“ქალი 8 თვის ორსული ისე გახდა, არ იცოდა, მუცელში ბავშვის მოძრაობაც ვერ გაიგო” – დაუჯერებელი სამედიცინო შემთხვევა

რეპროდუქციული მედიცინის ცენტრში მისულმა ახალგაზრდა ქალმა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო და ერთ თვეში ბიჭის დედა გახდებოდა. კლინიკის ხელმძღვანელმა, მანანა მგალობლიშვილმა ,,სარკეს” ამ იშვიათ მოვლენაზე უამბო:

– მაიკო ჩვენო პაციენტია. პირველი ორი ორსულობა თვითნებითი შეწყვეტით დასრულდა. მას შემდეგ კი ორი ორსულობა ექიმ-გინეკოლოგის, ქეთევან მგალობლიშვილის, მკურნალობით შენარჩუნდა და ორი გოგონა გააჩინა.

პაციენტმა გარკვეული ჩივილებით მოგვმართა და გასინჯვისას ექიმ-ექოსკოპისტმა, ლელა მალანიამ, 34 კვირის ორსულობა დაადასტურა. თვითონ როგორც ამბობს, ჰქონდა მენსტრუაციაც, მაგრამ აღმოჩნდა 34 კვირის ორსულობა. 2 და 1 წლის შვილები ჰყავს და, როგორც ჩანს, ნაყოფის მოძრაობა ვერ შეამჩნია. ძალიან მიკვირს, რომ ვერ მიხვდა, მაგრამ ალბათ ამ ორი ბავშვით ხელში ისე იყო გადატვირთული, რომ ამაზე ფიქრის დრო არ ჰქონდა.

– მსგავსი შემთხვევა გქონიათ?

– ჩემს ოცწლიან საექიმო პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა 8 თვის ფეხმძიმემ ამის შესახებ არ იცოდა…იცით, სხვა საინტერესო შემთხვევები რა არის? ცრუ ორსულობის ამბები.მუცელიც კი ეზრდებათ და ჰგონიათ, რომ ორსულად არიან.

ცრუ ორსულობის დროს კი არ იტყუება ქალი, ის შთააგონებს საკუთარ თავს და მართლა ჰგონია, რომ ორსულად არის. წარმოიდგინეთ, ფსიქოლოგიურ განწყობას რამხელა ძალა აქვს, რომ მუცელიც ეზრდებათ. ამ დროს არც მენსტრუაცია აქვთ და ორსულობის ყველანაირი ნიშანია.

ასეთი შთაგონებით, არ არის გამორიცხული, ზოგ შემთხვევაში ნამდვილი ორსულობაც დადგეს, რადგან ფსიქოლოგიური უშვილობაც არსებობს. უშვილო წყვილებს ხშირად ემართებათ, რომ უმკურნალებ, ყველაფერი ნორმალურად აქვს ორივეს, მაგრამ მაინც არ ორსულდება და, როგორც წესი, ეს სტრესისა და ფსიქოლოგიური დაძაბვის გამოა. ტვინია ისე მომართული, რომ უშვილობაა და არც დგება ორსულობა.

ასეთი ქალები, ფსიქოლოგიური უშვილობა რომ აქვთ, უფრო რა დროს ორსულდებიან, იცით? როდესაც ყურადღება სხვა რაღაცაზე გადააქვთ.

ასევე იხილეთ