“ოჯახის წევრები ბევრ რამეს მიმალავენ”

ბოლო პერიოდის პრობლემებმა თითქმის ყველას ცხოვრება შეცვალა. ბევრს პროფესიაზე დროებით უარის თქმაც მოუხდა. მათ შორის არის მსახიობი ნანა შონიაც, რომელიც მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ ცდილობს, ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

ნანა შონიაპანდემიამ ბევრი რამ გადაგვაფასებინა, მივხვდით, რომ ჯანმრთელობასა და ახლობლების კარგად ყოფნაზე ძვირფასი არაფერია. სულ მეშინოდა, ვინმეს რამე რომ დაემართოს, ვერ გადავიტან-მეთქი. საბედნიეროდ, ბევრმა ჩემმა ახლობელმა ვირუსი მეტ-ნაკლებად მსუბუქად გადაიტანა და ვიფიქრეთ, რომ ცოტას ამოვისუნთქებდით, მაგრამ იმის გამო, რაც ახლა უკრაინაში ხდება, სიხარულის საშუალება არ მოგვეცა. დღეს უკვე ბევრი ამბობს: ნეტავ პანდემიის დროსო და ტელევიზორის ეკრანებზე ამირან გამყრელიძის გამოჩენას ნატრობს. თუმცა, უკვე ისეც აღარ შეგვეძლო. ძალიან დავისტრესე, უამრავი კითხვა და ეჭვი მიტრიალებს თავში – რატომ მოხდა ეს ყველაფერი? რატომ მოჰყვა ამას ამხელა ზიზღი და ვაქსერებისა და ანტივაქსერების ბრძოლა? ცრემლებამდე მივდიოდი, ისეთ სიძულვილს ვაწყდებოდი ხოლმე. განსაცდელის წინაშე ადამიანები საკუთარ თავს აჩენენ, ხვდები, რომ ერთმანეთის გაწირვა შეუძლიათ და ამან ძალიან დამზაფრა.

როგორ ცდილობდით სტრესთან გამკლავებას?

– ძალიან ემოციური ვარ, ოჯახის წევრები ბევრ რამეს მიმალავენ, რადგან იციან, რომ ყველაფერს ძალიან განვიცდი. ამას გავუმკლავდი იმიტომ, რომ ეკლესიური ადამიანი ვარ, ვფიქრობ, ამან გადამარჩინა. მე სულ დავდივარ ტაძარში და ასე იყო პანდემიის დროსაც. ამან მომცა ძალა, რომ მოთმინება გამომეჩინა, სიმშვიდე შემენარჩუნებინა. რამდენადაც შემეძლო, პანიკას არ ავყევი. ყველაფერი უფლის ნებაა და მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც მას მივენდეთ. ის უნდა გავაკეთოთ, რასაც პატრიარქი გვეუბნება – ვილოცოთ და სიყვარული გავცეთ. მე მგონია, რომ ეს ყველაფერში დაგვეხმარება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეული ადამიანის გამოფრქვეული ზიზღი და აგრესია სამყაროს ანგრევს.

დაიბრუნეთ ჩვეული ცხოვრება პანდემიის დასრულების შემდეგ?

– მეტ-ნაკლებად. იმედი მაქვს, ჩემი ძველი ცხოვრება დაბრუნდება, მაგრამ ალბათ, ახლის და კარგის დაწყება სჯობს. ამასობაში რაღაცები შეიცვალა – თეატრი ძალიან მოდუნდა. სულ მაქვს მოლოდინი, რომ ახალი პროექტები დაიწყება. ჩემი პროფესია ასეთია, შეიძლება, დღეს საქმე საერთოდ არ იყოს, მაგრამ ხვალ იმდენი გქონდეს, ვერ აუდიოდე. მეც ველოდები და ვნახოთ. ჯერ ახალი არაფერია.

ამ პერიოდში რით იყავით დაკავებული?

– მართალი გითხრათ, მთელი ეს დრო, სულ იმას ვფიქრობ, ნეტავ, აქამდე როგორ ვასწრებდი რეპეტიციებზე სიარულს და სპექტაკლების თამაშს-მეთქი. როდესაც სახლში ჯდები, უცებ იმდენი საქმე ჩნდება, რომ გგონია, ვერასდროს დაამთავრებ. თან, მე დიდი სახლი მაქვს და სულ რაღაცას ვაკეთებ. პანდემიის დროს, ჩემთვის უფრო აქტუალური კულინარია გახდა. აქამდე ამისთვის არასდროს მეცალა და ამჯერად რაღაცები მოვიგონე, ვისწავლე კიდეც, მაგრამ მართალი გითხრათ, რაც ეს პანდემია კლებისკენ წავიდა, ჩემი ინტერესიც ჩაქრა. ველოდები, რომ ისევ ძველებური ცხოვრება დაიწყება და ამისთვის აღარ მეცლება. თუმცა, ამ როლიდან გამოსვლაც გამიჭირდება იმიტომ, რომ უკვე მივეჩვიე სახლში ყოფნას. საერთოდ, მე მიყვარს სახლი. ერთი სული მაქვს ხოლმე, შემოვიდე და დავჯდე. იმდენი საქმეა, ნამდვილად ვერ დაჯდები, მაგრამ ოჯახური ატმოსფერო მაინც სულ სხვაა. ადრე ან მეგობრებთან წახვიდოდი, ან სადმე გახვიდოდით ერთად. ბოლოს ესეც ფუფუნება გახდა, იმდენად გადავეჩვიე, ახლა, როცა ეს უკვე შესაძლებელია, მავიწყდება, რომ შემიძლია, სადმე წავიდე, მეგობრები მოვინახულო და ამით დავტკბე. მალე ზაფხულიც მოვა და პირველ რიგში, ამას გამოვასწორებ. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მე ზამთარიც მიყვარს. გარეთ რომ ცივა და სახლში მყუდროდ და თბილად ხარ, ძალიან სასიამოვნოა. თან, მე და ჩემი დები, ფაქტობრივად, ერთად ვცხოვრობთ. მათი ბინა ჩემს ქვედა სართულზეა. ერთს შვილები და შვილიშვილები ჰყავს, მეორე ჩვენი შვილებისთვის მეორე დედაა და ალბათ, მათი დამსახურებაა, სახლში ყოფნა, რომ ასე მიყვარს. აქ ჩვენი სამყარო გვაქვს და პანდემიაც ერთად ყოფნამ გადამატანინა.

შეცვალა მეუღლესთან ურთიერთობა წლებმა და რთულმა გამოცდილებებმა, თუნდაც, ამ პანდემიამ?

– ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ერთ საქმეში ვართ და ძალიან ბევრი საერთო გვაქვს. ვერც წარმოგვიდგენია ერთმანეთის გარეშე. თუმცა, ამასთან ერთად, მას თავის ცხოვრება აქვს, საკუთარი მეგობრები ჰყავს, მეც ჩემი სამყარო მაქვს, მაგრამ ეს ორი სამყარო ერთმანეთთან ისეთი შეხმატკბილებულია, რომ ვხვდები, ძალიან გამიმართლა მეუღლეში. ძალიან გამიმართლა, რომ გარდა სიყვარულისა და საერთო შვილებისა, ასეთი მეგობრული და შეხმატკბილებული ურთიერთობა გვაქვს. ასაკში რომ შედიხარ, წინ სხვა ფასეულობები მოდის, ჩვენ ამას ვაცნობიერებთ და ყველაფერს შესაბამისად ვაფასებთ.

ეკლესიისა და რწმენის როლზე ისაუბრეთ და მინდა, ამაზე გკითხოთ, როგორ მოვიდა თქვენთან რწმენა?

– ადამიანი თვითონ უნდა მივიდეს ეკლესიამდე. არ შეიძლება, მას ეს აიძულო. ამას საკუთარ შვილებსაც კი ნუ დააძალებთ, უბრალოდ, ილოცეთ იმისთვის, რომ ისინი თავად მოვიდნენ ტაძრამდე. ეს არც ჩემთვის დაუძალებია ვინმეს. აქამდე მე თვითონ მივედი. სულ ვამბობ, რომ რწმენაში გაძლიერება ყოველდღიური პროცესია. სამწუხაროდ, ყოველდღიურობა ისე გჭამს, ხანდახან გავიწყდება რწმენის ძალა. მაგრამ ასაკსაც ბევრი რამ მოაქვს. გარკვეულ გამოცდილებას რომ მიიღებ და დაუკვირდები, ხვდები, რომ ხსნა მხოლოდ ამაშია. ქრისტიანობა, პირველ რიგში, სიყვარულს ქადაგებს. ამ სამყაროში ყველაფერს სიყვარული ატრიალებს და ეს არასდროს უნდა დავივიწყოთ. გულწრფელად გეტყვით, ეს საოცარი შვებაა. ხანდახან, დიდხანს თუ ვერ ვახერხებ ტაძარში წასვლას, ვხვდები, რომ რაღაც ძალიან მაკლია. იქ სხვანაირად ვსუნთქავ. როცა ტაძარში მივდივარ, გული სხვანაირად მისცემს.

მძიმე და ინტრიგებით სავსე გარემოში კეთილგანწყობისა და შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებაში ეს გეხმარებათ?

– რა თქმა უნდა. მერე ხვდები, რომ შეგიძლია, ბევრ რამეს არ მიაქციო ყურადღება და რაც მთავარია, აპატიო. თუ ამაში შენი ბუნება გემორჩილება და ძალით არ აკეთებ, მაშინ სრულ ჰარმონიაში ხარ. თუმცა, ზოგჯერ ჩემს თავს ვეუბნები – მიდი, აბა, შენ ეს უნდა გადალახო! და ზოგჯერ ამაყიც ვარ ხოლმე იმის გამო, რომ ეს შევძელი, გადავლახე და ვაპატიე. თუ ეს შევძელი, მაშინ მე თვითონ ვგრძნობ თავს უკეთ. შეიძლება, სხვამ ვერ დაინახოს შენი სიკეთე, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მჯერა, რომ ოდესღაც მიხვდება. ესეც რომ არა, მე სხვანაირად არ შემიძლია. პატიების მიზანი არ არის ის, რომ მაინცდამაინც ადრესატმა დაინახოს. ეს თვითონაც ძალიან გსიამოვნებს. მე მგონია, ცოტა მაინც რომ იფიქრონ ამაზე არც ომები იქნება და არც სხვა უბედურებები.

 

ასევე იხილეთ