“იმდენად მივეჩვიე საკუთარი შრომით ყველაფრის გაკეთებას, ადამიანმა რამე რომ მაჩუქოს შეიძლება უარი ვუთხრა”
როგორ გამოსდის ვერკა ჯაჯანიძეს ფინანსების მართვა, რა ასაკში გახდა ფინანსურად დამოუკიდებელი და რაში გამოიხატება მისი სიძლიერე, ამაზე თავად მოგვიყვება.
ვერკა ჯაჯანიძე: ფულთან ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება მაქვს. ჩემთან ფული ჰაერზე არ მოდის – მხოლოდ და მხოლოდ დიდი შრომის ხარჯზე და რადგან მას ამ გზით მოვიპოვებ, განსაკუთრებულადაც ვუფრთხილდები. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერზე ძვირფასია, მაგრამ დღევანდელ ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს არსებობისთვის და გვინდა თუ არა, შემოსავალზე ვართ დამოკიდებული.
– პირველი სამსახური და შემოსავალი?
– ჭიათურაში ვცხოვრობდი, სკოლის მოსწავლე ვიყავი. მერვე კლასში, როდესაც ჭიათურის ერთ-ერთ სოფელში ჩემმა მასწავლებელმა სტუდია გახსნა და პედაგოგად დამნიშნა. მახსოვს, სპეციალურად ჩამაცვეს ქუსლიანი ფეხსაცმელი, მაკიაჟიც გამიკეთეს, რომ ცოტათი მაინც მასწავლებელს დავმსგავსებოდი (იცინის). ხელფასი 50 ლარი მქონდა და იმის გათვალისწინებით, რომ ტრანსპორტი 30 თეთრი ღირდა და ტანსაცმელს 20 ლარად იყიდდი, საკმაოდ კარგი ანაზღაურება იყო (იცინის).
– თუ გახსოვს, რაში იყენებდი შემოსავალს?
– ბავშვობიდან მოყოლებული, დღემდე ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. ზუსტად იმ დროს ვისწავლე ფულთან ფრთხილი დამოკიდებულება. ვიღაც თუ ტელეფონისთვის ან ჩასაცმელისთვის აგროვებდა თანხას, მე უნივერსიტეტის გადასახადისთვის ვინახავდი. საკუთარი ხელფასით გადავიხადე სწავლის საფასური და ძალიან კარგად მახსოვს, რომ 20-25-ლარობით ვაგროვებდი.
– ფინანსურად სრულად დამოუკიდებელი მალე გახდი?
– უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე და თბილისში ჩამოვედი, ქირით ვცხოვრობდი. პარალელურად, რესტორანში ვმუშაობდი. მე და ჩემს მეწყვილეს 60 ლარი გვქონდა ანაზღაურება და შუაზე ვიყოფდით. ამ თანხას ძალიან განსაზღვრულად ვხარჯავდი. მანამდე მშობლებიც ბევრ რამეში მეხმარებოდნენ, მაგრამ თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ უკვე სტუდენტობის პერიოდში, მშობლებისთვის ერთი ლარი არ გამომირთმევია. მერე „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მოვხვდი და ასევე, მუშაობა დავიწყე გობეჯიშვილის აკადემიაში. აქედან გამომდინარე, ჩემი შემოსავალიც გაიზარდა.
სხვათა შორის, 2012 წელს სამი თვით ჩინეთში ვიყავი წასული სამუშაოდ, 6 ათასი ლარი გამოვიმუშავე და ეს თანხა სახლის გასარემონტებლად გამოვიყენე. ეს იყო ჩემი ფინანსებით გაკეთებული პირველი დიდი საქმე. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ მშობლებს ასე დავეხმარე პატარა ასაკში.
დღემდე ძალიან დამოუკიდებელი ვარ. პირიქით, ვცდილობ, სხვას დავუდგე გვერდში და ნაკლებად ვითხოვო რამე. არავისზე არ ვარ დამოკიდებული და ღმერთს ვთხოვ, ამ მდგომარეობაში არ ჩამაყენოს. ასე რომ იყოს, ალბათ, დეპრესიულ მდგომარეობაში აღმოვჩნდები. იმდენად მივეჩვიე საკუთარი შრომით ყველაფრის გაკეთებას, ადამიანმა რამე რომ მაჩუქოს, შეიძლება, უარი ვუთხრა. მირჩევნია, მე თვითონ შევიძინო, ამას სულ სხვა გემო აქვს. სახლი თვითონ შევიძინე, მანქანაც, თავიც დამოუკიდებლად დავიმკვიდრე და მოკლედ რომ ვთქვათ, მამალი ქალი ვარ (იცინის). ვინც მიცნობს, ალბათ, ყველა დამეთანხმება და ამიტომ ვამბობ ხმამაღლა, თორემ საკუთარი თავის ქება არ მიყვარს.
– შეგიძლია თანხის დაგროვება დიდი მიზნებისთვის?
– სულ ეგრე ვარ, ყოველთვის რაღაც მიზნისთვის ვაგროვებ. არ შემიძლია, ეს თანხა დასვენების ან სხვა რამის შესაძენად დავხარჯო. რაც ჩემი პროფესიისთვის მნიშვნელოვანია, მაგალითად, ყოველწლიურად ინგლისში წასვლა განსაკუთრებულ ტურნირზე, რაც საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა, ამაში ფული არ მენანაება და სადმე კუნძულზე დასვენებას ეს მირჩევნია. ყოველთვის ფრთხილ გადაწყვეტილებებს ვიღებ. არ მიყვარს თანხის არასწორად დახარჯვა. თუმცა, ზოგადად, კეთილი ადამიანი ვარ, მიყვარს ადამიანების პატივისცემა და ამაში ფული არ მენანება. პირიქით, ეს უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს.
– რა არის კიდევ ისეთი, რაშიც ფულს სიამოვნებით ხარჯავ?
– სილამაზის სალონში (იცინის). თმის შეღებვა, ფრჩხილების მოწესრიგება და ასე შემდეგ, ამაში ფულის გადახდა არ მენანება. ასევე, არ მენანება საწვავში გადახდილი თანხა, ავზი ყოველთვის სავსე უნდა მქონდეს, სხვანაირად არ შემიძლია (იცინის). არ მენანება ფული ცეკვის ფორმასა და ფეხსაცმელებში. თუ ტურნირებზე ვმსაჯობ, ამ დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადები. აი, კვებაში უაზროდ დიდ თანხას არ გადავიხდი. ფული არ მენანება სახლის ნივთებში, ძალიან მეოჯახე ადამიანი ვარ. შვილისთვის არაფერი არ მენანება, რაც საჭიროა, ყველაფერი უნდა ვუყიდო.
– რამდენად გამოგდის შემოსავლის თვიდან თვემდე სწორად გადანაწილება?
– სანამ ხელფასს ავიღებდე, ყველანაირი ხარჯი გათვლილი მაქვს. პლუს-მინუს ხარჯებსაც ვითვალისწინებ. მით უმეტეს, როცა ბავშვი გყავს, ამაზე ფიქრი გიწევს, მაგრამ ამ მხრივ, პრობლემა არასდროს შემქმნია, გამორიცხულია, რამე არ გავითვალისწინო, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ორი თვე არ ვმუშაობ. წინასწარ უნდა გავამზადო ყველაფერი. ოჯახში ჩემი მეუღლეა, რომელიც არაფერს დაგვაკლებს, მაგრამ როცა დამოუკიდებელი ადამიანი ხარ, შინაგანი შიში და პასუხისმგებლობა გაქვს.
– რამის შეძენის შემდეგ თუ გიფიქრია, რომ „ფული გადაყარე“?
– მხოლოდ ტანსაცმელში. შეიძლება, რაღაც გავისინჯო, არ მომეწონოს, მაგრამ გამყიდველმა მითხრას, ძალიან გიხდებაო და ვეღარ ვუბრუნებ, მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს, მაინც ვყიდულობ. ცოტა ხანს მიდევს და მერე თუ ვინმეს მოეწონება, ვჩუქნი. ასე ხშირად დამმართვია. სხვა არაფრის ყიდვა არ მინანია. ამ შემთხვევაში, იქვე ვიცი ხოლმე, რომ არასწორად ვიქცევი, მაგრამ მორიდების გამო მაინც ვერ ვამბობ უარს.