იღბალი თუ შრომისმოყვარეობა – რა განსაზღვრავს ადამიანის წარმატებას და როგორია მსახიობ ანა ჯავახიშვილის გამოცდილება ამ საკითხთან მიმართებით, ამაზე ის თავად მოგვიყვება.
ანა ჯავახიშვილი: მიმაჩნია, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. ჩემი ცხოვრების გადამწყვეტ მომენტებში, მიუხედავად იმისა, რომ კარგს არ ველოდი და ვწუწუნებდი, არ გამომივიდა–მეთქი, იღბალი ჩემს მხარეს აღმოჩენილა და ყველაფერი კარგად დასრულებულა.
– შრომისმოყვარე ხარ?
– ჩემს თავზე ამის თქმა, შეიძლება ცოტა უხერხულია, მაგრამ ნამდვილად ვარ შრომისმოყვარე. ბავშვობიდან ასეა. 5 წლიდან ბალეტზე დავდიოდი და ეს ისეთი პროფესიაა, რომ შრომის გარეშე არაფერი გამოგივა. საბალეტო სკოლაში გატარებულმა პერიოდმა მასწავლა, რომ რამდენად ნიჭიერიც არ უნდა ვყოფილიყავი, შრომის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. ეს თავიდანვე გავიაზრე. გენიოსიც რომ იყო, გამორიცხულია, რამე გამოგივიდეს. მერე, როცა ბალეტი წარსულს ჩაბარდა, ძალიან რთული პერიოდი მქონდა, განვიცდიდი. არ ვიცოდი, თუ ცხოვრებაში კიდევ გამომივიდოდა რამე. წლები რომ გავიდა, ზუსტად მაშინ მივხვდი, რამდენად იღბლიანი ვყოფილვარ, კიდევ კარგი, რომ ბალეტი წარსულს ჩაბარდა, რადგან სანაცვლოდ ისეთი პროფესია ავირჩიე, რომელზეც დღეს ვგიჟდები და რომლის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ზუსტად ეს არის გამართლებაც და იღბალიც.
– სიზარმაცის უფლებას როდის აძლევ თავს?
– გააჩნია, რა ეტაპია ჩემს ცხოვრებაში. ჩემს თავთან მორიგებული ვარ ამ საკითხზე. არის პერიოდები, როცა შემიძლია, არაფერი ვაკეთო და კარგად დავისვენო, მაგალითად, ამ პერიოდში ასეა. სპექტაკლები აღარ არის, გადაღებებიც ნაკლებადაა, ზაფხულია და შემიძლია, დრო საკუთარ თავს დავუთმო. როცა პროფესიულად აქტიური პერიოდია, რეპეტიციები, გადაღებები მაქვს და რაც უფრო მეტი საქმე მიგროვდება, მით უფრო მეტის გაკეთებას ვასწრებ.
– რა გეხმარება ძალების აღდგენაში, როცა ძალიან გადაიღლები?
– უბრალოდ, სახლში მოსვლა და ჩემს ქმართან და კატასთან ერთად ყოფნა (იცინის).
– წარუმატებლობის შემთხვევაში ან რთულ პერიოდებში რა გეხმარება ფეხზე წამოდგომაში?
– ადრე უფრო განვიცდიდი, ყველაფერი გულთან ახლოს მიმქონდა და მიზეზებს ჩემს თავში ვეძებდი. გამოცდილება რომ დავაგროვე, ვხვდები, რომ ეს ცხოვრებაა და ყველაფერი ისე ვერ გამოვა, როგორც ჩვენ გვინდა. არა უშავს, არ დავნებდები და ისევ გავაგრძელებ იმის კეთებას, რასაც ვაკეთებდი. რამდენიმე დღე ვიქნები უიმედოდ, მაგრამ ორი დღის შემდეგ ეს მდგომარეობაც მომბეზრდება და ფეხზე წამოვდგები, რომ საქმეს დავუბრუნდე. ძირითადად, დღესაც ჩემს თავს ვადანაშაულებ, თუ რამე არ გამოდის, მაგრამ დრო რომ გადის, სხვა კუთხით ვუყურებ და შეიძლება, აღმოვაჩინო, რომ უბრალოდ, გარემოებებმა განსაზღვრა ბევრი რამ, ეს მეხმარება თავიდან დაწყებაში.
– მებრძოლი ხარ, მნიშვნელოვანი მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეგიძლია უკან არ დაიხიო?
– მე ჩემს თავს ასეთად აღვიქვამ. თუ მიზანი სერიოზულია – კი, უკან არ დავიხევ, მაგრამ თუ მიზანი დიდი და მნიშვნელოვანი არ არის, უბრალოდ, არაფერს შევაკვდები. გავიაზრებ, რომ არ მიღირს და უკან დახევასაც შევძლებ. მგონია, რომ სისულელის გამო კედელს თავით არ უნდა შეასკდე. თუ ჩემი უნარები და შრომაა საჭირო, მაქსიმუმს გავაკეთებ, მაგრამ თუ აზრი არ აქვს, ჩემს ენერგიას ფუჭად აღარ შევალევ.
– ვინ არის შენთვის ყველაზე დიდი მოტივატორი?
– ალბათ, ისევ და ისევ ჩემი თავი. როგორც მე შემიძლია საკუთარი თავის შემოძახება, ისე სხვას არ შეუძლია, უფრო სწორად, როგორც ჩემს თავს მოვუსმენ, ისე სხვას – ვერა. საკუთარი თავის შემდეგ დედაჩემი და ჩემი მეუღლე არიან ჩემი მოტივატორები. ის ადამიანები, ვისაც უყვარხარ, ასე თუ ისე, ყოველთვის გადაგისვამენ თავზე ხელს, გეტყვიან, რომ არა უშავს, კომფორტს შეგიქმნიან. საკუთარი თავია ის, ვინც კომფორტის ნაცვლად, ქმედებისკენ გიბიძგებს.
– ცდილობ, საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას გაუფრთხილდე?
– მინდა, რომ ასე მოვიქცე, რომ დროულად დავისვენო, არ გადავიწვა და ასე შემდეგ, მაგრამ არ გამოდის. არის დედლაინები, რომელშიც უნდა ჩაეტიო. მით უმეტეს, როცა პრემიერისთვის ემზადები ან გადაღების ბოლო დღეებია, ისეთი მუშაობა მიდის, რომ მაგალითად, თეატრში, დილის ხუთ საათამდე ვყოფილვართ. ასეთ დროს ვერ იფიქრებ მენტალური მდგომარეობის გაფრთხილებასა და დასვენებაზე. ერთადერთი მიზანი გაქვს, რომ ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ საუკეთესო შედეგს მიაღწიო, პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. იმ მომენტში საკუთარ თავზე ზრუნვა მეასეხარისხოვანია, მაგრამ როცა ყველაფერი კარგად ჩაივლის, მერე შეგიძლია, სუფთა სინდისით დაისვენო (იცინის).
– გარეგნობაზე რამდენად ზრუნავ?
– გადამეტებულად – არა, თუმცა, რომ ვიზრდები, ვხვდები, რომ 15 წლის ბავშვი აღარ ვარ, ქალი ვარ და შესაბამისად უნდა გამოვიყურებოდე, ანუ, სულ ჯინსებითა და კეტებით არ უნდა ვიარო (იცინის). შემიძლია, ვთქვა, რომ პროგრამა მინიმუმს ვასრულებ (იცინის). ანუ, ფრჩხილი და სახე მოწესრიგებული უნდა მქონდეს. დაძინებამდე, გრიმი აუცილებლად უნდა მოვიშორო, რადგან ეკრანსა და სცენაზე კარგად ჩანს სახის კანი, მაგრამ ყოველდღიურად თმის მოწესრიგებამდე ვერ მივედი (იცინის). ეს ჩემთვის ჯერჯერობით დაუძლეველი მისიაა (იცინის).
– კარიერისტი ხარ?
– ამასთან დაკავშირებით ეს კითხვა მახსენდება – კარიერა თუ ოჯახი? საბედნიეროდ, ამაშიც იღბლიანი აღმოვჩნდი. ისეთი მეორე ნახევარი შემხვდა, რომელიც ამ არჩევანის წინაშე არ მაყენებს.
დროის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, არის პერიოდები, როდესაც დილით გავდივარ და შეიძლება, ღამის ხუთ საათზე მოვიდე სახლში. შესაბამისად, ასეთ მომენტში ოჯახზე ზრუნვას ნაკლებად ვახერხებ, მაგრამ არის პერიოდები, მაგალითად, ახლა, როცა არანაირი ვალდებულება არ მაქვს, გარდა ჩემს ოჯახზე ზრუნვისა, აქედან გამომდინარე, ვცდილობ, დავაბალანსო.
– ადამიანებში რამდენად იღბლიანი ხარ?
– ეს პირველ ადგილზე უნდა დავაყენო, მგონია, რომ მეგობრებშიც ძალიან იღბლიანი ვარ. ხშირად არ ხდება, რომ ბავშვობის მეგობრები მთელი ცხოვრება მოგყვებიან, მე, ამ მხრივ, იღბლიანი ვარ და ვფიქრობ, რომ მეუღლეშიც ძალიან გამიმართლა. სხვათა შორის, ზუსტად გუშინ ვამბობდით, რომ ერთმანეთში ძალიან გაგვიმართლა და დიდწილად ესეც იღბალია. ადამიანის პოვნაში შრომას ვერ ჩადებ, ამ შემთხვევაში შრომა თამაშგარე მდგომარეობაში რჩება და უფრო იღბალზე ხარ მინდობილი.
– წარმატებისთვის დიდი მსხვერპლის გაღება თუ შეგიძლია?
– თუ მსხვერპლს დავარქმევთ ჩვენს დროს, ენერგიას, და ჯანმრთელობას, კი, რა თქმა უნდა, შემიძლია. ბავშვობაშიც სკოლაში დასვენების დღეები არ გვქონდა. ჩემი ძმის ქორწილი იყო, მაგრამ იმის გამო, რომ ბალეტის რეპეტიცია არ გამეცდინა, ქორწილში არ წავედი. მხოლოდ ღამე, ათის შემდეგ მივედი, ჯვრისწერა გამოვტოვე და მხოლოდ რესტორანში მივედი, თანაც გვიან. ეს რომ მახსენდება, არც სხვა რამეზე მიჭირს უარის თქმა. მოთმინების უნარია საჭირო, საკუთარ თავს არწმუნებ, რომ შენ აქ უფრო საჭირო ხარ, რადგან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ.
– როგორ წარმოგედგინა ბავშვობაში საოცნებო მომავალი და შენი დღევანდელი რეალობა რამდენად შეესაბამება იმ წარმოდგენებს?
– ჩემს ცხოვრებაში იყო მომენტი, როცა ვერ წარმოვიდგენდი, არ მჯეროდა, რომ რაღაც გამომივიდოდა. იყო მომენტები, როცა პირიქით, მეგონა, რომ მეტს გავაკეთებდი. პლუს-მინუსებით, ალბათ, მაინც ის ცხოვრება მაქვს, რომელიც მინდოდა, რომ მქონოდა.
– შეგიძლია, სიამაყით უთხრა შენს პატარა ვერსიას, რომ გამოგივიდა?
– კი, ასეა და სამწუხაროდ, ეს ხშირად არ მახსენდება. კარგი იქნება, თუ ამას საკუთარ თავს უფრო ხშირად შევახსენებ, განსაკუთრებით რთულ მომენტებში.