“ჩემს ორივე ცოლს პატივს ვცემ, მაგრამ ყველაფერი დამთავრდა”

მსახიობ გიორგი ვარდოსანიძის შემოქმედებითი ცხოვრება თავბრუდამხვევი წარმატებით დაიწყო. პირველი კურსიდანვე მოხვდა მუსიკისა და დრამის თეატრში რეჟისორ დავით დოიაშვილთან. ამას მოჰყვა სატელევიზიო სერიალები, მხატვრული ფილმები, ტელეშოუები.

ყველაზე ხმაურიანი იყო მონაწილეობა მეგა შოუში ,,ცეკვავენ ვარსკვლავები”, სადაც მისი მეწყვილე ასევე პოპულარული, მშვენიერი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა იყო. წყვილმა ტრიუმფული გამარჯვება მოიპოვა. პარალელურად მათი ცეცხლოვანი რომანიც განვითარდა, ულამაზესი ქორწილით დაგვირგვინდა.

არავინ უწყის, სიყვარულის კოცონი როდის ჩაინავლა. ქორწინებიდან არც ისე დიდიხნის შემდეგ ერთმანეთს გაშორდნენ. გარკვეული დროის მერე გიორგის ცხოვრებაში ახალი სიყვარული გაჩნდა. ასაკით უფროსი უცხოელი ქალი მალე მისი მეუღლე გახდა. გიორგი ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებაზე საუბრობდა, მაგრამ… მსახიობი ,,სარკეს” უამბობს:

– პატივს ვცემ ჩემს ორივე მეუღლეს, შესანიშნავი გრძნობები მაკავშირებდა მათთან, მაგრამ დამთავრდა. შევინარჩუნეთ მეგობრული ურთიერთობა ერთმანეთთან. ახლა მარტო ვარ და თავს კარგად ვგრძნობ. მოვა ის დრო, როცა კვლავ მექნება ოჯახი.

იყო თუ არა თქვენს ცხოვრებაში  ისეთი შეცდომები, რამაც დაგაფიქრათ და შეგცვალათ?

– შეცდომების მეტი რა დამიშვია, ყოველ სამ-ოთხ წელიწადში კათარზისს გავდივარ, მაგრამ ალბათ საჭირო იყო, ეს შეცდომები დამეშვა, ისე უკეთესი ვერ გავხდებოდი. ტატუც მაქვს, რომლის შინაარსი ასეთია – ყველაფერი ხდება იმ დროს, როცა უნდა მოხდეს.

უარი თქვით სატელევიზიო ეთერზე. რა არის ამის მიზეზი?

– ბოლო სამი წელია საერთოდ არ დავდივარ არც ერთ ტელეკომპანიაში. გამონაკლისია, თუ ახლობელი მთხოვს და თეატრს ეხება საუბარი. არ ვიძლევი ინტერვიუებს, მინიმუმი, არ მომწონს გარემო,რაღაცები ,,მეგოიმება”, რაღაცები პოლიტკორექტულობას მოითხოვს.მირჩევნია, თუ რამე სათქმელი მაქვს, ჩემს პოდკასტებში ვთქვა.

 

ასევე იხილეთ