”მე და ჩემი ქმარი ნაკლებად ვჩხუბობთ ათას სისულელეზე”

მსახიობ ანკა ვასაძისთვის გასული წლის მთავარი მოვლენა მეორე შვილის, ანასტასიას დაბადება იყო. მალევე კი თეატრს დაუბრუნდა და მაყურებლების წინაშე ახალი როლებით წარდგა.

– ანკა, რა ეტაპია ახლა თქვენს ცხოვრებაში?

– ახლა ჩემს ცხოვრებაში არის ეტაპი, როდესაც ამ ორი წლის განმავლობაში დაგროვილი ემოციები უნდა ამოვხეთქო საქმეში. მზად ვარ ყველანაირი დატვირთული სამუშაოსთვის. მივხვდი, რომ არ შემიძლია, მუშაობის გარეშე ბედნიერი ვიყო.

– ორი შვილი, ქმარი – ეს არის ანკას იდეალური გარემო?

– ორი შვილი, მეუღლე, სიკეთე და სიხარული ოჯახში ნამდვილად არის ის გარემო, რომელიც ჩემთვის იდეალურია. ჩემი ოჯახური ცხოვრებით ძალიან კმაყოფილი ვარ. მე და ჩემს მეუღლეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი ოჯახური ფასეულებები, ამიტომ ნაკლებად ვჩხუბობთ ათას სისულელეზე. ვცდილობთ, ყოველდღიური ურთიერთობებით მეტი ბედნიერება მივიღოთ.

– ანასტასიას დაბადებამ როგორ შეცვალა ატმოსფერო თქვენს ოჯახში?

– ანასტასიამ სულ სხვა ენერგია შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში. როცა პატარა ბავშვია ოჯახში, ყველაფერს ეტყობა უფრო მეტი სითბო და სიხარული. ბევრს ვფიქრობ, რომ ნიკოლოზი არ დამეჩაგროს და მასაც სათანადო დრო და ენერგია დავუთმო. უკვე გარდატეხის ასაკი დაეწყო და სულ სხვანაირი მიდგომა სჭირდება.

ასევე იხილეთ