‘“რეანიმაციაში ნარკოტიკებზე გავხდი დამოკიდებული”

შორენა ხუხუა მებრძოლი ადამიანის ერთერთი საუკეთესო მაგალითია. მისთვის არ არსებობს ჩარჩოები, რომლის ფარგლებშიც უნდა იცხოვროს და არ არსებობს წინააღმდეგობა, რომლის დასაძლევადაც ყველაფერს არ გააკეთებს.

შორენა ხუხუასადახლოს აზერბაიჯანულ სკოლაში ვმუშაობდი. არაქართველ ბავშვებს ქართულს ვასწავლიდი, როგორც სახელმწიფო ენას. მქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია, ვახორციელებდი საგანმანათლებლო პროექტებს და მოკლედ რომ ვთქვა, საკმაოდ აქტიური ვიყავი. 2009 წლის ცხრა თებერვალს სადახლოდან თბილისში ვბრუნდებოდი, როცა საშინელ ავარიაში მოვყევი. მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა სამარშრუტო ტაქსის, რის შემდეგაც ჩემს მანქანას დაეცა, შემდეგ კი გადატრიალდა და ცეცხლი მოეკიდა. ამას ჰქვია, ცუდ დროს ცუდ ადგილას მოხვედრა. კარგად მახსოვს ჰაერში შემობრუნებული მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ჩემს მანქანას ეცემოდა და გავითიშე. როგორც მითხრეს, ძალიან მალე, ორ-სამ წუთში მოვსულვარ გონს. არ მახსოვდა სად ვიყავი, რა ხდებოდა. დარეტიანებული ვიყავი, გონს ვერ მოვდიოდი. როცა გონება გამინათდა, პირველ რიგში ბოლო კადრი გამახსენდა, მივხვდი, რომ ავარიაში მოვყევი. რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას – გაზის პედლებში ვიყავი შევარდნილი, ფეხები არაბუნებრივად მქონდა ერთმანეთში გადახლართული და რომ გავინძერი ტკივილი ვიგრძენი. საკმაოდ მამაცი და ოპტიმისტი ვარ, ჩავთვალე, რომ ფეხები მოვიტეხე, მეტი არაფერი. ვფიქრობდი, რომ გადავრჩი და მიხაროდა იმის გამო, რომ ხერხემალი არ მქონდა დაზიანებული. ამასობაში ვიღაცები გარედან კარს ეჯაჯგურებოდნენ, ცდილობდნენ, გაეღოთ. ვიღაც ყვიროდა, მოკვდაო და მეგონა, მე ვეგონე მკვდარი. თურმე, მეორე ავტომობილში მჯდომ ახალგაზრდა ბიჭზე ამბობდნენ. მე ცოცხალი ვიყავი, მაგრამ 12 ნეკნი მქონდა გატეხილი, ყბა მქონდა დაზიანებული, ელენთა დაფლეთილი, ღვიძლი დაგლეჯილი, მარჯვენა ფილტვიც დამიზიანდა, ნაწლავებიც დაფლეთილი იყო. თუმცა იმ მომენტში, მხოლოდ ფეხების დაზიანებას ვხედავდი და მადლიერი ვიყავი, რომ ასე მარტივად გადავრჩი. ვამბობ ხოლმე, რომ ძალიან იღბლიანი ვარ და ამაზე ეცინებათ. არადა, მართლა ასეა. ძალიან გამიმართლა, სასწრაფო წუთებში მოვიდა. თურმე, გამოძახებაზე მიდიოდა და იქვე იყო. მორფი გამიკეთეს, სტრესისა და ტკივილისგან რომ არ მოვმკდარიყავი. თუმცა, იმ წუთებშიც და მთელი მკურნალობის პერიოდშიც, ძალიან მშვიდი და ადეკვატური ვიყავი.

პანიკამ არ მოგიცვათ?

– არცერთ მომენტში არ შევუპყრივარ პანიკას. საავადმყოფოში გადამიყვანეს, მაგრამ პირველ დღეს ვერ მიხვდნენ, რომ შინაგანი ორგანოებიც მქონდა დაზიანებული. მხოლოდ ბარძაყების მძიმე მოტეხილობა ჩანდა და ჩავთვალეთ, რომ გადავრჩი. მერე მიკვირდა, როგორ ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა ჩემს ორგანიზმში-მეთქი, მაგრამ თურმე, ეს სრულიად შესაძლებელია. მეორე დღეს ძალიან დავმძიმდი. უკვე წუთები წყვეტდა ყველაფერს და სასწრაფოდ საოპერაციოში შემიყვანეს. ოპერაცია სამსაათ-ნახევარი გაგრძელდა და რომ დასრულდა, ექიმს უთქვამს, ერთი კვირა გონებაზე ვერ მოვა, აღარაფერი შემეკითხოთ, მე ყველაფერი გავაკეთე, დანარჩენი ღვთის ნებააო. მდგომარეობა იმდენად რთული იყო, მერე და მერე ექიმები ჩემს მონაცემებს რომ უყურებდნენ, უკვირდათ, რომ ცოცხალი ვიყავი. გულიც დაზიანებული მქონდა, ფაქტობრივად, სისხლისგან ვიყავი დაცლილი და შინაგანი ორგანოები, ხომ, საერთოდ, საშინელ მდგომარეობაში მქონდა. ჩემმა ორგანიზმმა საკუთარი რესურსი მაქსიმალურად გამოიყენა და რაღაც სასწაულის ძალით გადავრჩი. ხუთი სასიკვდილო, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა მქონდა, მაგრამ გადავრჩი. მახსოვს, რეანიმაციაში, სანამ ძალიან ცუდად გავხდებოდი, ბოლო მომენტში კივილი გავიგე. მითხრეს, რომ მეორე მანქანაში მჯდომი ბიჭი გარდაიცვალა და დედა კიოდა. ალბათ, ეს ჩამრჩა გონებაში და ოპერაციის შემდეგ, გონს რომ მოვედი, მორფის ზემოქმედების ქვეშ მყოფს, რეალობა და წარმოსახვითი სამყარო ერთმანეთში მერეოდა. ყურში ამ ქალის კივილი ჩამესმოდა და მეგონა, რომ ჩემი შვილი წაიყვანეს სადღაც, რომ მას საფრთხე ელოდა. კითხვის დასმაც არ შემეძლო და საშინლად ვფორიაქობდი. ვერ ხსნიდნენ, რა მჭირდა, რატომ ვიყავი ასეთი აღელვებული ყოველი გონს მოსვლის დროს და ისევ მაძინებდნენ. ორი კვირის შემდეგ ექიმები უკვე ამბობდნენ, რომ გადარჩენის შანსი 50/50-ზე იყო. დაახლოებით, 45 დღე გავატარე რეანიმაციაში, აპარატზე შეერთებულმა, შემდეგ პალატაში გადამიყვანეს. ფეხებზეც რამდენიმე ძალიან მძიმე ოპერაცია გამიკეთეს, მაგრამ ვაჟკაცურად გადავიტანე. თუმცა, მერე პროცესი ძალიან ცუდად წავიდა. შეიძლებოდა, საერთოდ ვეღარ გამევლო ფეხზე. ექიმები უკვე უარს ამბობდნენ ჩემთვის ოპერაციის გაკეთებაზე, ვეღარ გაივლისო, ამბობდნენ. ექვსი თვე სახლში გაუნძრევლად ვიწექი. ცოცხალი გადავრჩი, მაგრამ ათას პრობლემასთან და ტკივილთან მიწევდა გამკლავება. დიდი ხანი ლაპარაკიც კი არ შემეძლო. ჯერ კიდევ რეანიმაციაში ნარკოტიკებზე გავხდი დამოკიდებული. როცა ეს მითხრეს, იქვე ვთქვი მასზე უარი. ძალიან მძიმე აღმოჩნდა ტკივილებსა და ნარკოტიკდამოკიდებულებასთან ბრძოლა. ეს ჯოჯოხეთი იყო. მერე იყო უძილობა, წონაში კლება, თმის გაცვენა და ეს ყველაფერი, ისეთი სტრესი იყო, ვერ აღგიწერთ. თუმცა, მდგომარეობის სიმძიმის მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ მესმოდა, ამბობდნენ, ვერ გადარჩებაო, იმედიანად ვიყავი. ვფიქრობდი, რომ ისინი ცდებოდნენ და მე აუცილებლად გადავრჩებოდი, ფეხზე გავლასაც შევძლებდი და ყველაფერი კარგად იქნებოდა. საშინელი ტკივილების დროსაც კი სიმშვიდეს ვინარჩუნებდი. თუმცა, იყო მომენტები, როცა შიში მიპყრობდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა აპარატიდან მოხსნა დამიწყეს, დამოუკიდებლად სუნთქვას რომ მივჩვეოდი. როცა აპარატს მხსნიდნენ, ღამე შიშისგან ვერ ვიძინებდი, მეშინოდა, რომ დავიხრჩობოდი. ამიტომ საკუთარ თავს ვდარაჯობდი. ხშირად მეუბნებიან ხოლმე, მამაცი ხარო, მეც ვხვდები, რომ მშიშარა არ მეთქმის, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ეს შიშებიც მქონდა. რეანიმაციაში გაჩახჩახებულ შუქებს რომ მივეჩვიე, თვეების განმავლობაში სიბნელის მეშინოდა, განათებულ ოთახში ვიძინებდი. თუმცა, თანდათან ყველაფრის გადალახვა შევძელი.

ეტლის დახმარება რამდენ ხანს დაგჭირდათ?

– მანამდე ისეთები გამოვიარე, ეს ყველაზე მარტივი ამბავი იყო. ფეხის ამპუტაციაზე რომ იყო საუბარი, ვამბობდი, თუ საჭიროა, მომკვეთეთ-მეთქი. ჩემთვის ოპერაციას გაკეთებაზე ყველამ რომ უარი თქვა, პროფესორმა გელა ჩადუნელმა ჩამიტარა. მან დაინახა გზა ურთულესი ოპერაციის გასაკეთებლად და დავთანხმდი. მაშინ კიდევ ერთხელ ჩაქრა შუქი ჩემი ოპერაციის წინ და ექიმმა ხელში აყვანილი ჩამიყვანა საოპერაციოში (იცინის). რადგან ემოციური პაციენტი არ ვიყავი, ექიმმა მითხრა, ჯობია, ოპერაციის დროს არ გეძინოს და მობილიზებული იყო. ძალიან მძიმე ოპერაციაა და ადამიანი საკუთარ მდგომარეობას აპარატზე სამი წუთით ადრე გრძნობს, ამიტომ მირჩევნია, დამეხმარო, თუ შეგიძლიაო. ხუთ საათნახევარიან ოპერაციაზე ფხიზელი ვიყავი და ექიმს ჩემი მდგომარეობის შესახებ ვკარნახობდი. ოპერაცია სპინალური ნარკოზით გაკეთდა. პროცესი საკმაოდ მძიმედ მიდიოდა, მაგრამ უშუალოდ ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა. ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციის პერიოდში, ან უნდა ჩავწოლილიყავი, ან ეტლით მესარგებლა. მანამდე მე ყავარჯნებით უკვე დავდიოდი და სკოლაში მუშაობას ვაგრძელებდი. ამჯერად ყავარჯნებს ვეღარ გამოვიყენებდი, ამიტომ, არც კი მიფიქრია, მაშინვე დავთანხმდი ეტლის გამოყენებას. ეტლი დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა მათხოვა, თუმცა მაშინ დეპუტატი არ იყო. მითხრა, თუ საჭესთან დაჯდები და ჩემამდე დამოუკიდებლად, მარტო მოხვალ, მე შენ ჩემს ეტლს მოგცემ, თუ არა და ვერაო (იცინის). ასეც მოვიქეცი, რატიმ მისი გამოყენებაც მასწავლა და პარალიმპიურ მოძრაობაშიც ჩამრთო. იმ დღიდან მეც მათი აქტივისტი გავხდი და შშმ პირთა არცერთი აქტივობა არ გამომიტოვებია, ჩემი ეტლით დავქროდი მთელი საქართველოს მასშტაბით (იცინის). არც ჩემი პროფესიისთვის და საქმიანობისთვის დამიკლია რამე, ჩვეულად აქტიური ვიყავი, ეტლს ჩემი ცხოვრების წესი არ შეუცვლია. პირიქით, უფრო მეტად გავაქტიურდი, სხვა სამყარო დავინახე, სამყარო, რომელსაც ვერასდროს გავიცნობდი, თუ ეტლში არ ჩავჯდებოდი.

როგორ შეიქმნა თქვენი წიგნიშემოვალ ეტლით“?

– ბოლო ოპერაციამდე გამოცდები ჩავაბარე და სკოლის დირექტორი გავხდი. შემდეგ „პალიტრა L-მა“ გამოაცხადა კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“. მე რეანიმაციაში რომ არ გავგიჟებულიყავი, დღიურს ვწერდი და ჩანაწერები შენახული მქონდა. სწორედ, ეს ჩანაწერები გავგზავნე კონკურსზე. მეორე ნაწილი უკვე კონკურსის ფარგლებში დავწერე და ფინალი – გამარჯვების შემდეგ. ჩემსავით, ეს წიგნიც იღბლიანი აღმოჩნდა და ყველა ჯილდო მოიპოვა, რისი მოპოვებაც შეიძლებოდა. „შემოვალ ეტლით“ – ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც ბევრი რამ საკუთარი ბიოგრაფიიდან გადმოვეცი. რადგან ეტლი მხოლოდ რეაბილიტაციის პერიოდში დამჭირდა და უშუალოდ ხერხემლის ტრავმა მე არ მქონია, ჩემი მეგობრების ისტორიები გამოვიყენე. წიგნში ყველა პერსონაჟს საკუთარი პროტოტიპი ჰყავს. სწორედ ჩემი თემი იყო ჩემი ინსპირაცია, ისინი ყველა ჩემს პრეზენტაციაზე სრულად არიან ხოლმე წარმოდგენილი. ლიტერატურა არ იცნობს სასურველ და სექსუალურ შშმ ქალსა და შშმ მამაკაცს. რამდენადაც მე ვიცი, შშმ პირების სექსუალური ცხოვრების შესახებ, საერთოდ არავის დაუწერია. ეს საკმაოდ ტაბუირებული თემაა. ამიტომ ძალიან ბევრი ვიფიქრე, კონსულტაციები გავიარე შშმ პირებთან, ექიმებთან და შევეცადე ამ თემაში სიღრმისეულად ჩამეხედა, რათა მხატვრულ ლიტერატურაში ეს თემა მხოლოდ ინტერესისთვის კი არა, რეალობის ასახვისთვის შემომეტანა.

როგორ მიიღო შშმ თემმა ეს წიგნი?

– ყველაზე კარგად მათ მიიღეს, მე ასე ვფიქრობ. ამ წიგნს რომ კითხულობ, ეტლში ჩაჯდომა აღარ გჭირდება შშმ პირების ცხოვრების დასანახად. მთავარი გმირები არიან შშმ პირები, სიცოცხლით სავსე, სექსუალური, ვნებიანები და ვგრძნობ, რომ ისინი არ არიან სიბრალულის ობიექტები. წიგნში ბევრი საინტერესო ხაზია.

 

 

ასევე იხილეთ