“სოფომ მე ისეთი საჩუქარი გამიკეთა, ამაზე ძვირფასსა და ღირებულს ვერაფერს მაჩუქებს”

მომღერალ სოფო ბედიას ქმარი, მიშა მესხი, ადრე ფეხბურთს თამაშობდა, მერე პოლიტიკაში გადაერთო, საკრებულოს წევრი გახდა და ახლა „თბილსერვისის“ მრჩეველია. თუმცა ის ფართო საზოგადოებამ როგორც სოფოს ქმარი, ისე გაიცნო და არა, როგორც აქტიური პოლიტიკოსი. ერთად უკვე ცხრა წელია, არიან და მიაჩნიათ, რომ ამ პერიოდში, მათ სიყვარულსა და ურთიერთობაში მცირე ბზარიც კი არ გაჩენილა. პირიქით, ერთმანეთს პოზიტივით ავსებენ, სიურპრიზებით ანებივრებენ და რჩევებსაც ხშირად აძლევენ.

მიშა მესხი: ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში, იღბლიანი ადამიანი ვარ. მადლობა ღმერთს, ყველა ჯანმრთელად მყავს, შევქმენი ლამაზი ოჯახი, მყავს უსაყვარლესი ცოლი და შვილი, აქტიურად ვარ პოლიტიკაში, ანუ, რაც ვინატრე, ფაქტობრივად, ყველაფერი ამიხდა და ყველაფერს მივაღწიე.

– რა იყო ის ოცნება, რაც ჯერ არ აგიხდა?

– ბავშვობაში, ფეხბურთზე დავდიოდი. რაღაც პერიოდი რუსეთშიც ვიყავი, მინდოდა, დიდი ფეხბურთელი გამოვსულიყავი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ოცნება არ ამიხდა. მართალია, ფეხბურთში დიდი მიშა მესხი ვერ გამოვედი და მისი ნახევარიც რომ გამოვსულიყავი მადლობელი ვიქნებოდი, მაგრამ ფეხბურთი სხვა რამეა, ალბათ, დავაკელი რაღაცები. მივხვდი, საშუალო დონის ფეხბურთელობას ჯობდა, სხვა კუთხით გამეგრძელებინა ჩემი აქტიური ცხოვრება. 17-18 წლის ასაკში ვერთობოდი – კლუბებში, რესტორნებში დავდიოდი და სახლში დილით მივდიოდი, არადა ამ დროს, სხვები აქტიურად ვარჯიშობდნენ. მოკლედ, ამ ასაკში გართობამ გამიტაცა და ვარჯიში აღარ მოვინდომე. მერე კი პოლიტიკურად აქტიური ცხოვრება დავიწყე.

– რა ასაკში შედგი პირველი სერიოზული ნაბიჯი პოლიტიკაში?

– 5 წლის რომ ვიყავი, მამაჩემს ზვიად გამსახურდიას მიტინგებზე დავყავდი. იქიდან დაბრუნებული, სარკესთან დავდგებოდი, თავი ლიდერად წარმომედგინა და ვყვიროდი: გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ლიდერობაზე ვოცნებობდი (იცინის). მერე, რომ გავიზარდე, 2005 წლიდან ვაპროტესტებდი იმდროინდელ მმართველობას, ღრმად შევედი და დღემდე პოლიტიკურად აქტიური ვარ.

– საკრებულოს წევრი იყავი. ახლა სად ხარ?

– დიახ, საკრებულოში ვიყავი და ახლა, „თბილსერვისში“ ვარ უფროსი მრჩეველი.

– ამბობ, წლებია, აქტიურად ვარ პოლიტიკაში ჩართულიო. თუმცა, პოპულარული გახდი, როგორც სოფო ბედიას ქმარი, ასე გაგიცნო საზოგადოებამ.

– რა თქმა უნდა, სოფო მეტად წარმატებული მომღერალი იყო, ვიდრე აქტივისტი მიშა მესხი. ჩემი საქმიანობით აქტიური კი ვიყავი და ქუჩაშიც მცნობდნენ, მაგრამ არა იმ დოზით, როგორც ცოლის მოყვანის მერე. რაც ჩემს ცხოვრებაში სოფო გამოჩნდა, ჩემი ცნობადობა უფრო აიწია. თუმცა, ძალიან კარგ მომღერლებს ჰყავთ ქმრები, მაგრამ ხალხმა არც კი იცის, ვინ არიან ისინი. ასე რომ, ეს ყველაფერი ჩემი დამსახურებაცაა.

– როგორ გგონია, მიშა მესხი, როგორც პოლიტიკოსი უფრო უყვართ თუ სოფო ბედია, როგორც მომღერალი?

– ამ კითხვაზე არც დავფიქრდები, ისე გაგცემთ პასუხს: ხალხს სოფო, როგორც მომღერალი უფრო უყვარს, ვიდრე მიშა, როგორც პოლიტიკოსი (იცინის). ყველაზე მეტად მაღიზიანებს ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, მოიყვანენ ან გაჰყვებიან ცნობილ ადამიანს და მერე ამბობენ: მანამდე მასზე არაფერი მსმენიაო. მარკებს იმაღლებენ ამით? სირცხვილია, ამას რომ ამბობ. სირცხვილი იქნებოდა, სანამ მას ახლოს გავიცნობდი, რომ მე სოფო ბედია, როგორც მომღერალი, არ მცოდნოდა. როგორ შეიძლება, აქტიური, ცნობილი, ლამაზი გოგო, ვერ შეამჩნიო? არასოდეს დამავიწყდება მისი გაცნობა. მე ვაქტიურობდი, სოფო უფრო პასიური იყო. სხვათა შორის, მამაჩემი იყო სოფოს დიდი გულშემატკივარი და „ჯეოსტარზე“ ყველა მისი გამოსვლა ნანახი მაქვს. მოკლედ, სოფო მანამდეც მომწონდა, როგორც მომღერალი და როცა ჩემი მეორე ნახევარი გახდა, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა: პირველი, რაც უმთავრესია, ოფიციალურად ვიქორწინეთ, შევქმენით ლამაზი ოჯახი, მაჩუქა ნანატრი შვილი, რომელიც ძალიან მგავს და შემიქმნა მშვიდი და იდეალური გარემო.

– ხასიათებით როგორ ეწყობით და უგებთ ერთმანეთს?

– გაცნობის დღიდან ერთი წელი არ შეგვიქმნია ოჯახი, გვინდოდა, კარგად გაგვეცნო ერთმანეთი, რომ მომავალში მყარი ოჯახი გვქონოდა. ეს ერთი წელი გამოცდის პერიოდი გავიარეთ და ფაქტი სახეზეა – უკვე ცხრა წელია, ერთად ვართ. რასაკვირველია, წავკამათებულვართ, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჩვენს ურთიერთობას ბზარი არ გასჩენია. არც იმას ვემხრობი, რომ ამბობენ, წყვილისთვის აუცილებელია პატარ-პატარა განშორებები, დასვენებები და პაუზებიო. ჩემი აზრით, თუ ის ერთი კვირა გაძელი მის გარეშე, ესე იგი, მერეც გაძლებ. ვერ წარმომიდგენია, სოფოსთან რამდენიმედღიანი განშორებით უფრო გამყარდეს ჩვენი ოჯახი და სიყვარული. აბსურდია! თუმცა, არც ისეთი ქმარი ვარ, ცოლისთვის ყავა საწოლში რომ მიაქვთ. მე არ მიყვარს ყავა და არც მისი მოხარშვა ვიცი. არც სოფო იწყებს დილას ყავით. თუმცა, თუ მომთხოვს, არ დავზარდები.

– ვიცი, ძალიან რომანტიკული ქმარი ხარ, გიყვარს ცოლის განებივრება და სიურპრიზებით გაოცება. ხომ ასეა?

– დიახ, მიყვარს სოფოს განებივრება და მისთვის სიურპრიზების მოწყობა. მაგალითად, 21 იანვარს სოფოს დაბადების დღე ჰქონდა და კონცერტი ემთხვეოდა. 20-ში დავიწყეთ ქეიფი. პანდემიის გამო სოფოს ბევრი მეგობარი ვერ ესწრებოდა. ვამხნევებდი, ვეუბნებოდი: არა უშავს, გაივლის ეს პანდემია და მერე, უფრო გრანდიოზულ დაბადების დღეს გპირდები-მეთქი. არადა, სიურპრიზი მქონდა ჩაფიქრებული. გავიყვანე გარეთ და ფეიერვერკები რომ „აფეთქდა“, ბავშვივით უხაროდა. არ დამავიწყდება, შეყვარებულობის პერიოდში, ულამაზესი ბეჭედი ვაჩუქე და დამიწუნა (იცინის). არადა, ძვირი გადავიხადე და თან, მე ძალიან მომწონდა. მაშინ დამიწუნა, მაგრამ მერე კი შეუყვარდა და ატარებდა. სხვათა შორის, სოფოც მანებივრებს სიურპრიზებითა და რომანტიკით. კი უყვარს სიურპრიზები, ყიდვა, ჩემი გახარება, მაგრამ სოფომ მე ისეთი საჩუქარი გამიკეთა ჩემი შვილის სახით, ამაზე ძვირფასსა და ღირებულს ვერაფერს მაჩუქებს. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს და ამისთვის სოფოს ყოველთვის მადლობას გადავუხდი. მიხარია, რომ მე და სოფო ერთმანეთს ასე ვუგებთ, ბედნიერი ცოლქმრობა გვაქვს და სიყვარულში ვცხოვრობთ. ვალენტინობის დღეს არ ვაღიარებ და სოფოს ვუთხარი: არ გეწყინოს, რომ ამ დღეს განსაკუთრებით არ აღვნიშნავ შენთან ერთად. ჩემთვის, ხომ იცი, სულ სიყვარულის დღეა-მეთქი და მიპასუხა: რად მინდა ვალენტინობის დღე, ყოველდღე ვალენტინი არ მიზის სახლშიო (იცინის). ასე რომ, მე და სოფოს, ჩვენი სახლის სახით, ჩვენი საკუთარი სამოთხე გვაქვს, სადაც თავს მშვიდად და იდეალურად ვგრძნობთ.

– ცოტა რთული არ არის სახლში პოლიტიკოსი ქმრის გაძლება, ისევე, როგორც მომღერალი ცოლის გვერდით ცხოვრება?

– გეთანხმებით, რთულია, მაგრამ ამ მხრივ, მართლა არ გვქონია პრობლემა. სოფო იდეალური ცოლია და ჩემი ყველაზე დიდი გამართლება, იღბალი და პირველი სიყვარული. რასაკვირველია, მყოლია შეყვარებულები, მაგრამ ისინი ადვილად დავთმე, სოფო რომ უარს მეუბნებოდა, ვიბრძოლე და მივხვდი, სწორედ, ესაა ნამდვილი სიყვარული. დღეს ერთად ბედნიერები ვართ. შეიძლება, სულ ვერ იყო ტაშ-ფანდურის ხასიათზე, მაგრამ არ გვაქვს ისეთი მომენტები, ერთმანეთს სირთულე შევუქმნათ. მე მის პროფესიას ვცემ პატივს და ის – ჩემს საქმიანობას. ერთმანეთისთვის რჩევაც მიგვიცია და მითითებაც. არ ვფიქრობ, რომ სახლში აუტანელი ვარ, მართლა კარგი ქმარი ვარ. ვცდილობ, თავისუფალი დრო სახლში, ცოლ-შვილთან გავატარო. არც ეჭვიანი ვარ და არც სოფოს უეჭვიანია. მე, პირველ რიგში, ჩემს თავს ვცემ პატივს და ვიცი, როგორი ქალი მყავს გვერდით. სხვათა შორის, შეყვარებულობის პერიოდში დავიწყე ეჭვიანობა და მერე მივხვდი, ეს კარგს არაფერს მომცემდა და თავი მოვთოკე. თუმცა, ვაღიარებ, ძნელია, როცა წარმატებული და ლამაზი ცოლი გყავს, იყო მისი ქმარი. ვგულისხმობ, ნეგატიური ადამიანების კომენტარებს.

– ინტერნეტში ხშირად ვრცელდება შენი და სოფოს ცეკვა. ისე არ ჩაივლის დაბადების დღე და წვეულება, სოფო არ გამოიცეკვო.

– მეც მიყვარს ცეკვა და მხიარულება და სოფოსაც. ვფიქრობ, ადამიანს ამ ცხოვრებაში მეტი არაფერი შეგრჩება (იცინის).

ასევე იხილეთ