“როცა შენს ადამიანს ემშვიდობები, მართლა სულ ერთია, რა გეცმევა”

ჟურნალისტი დინა მირცხულავა სოციალურ ქსელში ემოციურ ჩანახატს აქვეყნებს.

“სულ ერთი იყო, რას ჩავიცვამდი…
როცა შენს ადამიანს ემშვიდობები, მართლა სულ ერთია, რა გეცმევა.
-ეს ბოლოა, ეს ბოლოა, ეს ბოლოა – პირობა დავდე, რომ აღარ ვიტკენდი, რომ მე შემეძლო, ხმის აუკანკალებლად მეთქვა ბოლო სიტყვები და ისე წამოვსულიყავი, რომ ნაბიჯები არ ამრეოდა…
მე მინდოდა ვყვარებოდი…ცოტათი თუ ძალიან მნიშვნელობა არ ჰქონდა, იმიტომ რომ მე მაშინაც და ახლაც მჯერა – ისე ძალიან მიყვარდა, რომ ორივეს გვეყოფოდა…
მისი ყოველი წასვლის მერე, მე ვიცვამდი განსაკუთრებულად, ვიწევდი თმას მაღლა და დაუსრულებლად შემეძლო იმ გზაზე ბოდიალი, სადაც ვიცოდი, რომ ერთხელ მაინც გამოივლიდა.
და ყველაფერი ისევ თავიდან…
ჰოდა, იმ დღეს მართლა არ ჰქონდა მნიშვნელობა, რას ჩავიცვამდი.
ვეყარეთ გულაღმა.
სუნთქვაშეკრულები.
მე უნდა დამეწყო, მაგრამ იმ წუთებში სიჩუმე იყო საუკეთესო რამ, რაც სამყაროში გამეგონა…
ისევ თვითონ ამოღერღა.
– არც შენთან ყოფნა შეიძლება და არც უშენობა, იქაც უნდა ვიყო და აქაც…
„აქაც“ მე ვიყავი… „იქაც“ სასწორის მეორე პინაზე მდგარ ათასობით არამკითხე მოამბეებს გულისხმობდა.
– მხოლოდ მზეს შეუძლია შინ და გარეთ ყოფნა – და საკუთარი ხმა იყო ისე უცხო, თითქოს მე კი არა, ვიღაცამ გამოისროლა ფრაზა და უთქმელობას გადამარჩინა…
– აბა სცადე, ცალი თვალით ცას უყურე, ცალით კიდევ მე მეთქი – ფეხებზე მეკიდა იმ წუთას საკუთარი უსუსური ხმა.
ორივე თვალით შემომხედა.
– ეგ რეები ჩაგიცვამსო ! – მითხრა.
არ ყოფილა სულერთი, დამშვიდობებისას რას ჩაიცვამთ, მით უმეტეს, თუ ის ადამიანი მზე არ არის და არ შეუძლია, იყოს „შინ“ და „გარეთ“, არც ის შეუძლია, იმ კაბის შიგნით ადამიანი დაგინახოს, რვა გრამი სულით სავსე…
ჰოდა, იმ დღეს იმ „სულერთია“ კაბით მთელი სხეულით გავიქეცი მისგან და მზე გადავიბირე…”-წერს მირცხულავა.

ასევე იხილეთ