ შემთხვევაში არ გამომდის. მკვლელობიდან რამდენიმე ხანში, დედაჩემის მეგობართან მივვარდი და ვკითხე – ხომ შეიცვლება ყველაფერი, ხომ დამავიწყდება ეს კოშმარი-მეთქი? მან მითხრა, რომ ადამიანს არასდროს ავიწყდება ასეთი რამ და არც მოვუტყუვებივარ. სხვა მხრივ, ძალიან მტკიცედ გამოვიმუშავე ხასიათი ჩემი ოჯახის დახმარებით და ზუსტად ამ ხასიათის წყალობით, ყველა სიტუაციაში სარგებელს ვეძებ. დავუშვათ, და რამე გეგმა გამიუქმდა, ამისგან ტრაგედიას არ შევქმნი, პირიქით, გამიხარდება, რომ დასვენების საშუალება მომეცემა. თუ სადმე მინდოდა წასვლა და ვეღარ წავალ, მერე რა, ძალიანაც კარგი, გამოთავისუფლებულ დროს საკუთარ თავს დავუთმობ. პრობლემა არ არსებობს. სირთულე – კი, მაგრამ ყველაფერი მარტივი ხომ ვერ იქნება? თუ ჩვენ მოგვწონს რთული ნაწარმოები, რთული კერძები და ასე შემდეგ, ამაშიც უნდა ვნახოთ სარგებელი. კიდევ ერთი თვისება მაქვს, რომელიც ასევე არ მხდის ტოქსიკურს და არ მიგროვებს ნეგატიურ ენერგიას. ჩემთვის არ არსებობს – მოითმინე და ყველაფერი კარგად იქნება. მოთმენით, არაფრის შეცვლითა და მხოლოდ მოლოდინით არაფერი იქნება კარგად. ძალიან მეხმარება ისიც, რომ შიში ჩემთვის უცხოა. ერთადერთი, რისიც მეშინია, ქათამია. დანარჩენი, მტაცებელი იქნება თუ ახალი გამოწვევა, შიში არაფერთან მიმართებაში არ მაქვს. თუკი ოდესმე მქონია, განზრახ ვუახლოვდებოდი მას, რომ ახლოდან გამეცნო და ჯერჯერობით, ვიმარჯვებ კიდეც მათზე.
– მუსიკალურ კარიერაზე უარის თქმა არ იყო რთული?
– ძალიან დიდი შრომა ჩავდე ამ საქმეში და წარმატებულიც გამოვიდა. ორკესტრთან ერთად გასტროლებზეც დავდიოდი. მაშინ, როცა შემოსავლის წყარო, პრაქტიკულად, არავის ჰქონდა, ჩვენ კვარტეტი შევქმენით და გერმანულ ეკლესიაში დღესასწაულზე ვმართავდით კონცერტებს და საკმაოდ კარგად გვინაზღაურდებოდა. პირველი შემოსავალი უფრო ადრე, შვიდი წლის ასაკში მივიღე – ეს იყო ორი დოლარი. ერთხელ, მახსოვს, კონცერტი მქონდა. ჩემს მეზობელს მასზე დასასწრები ფული არ ჰქონდა და ორი თუჯის ტაფა მომიტანა, რომელიც უკვდავია და დედა იყენებს (იცინის). ასე რომ, თამამად ვიტყვი – რვა წლიდან მე ჩემი მშობლებისთვის ფული არ გამომირთმევია, თან პროფესიულად ვვითარდებოდი. თუმცა, ამ პროფესიაზე უარის თქმა არ გამჭირვებია, იმიტომ, რომ ჩემს სულიერ მდგომარეობას არღვევდა. ძალიან მიყვარდა და ასეთი გრძნობით ვერცერთ საქმეს ვერ გავაკეთებდი, მაგრამ მეტად ემოციური პროცესი იყო, საოცრად ვნერვიულობდი სცენაზე გასვლის წინ. მერე ცხენმა გადმომაგდო და ტრავმა მივიღე. თუმცა მთავარი ის იყო, რომ მე ჩემს სულიერ სიმშვიდეს ვერაფერზე გავცვლიდი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონდა, ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ ჩემსა და ვიოლინოს 17-წლიან ოჯახს დავმშვიდობებოდი.
– ფიქრშიც კი არ ვწუწუნებო, ამბობდით.
– არ ვარ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს რამეს უკრძალავს. როცა მეტირება, ყოველთვის ვტირი, როცა გული მწყდება, აუცილებლად ვამბობ ამის შესახებ. როცა გრძნობებით სავსე ვარ, არც ამას ვმალავ და ამ დროს აუცილებლად გულწრფელი ვარ, რადგან თამაში ჩემთვის დიდი დისკომფორტია, რომელსაც საკუთარ თავს არ შევუქმნი. წუწუნს რაც შეეხება, უბრალოდ, არ ზის ჩემში, თორემ რომ მინდოდეს, აუცილებლად ვიწუწუნებდი. იმიტომ არ შევიზღუდავდი თავს, რომ საზოგადოებაში არ შეიძლება ან არაა მიზანშეწონილი.
კიდევ ერთი მომენტია მნიშვნელოვანი – ადამიანს საკუთარი შეცდომის აღიარება უნდა შეგეძლოს. ბოდიშის მოხდა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. რატომაც არა – თუკი ვხვდები, რომ რაღაც ჩემი გამოსასწორებელია, ამაზე მარტივი რა არის?! ესე იგი, სხვაზე არ ხარ დამოკიდებული და არ ელოდები, ის როდის მიხვდება თავის შეცდომას. პირიქით, ჩემი შეცდომაა და ამის გაკეთება მაშინვე შემიძლია, რადგან ბოდიშის მოხდის არ მეშინია. ყველაზე მზრუნველი მეგობრები მყავს. თუმცა არც მიკვირს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ასეთები არიან. მივხვდი, რატომ ვარ ასეთი ბედნიერი. წლების წინ არ ვიცოდი, რომ მეცნიერებაც იმავეს ამტკიცებს, რომ სწორია, როგორც მე ვცხოვრობდი, მაგრამ ყოველთვის ასე ვიქცეოდი. მაგალითად, მე არასდროს მიფიქრია, რომ ყველა ბავშვი ზარმაცია, რომ არ არსებობს შვილი, რომელიც არ გაგაბრაზებს. მე სულ ვამბობდი, რომ დამჯერი, ჭკვიანი და მოსიყვარულე შვილები მყავს და მართლაც ასეა. იმავეს ვამბობდი მეგობრებზე. უამრავი ღალატის და ჩხუბის მაგალითი მაქვს გარშემო, თუნდაც ისეთის, რომლის შედეგადაც ურთიერთობა სრულდება. მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი ჩემს მეგობრებში და დღეს არ არსებობს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც დაკარგულად ვთვლი. თუნდაც ბავშვობის სასიყვარულო დრამები რომ გავიხსენო, წლების შემდეგ მეგობრულ გარემოში მომიწია რამდენიმესთან შეხვედრა და მერე გაგვცინებია რაღაცებზე. მართლა ვერ ვიხსენებ ადამიანს, ვისზეც ნაწყენი ვარ. ადამიანების უნდა გჯეროდეს. თუმცა მარტო მათი არა, ცხოველებისაც. მაგალითად, მყავს კატა, რომელიც ძალიან მოუსვენარია და თავზე გვახტება. იმ დღეს ვთქვით, რომ ბილი ყველაზე მშვიდი კატა იყო და დავიჯერეთ კიდეც ეს. მართლა ისე მოხდა, რომ იმ დღეს ბილი სამაგალითოდ იქცეოდა. როგორც კი მიდგომას შეცვლით, ნახავთ, როგორ შეიცვლება ყველაფერი.
– ოჯახის დანგრევის შემდეგაც მოახერხეთ, რომ რაღაცების გახსენება მტკივნეული არ ყოფილიყო?
– მე არაფერი მომიხერხებია, ალბათ, არ მტკენია იმდენად. მე ვარ ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ ყველა კაცი ძალიან ერთგული, მოსიყვარულე და გულწრფელია. თუ ადამიანს აღარ მოუნდება, ის, უბრალოდ, გეტყვის ამას და წავა. აქედან გამომდინარე, რატომ არ უნდა ვიყო მადლობელი იმ ადამიანის, რომელმაც უბრალოდ, გამოხატა თავისი მდგომარეობა. კი, ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო და შოკისმომგვრელიც, მაგრამ რა უნდა მეწყინოს ადამიანისგან, რომელსაც სხვანაირად წარმოუდგენია თავისი ცხოვრება?! დაახლოებით, წელიწად-ნახევრის შემდეგ, ძალიან მადლობელი ვიყავი მისი და ყოველდღე ვლოცავდი. მიზეზებს აღარ მივუბრუნდები, მაგრამ გავიმეორებ, რომ ყველაფერს აქვს დადებითი მხარე.
მიტოვებულ მდგომარეობაში ვერასდროს ჩავიყენებ თავს. სანამ შენი ბედნიერება იმაზეა დამოკიდებული, ვიღაც როდის მოვა ან წავა, ის შენი კი არა, ვიღაც სხვისი პირადია. ჩემი პირადი ბედნიერება მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, მე ახლა რა გამიხარდება და რა – არა.
– კიდევ ერთხელ ოჯახის შექმნაზე რას ფიქრობთ?
– მე უკვე მყავს ოჯახი, ჩემი და ჩემი ორი შვილის შემადგენლობით, რომელშიც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. რაც შეეხება პირად სივრცეს, მე არ ვარ ოჯახური ბედნიერების ძიებაში, არ ველოდები, რომ ვინმე ოჯახის შექმნას შემომთავაზებს, იმიტომ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ ამ მდგომარეობაში და არ ვფიქრობ, რომ დანგრეულ ოჯახში ვცხოვრობ. ამიტომ პირად ურთიერთობებში კიდევ უფრო თამამი, თავისუფალი და ბედნიერი ვარ.

ასევე იხილეთ