“სიკვდილის შემდეგ ჩემს ძმას ბევრმა უღალატა”

422

აფხაზეთში დაღუპულ მსახიობსა და ტელეჟურნალისტს, ალექსანდრე (საშა) იოსელიანს, 70 წელი შეუსრულდებოდა. სოციალურ ქსელში მისი ერთ-ერთი მეგობარი წერდა, ვერც კი წარმომიდგენია, როგორი შეიძლება ყოფილიყო 70 წლის ასაკოვანი საშკა იოსელიანიო. მართლაც ძნელია ამის წარმოდგენა, რადგან მეხსიერებას ის შემორჩა, როგორც ულამაზესი ახალგაზრდა ვაჟკაცი, რომელიც მის მიერ გადაღებულ უკანასკნელ კადრში ხელს გვიქნევს და ამბობს: ,,მშვიდობით”.

26 წლის ასაკში დაქორწინდა, ეყოლა ქალ-ვაჟი – გიორგი და ნინო. კამერით ხელში მიდიოდა ყველგან, სადაც საქართველოს ბედი წყდებოდა. ასე იყო სამაჩაბლოში, შემდეგ აფხაზეთში, საიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდა.

მსახიობის შესახებ “სარკეს” მისი უფროსი და, მსახიობი ხათუნა იოსელიანი უყვება: საშაზე 9 წლით უფროსი ვიყავი, დედაჩემი მაშინ წყალტუბოში “კაგებე”-ს სანატორიუმის მთავარ ექიმად მუშაობდა. საშა რომ დაიბადა, ძალიან ვნერვიულობდი, ვერ ვიტანდი, ჭირის დღესავით მეზიზღებოდა.

– ეჭვიანობდით?

– დიახ, ძალიან, იმიტომ, რომ ერთადერთი შვილი ვიყავი და უცებ გაჩნდა ბიჭი, გვარის გამგრძელებელი და ვიღას ახსოვდა შენი ხათუნა, “მომისროლეს” იქით. როცა საშა სამშობიაროდან გამოიყვანეს, მოვიპარე, ავიყვანე მაყვლიან ბარდებზე და დავდე, რამემ შეჭამოს-მეთქი. ბებიაჩემს დავუნახივარ. ატყდა ერთი ამბავი და ერთი კარგად დამჟეჟეს. მერე უკვე, როცა წამოიზარდა, ჩემი საშუნა ჩემი სიცოცხლე და სუნთქვა გახდა. დამიჯერებთ? ისტერიკული სიყვარული მქონდა მის მიმართ.

ერთხელ, ბავშვობაში ღამით გამეღვიძა და ავკივლდი, სად არის ჩემი საშა, ხომ არ მომიკალით, ხომ არ წამართვით-მეთქი. შოკში ვვარდებოდი და არ გიკვირთ, დღეს როგორღა ვარ ცოცხალი?!.. თუკი რამე კეთდებოდა, ყველაფერი საშუნასთვის კეთდებოდა. საწყალმა დედაჩემმა ვეღარ გაუძლო ამ საშინელ ტკივილს და მის წლისთავზე აღესრულა.

– როგორი მამაკაცი დადგა იმ ბავშვისგან, რა თვისებებით გამოირჩეოდა?

– მამაცი, რისკიანი, ნამდვილი რაინდი იყო. საშას გინება არ გვახსოვს, თავისი საქციელით ყველანაირად გამორჩეული იყო, როგორც ძმა, მეუღლე, მამა, მეგობარი, მსახიობი, ჟურნალისტი.

ძალიან მიმზიდველი გარეგნობის იყო. ერთხელ ცუდად ვარ, დაბალი წნევა მაქვს. ვწევარ. გამოიძახეს ექიმი. დედაჩემიც მოვიდა. საშა ველოსიპედით ამოვიდა მეშვიდე სართულზე. ამ ექიმმა რომ მოიხედა, პირი დააღო გაოცებისგან. შეხედა თუ არა, გადაირია მისი სილამაზით. ხომ იცით, ქალებმა როგორც იციან, დაუწყეს არშიყობა. მე ვწევარ, ვკვდები, მაგრამ ვიღას ვახსოვარ?!

 თავის სამსახურის ამბებზე თუ საუბრობდა თქვენთან?

– არა, თავის სამსახურებრივ და სასიყვარულო ინტრიგებზე ოჯახში არასდროს საუბრობდა. თავის პრობლემებს კაცურად თვითონ აგვარებდა. საცოდავმა სიკვდილის შემდეგ ძალიან ბევრი ღალატი ნახა…

საშა ძალიან უყვარდათ მეგობრებს. მისი ერთი მეგობრის, ვოვას, მამამ საშას სვანეთში სახლი აჩუქა. მერე იმ კაცმა მისი დაღუპვის ამბავი რომ გაიგო, გული გაუსკდა და მოკვდა. საშუნა ჩემმა და მისმა მეგობრებმა დამასაფლავებინეს.

– მისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებზე, წუთებზე რა იცით?

– როგორც გავიგე, სნაიპერ ქალს მოუკლავს. ვაი, დედაო – დაუძახია. უცნაურია, მაგრამ ყველა როლში, რაც კი ნათამაშები აქვს, საშუნას გმირი საბოლოოდ კვდება.