მომღერალ დათო ხუჯაძის ოჯახური ცხოვრება ბედნიერად გრძელდება პირველი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ. პანდემიის პერიოდში ის მუსიკოს ეკა დალაქიშვილზე დაქორწინდა, რამდენიმე თვის წინ კი მათ ქალიშვილი შეეძინათ – ილა. დათოს უფროს და უმცროს გოგონებს შორის ასაკობრივი სხვაობა 12 წელია.
– 12 წლის შემდეგ გახდით მეორედ მამა. როგორია ამჯერად მამობის სენტიმენტები?
– გარდა იმისა, რომ ეს არის დიდი პასუხიმგებლობა, მეორე შვილის დაბადებამ ახალი აზრი მისცა ჩემს ცხოვრებას. საერთოდ ვთვლი, რომ რაც უფრო მეტი შვილი გეყოლება, მით უკეთესია, მეც არ ვაპირებ ამაზე გაჩერებას.
– როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება მეორედ დაოჯახებამ და ბავშვის დაბადებამ?
– ორმაგად გამაბედნიერა. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემს ცხოვრებას კიდევ უფრო მეტი პოზიტივი, აზრი და ემოცია დაემატა.
– ილასთვის სათამაშოების, კაბების და სხვა აქსესუარების ყიდვა გსიამოვნებთ თუ ეს საქმე თქვენი ცოლის პრეროგატივაა?
– ბავშვების მაღაზიას გულგრილად ვერ ჩავუვლი. აუცილებლად შევალ და რამეს მაინც ვუყიდი. თუ საზღვარგარეთ ვარ, უფრო გამძაფრებული ინტერესი მაქვს საბავშვო მაღაზიების მიმართ. მიყვარს, როდესაც ჩემი გოგონასთვის ლამაზ კაბებს ვყიდულობ.
– ხასიათით მაინც ვისკენ იხრება, დედისკენ თუ მამისკენ?
– ხასიათს ბოლომდე ვერ გაიგებ, ჯერ პატარაა, თუმცა ჟინიანი არის.
– და ვინ არის ჟინიანი თქვენ ორში?
– ალბათ მე უფრო ვარ.
– უმღერით ხშირად?
– კი, მეც და ჩემი მეუღლეც. ვფიქრობ, რომ ბავშვს ძალიან მოსწონს ძველი ქართული სიღერები, ამ დროს ჩუმდება და იღიმება.
– ერთ მტკივნეულ თემას მინდა, შევეხო. რამდენიმე თვის წინ დაკარგეთ მამა. როგორ გადაიტანეთ ეს ტკივილი და იქნებ რაიმე გაიხსენოთ თქვენი მამაშვილობიდან?
– ჩვენ ძმაკაცური, მეგობრული და მამაშვილური ურთიერთობა გვქონდა. მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც მისგან ვისწავლე. დღეს ვინც ვარ, თავიდან ბოლომდე მამის დამსახურებაა.
– მამათქვენი გამორჩეული იყო თავისი პროფესიითაც. ის გიშერის ყველაზე ცნობილი სპეციალისტი გახლდათ. თქვენც იცით ეს ხელობა?
– მამა ხელოვანი კაცი იყო. თუ თავისუფალი დრო მექნება, შეიძლება მეც შევიდე მის სახელოსნოში, მაგრამ ახლა ყველაფერი ხელუხლებელია. ყველაფერი ისეა მის სახელოსნოში, როგორც მამაჩემის დროს იყო.