ორ ბლოგერს მიხატული პირბადის გამო ინდონეზიიდან დეპორტაცია ემუქრება

ორ YouTube-ბლოგერს, ჯოშ პეილერ ლინსა და ლეია სეს მიხატული პირბადით მაღაზიაში შესვლის გამო ინდონეზიიდან დეპორტაცია ემუქრება. ამის შესახებ CNN-ი წერს.

YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ლეია სეს პირბადის გარეშე მაღაზიაში შესვლაზე უარს ეუბნებიან, შემდეგ კი ჯოში მას სახეზე პირბადეს ახატავს და ის მაღაზიაში შესვლას ახერხებს.

ინდონეზიაში პირბადის ტარების წესის დაცვა მკაცრად კონტროლდება. პოლიცია უფლებამოსილია პირბადის ტარების წესის მეორედ დარღვევისთვის უცხოელები ქვეყნიდან გააძევოს. მიუხედავად იმისა, რომ ლინისა და სეს შემთხვევაში ეს პირველი კანონდარღვევა იყო, ვიდეოს გამოქვეყნებას ქვეყანაში ისეთი უკმაყოფილება მოჰყვა, რომ კუნძულ ბალის ხელისუფლებამ ორივე ბლოგერს პასპორტები ჩამოართვა.

პოლიციის ინფორმაციით, ჯოშ პეილერ ლინი აშშ-ის, ლეია სე კი რუსეთის მოქალაქეა. მათი დეპორტაციის საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება. ვიდეო YouTube-არხიდან უკვე წაშლილია, ბლოგერებმა კი, ადვოკატთან ერთად, ახალი ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც კანონდარღვევისთვის ბოდიში მოიხადეს.

ასევე იხილეთ