„ეკლესიაში მოვიდა ჩემთან და გამეცნო…“ – ვინ დაეხმარა ხათუნა ჟორდანიას გამოჯანმრთელებაში

ცოტა ხნის წინ ხათუნა ჟორდანიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფილტვის ავთვისებიანი, მეოთხე სტატიაში მყოფი სიმსივნე დაამარცხა.
მუსიკოსმა ხათუნა ჟორდანიამ „მთავარი არხის“ გადაცემაში სტუმრად ვრცლად ისაუბრა საკუთარ დაავადებაზე და იმ გზაზე, რაც დაავადების აღმოჩენიდან მის დამარცხებამე გაიარა. მუსიკოსმა გაიხსენა რამდენიმე იღბლიანი შემთხვევაც, როდესაც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
ხათუნა ჟორდანია იხსენებს, რომ დიაგნოზის დასმის შემდეგ, როდესაც ისრაელში ქიმიოთერაპიის კურსებს იტარებდა, ერთ-ერთი გამგზავრების წინ შემთხვევით კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებისას აღმოჩნდა, რომ ფილტვში წყალი ჩაუდგა. მაშინ სამი ლიტრი სითხე გამოუღეს და რომ არა ეს ოპერაცია, ხათუნა ამბობს, რომ ფრენინსას დაიხრჩობოდა.
მუსიკოსის თქმით, ექვსი ქიმიოთერაპიის შემდეგ ისრაელში უთხრეს, რომ დანარჩენი გადასხმები თბილისში უნდა გაეგრძელებინა, რადგან მეტასტაზები კი გაქრა, მაგრამ ფილტვში სიმსივნე მაინც იყო. მაგრამ ყოველი გადასხმის შემდეგ ცუდად ხდებოდა და რეანიმაციაში ხვდებოდა.
ხათუნა ჟორდანიამ ის ფაქტიც გაიხსენა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა და რომელსაც ღვთის სასწაულს უწოდებს. მისი თქმით, ეკლესიაში შვიდგზის ზეთის ცხებაზე იყო, როდესაც მასთან მივიდა ადამიანი, რომელმაც უთხრა, რომ ზუსტად იგივე გზა გაიარა მანაც და სთხოვა წასულიყო თურქეთში და იქ გაეგრძელებინა მკურნალობა.
„ამ ადამიანს ჩემ მფარველ ანგელოზს ვეძახი. მეორე დღეს დაგვიკავშირდა გოგონა და ბილეთები, სასტუმროს ჯავშნები, მკურნალობის თანხა, ყველაფერი გამომიგზავნეს. ასეთ საქციელს რა ჰქვია არ ვიცი“, – ამბობს ხათუნა ჟორდანია, თუმცა აღნიშნა, რომ ვერ დაასახელებს სახელს და გვარს, რადგან არ იცის ამ ადამიანს უნდა თუ არა ამის გამჟღავნება საზოგადოებისთვის.

მუსიკოსის თქმით, როდესაც თურქეთში ჩავიდა, ექიმმა შესთავაზა ან ლაზერული თერაპია, ან ოპერაცია. ლაზერული თერაპიის რამდენიმე კურსის შემდეგ სიმსივნე გაქრა, დარჩა მხოლოდ ნაწიბური, რომელიც მის სიცოცხლეს საფრთხეს აღარ უქმნის.

ასევე იხილეთ