„ის არ უკვირთ, ადამიანები ტუჩებს რომ იბერავენ და ჩემს გადაპარსულ თმაზე რეაქცია აქვთ“

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მეუღლემ, მაკა ჩიჩუამ, საზოგადოების სიყვარული ძალიან მოკლე დროში დაიმსახურა. სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოხატავს აღფრთოვანებას მისი უბრალოების, გულწრფელობისა და სიკეთის გამო. გიორგისა და მაკას დიდი ოჯახი აქვთ – ორივე მათგანს პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს, ხოლო თანაცხოვრების პერიოდში ორი ვაჟი, თომა და თემო შეეძინათ.

მაკა ჩიჩუას უფროსი შვილი, მაშო, უკვე 31 წლისაა და აქტიურადაა ჩართული უმცროსი ძმების აღზრდაში. მაშოს მსგავსად, გიორგი მარგველაშვილის შვილი, ანა, ხშირად ატარებს დროს ოჯახთან ერთად. ანა 

მარგველაშვილს კი ორი შვილი ჰყავს. ანა და მაშო მეგობრობენ და მშობლებს დუშეთში ხშირად ერთადაც სტუმრობენ.

მაკა ჩიჩუას საზოგადოება ყოფილ პრეზიდენტზე დაქორწინებამდეც იცნობდა, რადგან ის პროფესიით მსახიობია და არაერთ ცნობილ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ყველაზე დიდი რეზონანსი ფილმს „გაიღიმეთ“ (Keep Smiling) მოჰყვა, სადაც მაკაც თამაშობს. სცენამ, სადაც მსახიობები საცურაო კოსტუმებით ჩანან, ზოგიერთი ადამიანის გაღიზიანება გამოიწვია.

თემოსა და თომას გაჩენის შემდეგ მაკა ჩიჩუას ცხოვრების სტილი, შეიძლება ითქვას, შეიცვალა. მან ქალაქის მტვერსა და ხმაურს გარიდება და ოჯახთან ერთად სოფლად, დუშეთში ცხოვრება გადაწყვიტა. მას შემდეგ, მაკა აქტიურადაა ჩართული შშმ პირების უფებების დაცვისა და მათთვის უკეთესი გარემოს შექმნის პროცესში. პარალელურად, სოფლის მეურნეობით, განსაკუთრებით კი მებაღეობითაა დაკავებული და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს სხვადასხვა მცენარის ფოტოს საკუთარი ეზოდან.

მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, ყოფილი პირველი ლედი ახერხებს, მუდმივად ფორმაში იყოს. ჟურნალ „გზასთან“ მან ამ თემაზე იასუბრა და აღნიშნა, რომ თავს განსაკუთრებულად არ უვლის, სალონებშიც თითქმის არასდროს დადის: „მე ახლა არაჩვეულებრივ ფორმაში ვარ? არ ვიცი… თუ ასეა, ამისთვის საერთოდ არაფერს ვაკეთებ! არანაირი სალონები. არც არასდროს ვყოფილვარ სალონის მომხმარებელი. 15 წუთით თუ შევსულვარ, როცა თმა მქონია ცოტა შესამოკლებელი. ახლა გადავწყვიტე, თმა აღარასდროს გავიზარდო და გიორგის თმის საპარსით ვიპარსავ რაღაც დონემდე. ადრეც ხშირად ვიპარსავდი და მაშინ რატომღაც ბევრისთვის ეს შოკი იყო. ისეთ გარემოში ვარ, სადაც არანაირად არ მჭირდება და მეზარება კიდეც თმაზე დიდი აქცენტის გაკეთება. ის არ უკვირთ, ადამიანები ტუჩებს რომ იბერავენ, ამდენ ინიექციას იკეთებენ და გადაპარსულ თმაზე რეაქცია აქვთ – ეს გაუგებარია, მაგრამ უკვე დიდი გოგო ვარ და შევეგუე…“ – ამბობს მაკა ჩიჩუა.

ასევე იხილეთ