”ჩემი ქმარი ამბობს, არ ვიცი, ქალი მოვიყვანე ცოლად თუ კაციო”

ციცინო ცხვედიანი ქვეყანაში ერთ-ერთ საუკეთესო ადვოკატად ითვლება სამოქალაქო სამართალში, მისი ქმარი ზურაბ როსტიაშვილი კი სისხლის სამართლის საქმის საუკეთესო სპეციალისტი და ადვოკატია.

წყვილი 40 წელია ერთად არიან. სამი შვილი და ორი შვილიშვილი ჰყავთ. ქალბატონი ციცინო ამბობს, რომ პირად ცხოვრებაში გაუმართლა, მაგრამ საქმიან ცხოვრებას რაც შეეხება, დღემდე ხინჯად აქვს გულში, რომ ხელოვანი არ გახდა და ასევე – მოგზაური ბუნებისმეტყველი.

გაიხსენეთ, როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ამბავი.

– მე და ზურა კურსელები ვიყავით. პირველ კურსზე ვიყავი, მასთან საინგილოში რომ მომიწია წასვლა. მაშინ შეყვარებულები არ ვიყავით. 1980 წელი იყო. იცით, მაშინ როგორი შეგრძნება მქონდა? თითქოს წინა საუკუნეების საქართველოში მოვხვდი. ფილმები რომ არის, დროის მანქანით უკანა დროში რომ გადაისვრიან ხოლმე მთავარ გმირებს, ისეთი შეგრძნება მქონდა.

ზურას სოფელს ალათემური ჰქვია. არის ერთი სოფელი ალიბეგლო, საიდანაც ზურას დედაა და სადაც თავის დროზე პირველი ქართული თეატრი იყო. ალიბეგლოში თუნგებშემოდგმული ქალები რომ დავინახე, წყაროზე რომ მიდიოდნენ გრძელი კაბებით, რომელთა ქვეშაც შარვლები ეცვათ, ვფიქრობდი, საქართველოა, მაგრამ ნეტავ, რომელი საუკუნე-მეთქი. ისე გულმხურვალედ ლოცულობდნენ… მაშინ ვიგრძენი, რომ ქრისტიანი ვიყავი. პატარების მოკრძალება უფროსებისადმი… ისეთი უცნაური იყო ეს ყველაფერი, თავი სიზმარში მეგონა.

და მიზნად დაისახეთ, იმ საქართველოს რძალი გამხდარიყავით?

– არა, აზრადაც არ მომსვლია. ქალაბიჭა ვიყავი, სულ ბიჭებთან ვძმაკაცობდი. მერე კი, ზურამ რომ იფიქრა ჩემზე, მეც ვიფიქრე და მესამე კურსზე რომ გადავედით, მაშინ დავქორწინდით. მეხუთე კურსზე ვიყავით, პირველი შვილი რომ შეგვეძინა.

ორი ძალიან წარმატებული ადვოკატის ოჯახში მუდამ სამართლებრივად ირჩევა ყველაფერი?

– დღემდე არ ვიცი, რატომ ჩავაბარე იურიდიულზე. კარგად ვძერწავდი და მინდოდა, მოქანდაკე ვყოფილიყავი. ჩემი ოცნება ასევე იყო ის, რომ გამოვსულიყავი მოგზაური ბუნებისმეტყველი დარვინივით, თუმცა მაშინ საზღვრები ჩაკეტილი იყო. თუ აფრიკაში, ინდოეთში, სამხრეთ ამერიკასა ან ავსტრალიაში ვერ წავიდოდი, მაშინ რა აზრი ჰქონდა ასეთ პროფესიას.

ძალიან მიყვარს ცხოველები, ქვეწარმავლები – ძაღლი, გველი, ხვლიკი… არაფერი მეზიზღება და არც არაფრის მეშინია.

სკოლა რომ დავამთავრე, 3-4 წელი აღმოსავლეთ ენების სპეციალობაზე, თურქოლოგიაზე ვაბარე, რადგან მაშინ თურქეთი იყო ჩემთვის ეგზოტიკური ქვეყანა. სულ მაკლდებოდა ქულები. ამასობაში მზექალა შანიძესთან 3-ჯერ მივიღე ხუთიანი ისე, რომ არავისთან მოვმზადებულვარ ქართულში. ნაცნობობა ჭრიდა მაშინ და საჩემო ადგილი აღარ რჩებოდა. ავდექი და იურიდიულზე შევიტანე საბუთები. ბუნებით შემოქმედი  მიყვარს კერვა, ქსოვა, ქარგვა… სტუდენტობისას ზურასაც ვუკერავდი პალტოს, ლაბადას, შარვალს…

-40 წლის განმავლობაში რა სირთულეები გადალახეთ ცოლ-ქმარმა ურთიერთობაში?

– სასაცილოა, მაგრამ არასოდეს გვიჩხუბია ისეთ თემებზე, რაზეც, როგორც წესი, სხვა ცოლ-ქმარი ჩხუბობს. რაც გაგავაჩნია, ყველაფერი ჩვენი შრომით მოვიპოვეთ. არასოდეს მიჩხუბია იმის გამო, რაღაც რატომ არ გვქონდა, რადგან ძალიან კარგად ვიცოდი, ვის მივყვებოდი და რა შეეძლო. ამავე დროს, ჩემი თავის იმედიც მქონდა. ვმუშაობდი, ბავშვებს ვუვლიდი და ზურასაც არასოდეს უთქვამს, ოჯახში რაღაც წესრიგში რატომ არ იყო.

სამაგიეროდ, რაზეც ერთმანეთი დაგვიხოცავს, იურიდიული საკითხებია. მე ვეუბნებოდი, ასეა-მეთქი, ზურა ამბობდა, არა ისეაო და დავცხ

პოლიტიკის გამოც ჩხუბობთ?

– არა, არც ერთს გვაინტერესებს პოლიტიკა. ჩემს 91 წლის დედას უკვირს ხოლმე, რატომ არ ვუყურებთ საინფორმაციო გამოშვებებს.

ზურა ამბობს ჩემზე, არ ვიცი, ქალი მოვიყვანე ცოლად თუ კაციო და, იცით, რატომ? ბავშვობიდან ჩემი ჰობი თევზაობაა. ერთი სული მაქვს, როდის მოვა ზაფხული, რომ წავიდე სათევზაოდ. არ დამყვება ზურა და მარტო დავდივარ. მეთევზე კაცები გიჟდებიან, ჩვენ რომ დავდივართ სათევზაოდ, ჩვენს ცოლებს ესეც არ მოსწონთ და ეს კიდევ ქალი დადის, როგორ არ უყვარს ამის ქმარს თევზაობაო. მეთევზეთა სათემოში ისეთი მიღებული ვარ და ისე უხარიათ ჩემი არსებობა. სამაგიეროდ, ჩემს ქმარს ჩემი დაჭერილი თევზის მირთმევა უყვარს.

როგორ თვლით, ბედნიერი ქალი ხართ, საქმესა და პირადში გაგიმართლათ?

– პირად ცხოვრებაში გამიმართლა ნამდვილად, მაგრამ დღემდე ვერ ვხვდები, რად მინდოდა ადვოკატურა. მე მოგზაური ბუნებისმეტყველი უნდა ვყოფილიყავი.

 

ასევე იხილეთ