“დღეს ცხოვრებაში პირველად, გულშიც და ხმამაღლაც ვიტყვი საყვედურს მეუფის მიმართ და არ ვინანებ”

მაია ნიკოლეიშვილის გამოეხმაურება მეუფე ნიკოლოზის განცხადებაზე, რომელიც მან დღეს, რუსთავის ციხეში, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა და მიტევების აუცილებლობაზე ისაუბრა.

“იმასაც ვერ დავუშვებდი, სასულიერო პირზე ძვირი მომესმინა; თუ საყვედურს იტყოდა ვინმე, არ გინდა, ნუ განიკითხავ, ისიც ადამიანია და თავისი ცოდვა უფალთან მოეკითხება-მეთქი, ბევრისთვის მითქვამს.

დღეს ცხოვრებაში პირველად, გულშიც და ხმამაღლაც ვიტყვი საყვედურს მეუფის მიმართ და არ ვინანებ: მეუფე ნიკოლოზ, შერიგება ახლა უნდა დავიწყოთ? თან უსამართლო მიშას “კურთხევით”? მისი თანხმობით? რას ამბობ, მეუფე?!

“უცნობთან” ბრძანდებოდით სტუმრად. გისმინე, მეუფე, და გული მწყდება: ციხეში და ზონაზე შევდიოდიო, არავის უთქვამს, რომ აწამებდნენო!
გული მწყდება, განა იმ ციხეში შესულს პატიმრის თქმა გინდოდა, მეუფე? სახეზე არ ეწერა იმ ხალხს, რა ცხოვრებაც ჰქონდათ?

რას აბობ, მეუფე?! ჩანს, არ გენდობოდნენ, მეუფე, პატიმრები… ძალიან მწყდება გული! ის იუმორიც ძალიან უადგილო და უგულო იყო, რომ ბრძანეთ, პატიმრებმა მითხრეს, გარეთ მანქანებს ვინ მოიპარავს, ყველანი აქ ვართო!

არც არავის დაუწუწუნია, თქვენთან, პატიმრის ოჯახის წევრს? პრეზიდენტი რომ იყო, მიხეილი, არაფერი გსმენია ადამიანების ჩაგვრაზე? უკანონობაზე? უსამართლობაზე? თუარა, და, ჩანს, არც გარეთ გენდობოდნენ, მეუფე. ძალიან მწყდება გული.

გუშინ “უცნობთან” ბრძანდებოდით სტუდიაში, სიკეთეზე საუბრობდით, სიყვარულზე, შერიგებაზე, სიძულვილის დასრულებაზე. პარალელურად ტვ “იმედზე” გადაცემა მიდიოდა, ადამიანები დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ დატოვებულ უდიდეს სულიერ ტკივილზე საუბრობდნენ, ყველას თავისი ტკივილი ჰქონდა მოტანილი სტუდიაში, ყველა მათგანს მძიმე ტომარასავით აქვს მოკიდებული ზურგზე ეს ტკივილი და დაატარებს, და ალბათ, ატარებს სიცოცხლის ბოლომდე! ნეტა სატელევიზიო გადაცემით მაინც გაგეგოთ სხვების ტკივილი…

ასევე იხილეთ